დაბადება — ახალი ქვეყნიერების თარგმანი*

იტვირთება წინა თავი

თავი 46

  1. 1
    დაიძრა ისრაელი და ყველა მისიანი; მივიდნენ ბეერშებაში და მან თავისი მამის, ისაკის ღმერთს მსხვერპლი შესწირა.
  2. 2
    ელაპარაკა ღმერთი ღამის ხილვაში ისრაელს და უთხრა: „იაკობ, იაკობ!“ მან მიუგო: „აქა ვარ!“
  3. 3
    ღმერთმა უთხრა: „მე ვარ ჭეშმარიტი ღმერთი, მამაშენის ღმერთი. ნუ გეშინია ეგვიპტეში ჩასვლის, რადგან იქ გაქცევ დიდ ხალხად.
  4. 4
    შენთან ერთად წამოვალ ეგვიპტეში და მე თვითონ გამოგიყვან. იოსები თავისი ხელით დაგიხუჭავს თვალებს“.
  5. 5
    გამოვიდა იაკობი ბეერშებადან. ისრაელის ვაჟებს თავიანთი მამა, იაკობი და თავიანთი ცოლშვილი ურმებით მოჰყავდათ, რომლებიც ფარაონმა გაუგზავნა მას სამგზავროდ.
  6. 6
    წაასხეს საქონელი და წაიღეს ქანაანის მიწაზე დაგროვილი ქონება. ბოლოს ჩავიდნენ ეგვიპტეში იაკობი და მისი შთამომავლობა.
  7. 7
    თან ჩაიყვანა ეგვიპტეში თავისი ვაჟებიცა და მათი ვაჟებიც, თავისი ასულებიცა და თავისი ვაჟების ასულებიც, მთელი თავისი შთამომავლობა.
  8. 8
    ისრაელის ანუ იაკობის ვაჟები, რომლებიც ეგვიპტეში ჩავიდნენ, იყვნენ: რეუბენი - იაკობის პირმშო.
  9. 9
    რეუბენის ვაჟები იყვნენ: ხანოქი, ფალუ, ხეცრონი და ქარმი.
  10. 10
    სიმონის ვაჟები იყვნენ: იემუელი, იამინი, ოჰადი, იაქინი, ცოხარი და შაული, ქანაანელი ქალის ვაჟი.
  11. 11
    ლევის ვაჟები იყვნენ: გერშონი, კეჰათი და მერარი.
  12. 12
    იუდას ვაჟები იყვნენ: ერი, ონანი, შელახი, ფერეცი და ზერახი; მაგრამ ერი და ონანი ქანაანის მიწაზე დაიხოცნენ. ფერეცის ვაჟები იყვნენ: ხეცრონი და ხამული.
  13. 13
    ისაქარის ვაჟები იყვნენ: თოლა, ფუვა, იობი და შიმრონი.
  14. 14
    ზებულონის ვაჟები იყვნენ: სერედი, ელონი და იახლელი.
  15. 15
    ესენი არიან ლეას ვაჟები, რომლებიც მან იაკობს ფადანარამში გაუჩინა; იქ გაუჩინა მისი ასული დინაც. ყველა მისი ვაჟი და ასული ოცდაცამეტი სული იყო.
  16. 16
    გადის ვაჟები იყვნენ: ციფიონი, ხაგი, შუნი, ეცბონი, ერი, აროდი და არელი.
  17. 17
    აშერის ვაჟები იყვნენ: იმნაჰი, იშვა, იშვი, ბერია. მათი და იყო სერა. ბერიას ვაჟები იყვნენ: ხებერი და მალქიელი.
  18. 18
    ესენი არიან ზილფას ვაჟები, რომელიც ლაბანმა გააყოლა თავის ასულ ლეას. იაკობს მან თექვსმეტი სული გაუჩინა.
  19. 19
    იაკობის ცოლის, რახელის ვაჟები იყვნენ: იოსები და ბენიამინი.
  20. 20
    იოსებს ეგვიპტის მიწაზე შეეძინა მენაშე და ეფრემი, რომლებიც მას ონის ქურუმის, ფოტიფერას ასულმა, ასენათმა გაუჩინა.
  21. 21
    ბენიამინის ვაჟები იყვნენ: ბელა, ბექერი, აშბელი, გერა, ნაამანი, ეხი, როში, მუფიმი, ხუფიმი და არდი.
  22. 22
    ესენი არიან რახელის ვაჟები, რომლებიც იაკობს შეეძინა. სულ თოთხმეტი სული.
  23. 23
    დანის ვაჟები იყვნენ: ხუშიმი...
  24. 24
    ნაფთალის ვაჟები იყვნენ: იახცეელი, გუნი, იეცერი და შილემი.
  25. 25
    ესენი არიან ბილჰას ვაჟები, რომელიც ლაბანმა გააყოლა თავის ასულ რახელს. მან იაკობს შვიდი სული გაუჩინა.
  26. 26
    ყველა სული, რომლებიც იაკობს ეგვიპტეში ჰყავდა, მისი საზარდულიდან გამოვიდა იაკობის ვაჟების ცოლების გარდა. სულ იყო სამოცდაექვსი სული.
  27. 27
    იოსებს ეგვიპტეში ორი ვაჟი შეეძინა. იაკობის მთელი სახლეულობა, რომელიც ეგვიპტეში ჩავიდა, სულ სამოცდაათი სული იყო.
  28. 28
    გაუგზავნა მან იუდა იოსებს, რომ წინასწარ ჩაეტანა ამბავი გოშენში. ჩავიდნენ ისინი გოშენის მიწაზე.
  29. 29
    მოამზადებინა იოსებმა თავისი ეტლი და წავიდა გოშენში ისრაელთან, მამამისთან შესახვედრად. როცა დაინახა იგი, მაშინვე კისერზე შემოეხვია და დიდხანს ტიროდა მის კისერზე.
  30. 30
    ისრაელმა უთხრა იოსებს: „ახლა თუნდაც მოვკვდე, რადგან დავინახე შენი სახე, რომ ცოცხალი ხარ“.
  31. 31
    იოსებმა უთხრა თავის ძმებს და მამამისის სახლეულობას: „წავალ, შევატყობინებ ფარაონს: ჩემი ძმები და მამაჩემის სახლეულობა, რომლებიც ქანაანის მიწაზე იყვნენ, ახლა ჩემთან ჩამოვიდნენ.
  32. 32
    მწყემსები არიან ისინი, მესაქონლეობას მისდევენ. თან ჩამოიყვანეს თავიანთი ცხვარძროხა და წამოიღეს მთელი ქონება.
  33. 33
    ფარაონი რომ მოგიხმობთ და გკითხავთ, რა საქმეს მისდევთო,
  34. 34
    უთხარით, შენი მსახურები, ჩვენც და ჩვენი წინაპრებიც, ბავშვობიდან მესაქონლეობას მისდევენთქო, რათა დასახლდეთ გოშენის მიწაზე, რადგან სისაძაგლეა ეგვიპტისთვის ყველა მეცხვარე“.
იტვირთება შემდეგი თავი
დაბადება 46 — ახალი ქვეყნიერების თარგმანი* · სიტყვა