დაბადება — ახალი ქვეყნიერების თარგმანი*
იტვირთება წინა თავი
თავი 45
- 1თავი ვეღარ შეიკავა იოსებმა მათ წინაშე, ვინც მასთან იდგა, და დაიყვირა: „ყველანი გადით აქედან!“ არავინ იდგა მასთან, როცა იოსებმა ძმებს თავისი ვინაობა გაუმხილა.
- 2ისე ხმამაღლა ატირდა, რომ გაიგეს ეგვიპტელებმა და ფარაონის სახლმა.
- 3ბოლოს უთხრა იოსებმა თავის ძმებს: „იოსები ვარ. ცოცხალია მამაჩემი?“ შეძრწუნდნენ მისი ძმები და ვეღარაფერი უპასუხეს.
- 4იოსებმა თავის ძმებს სთხოვა: „მოდით ჩემთან“. ისინიც მივიდნენ. შემდეგ უთხრა: "იოსები ვარ, თქვენი ძმა, ეგვიპტეში რომ გაყიდეთ.
- 5მაგრამ ახლა ნუ დამწუხრდებით და ნუ განრისხდებით საკუთარ თავზე, აქ რომ გამყიდეთ, რადგან ღმერთმა სიცოცხლის გადასარჩენად გამომგზავნა თქვენზე წინ.
- 6უკვე მეორე წელია, რაც შიმშილობაა დედამიწაზე და კიდევ ხუთ წელიწადს არ იქნება ხვნა და მკა.
- 7ღმერთმა გამომგზავნა თქვენზე წინ, რათა დარჩეთ დედამიწაზე და იცოცხლოთ დიდებული ხსნის წყალობით.
- 8აქ თქვენ კი არ გამომგზავნეთ, არამედ ჭეშმარიტმა ღმერთმა, რომ დავენიშნე ფარაონის მამად, მთელი მისი სახლის ბატონად და მთელი ეგვიპტის მიწის მბრძანებლად.
- 9ჩქარა წადით მამაჩემთან და უთხარით, აი რა დაგვაბარა შენმა ვაჟმა, იოსებმათქო: „ღმერთმა მთელი ეგვიპტის ბატონად დამნიშნა. ჩამოდი, ნუ დააყოვნებ.
- 10იცხოვრე გოშენის მიწაზე, ჩემთან ახლოს, შენ, შენმა ვაჟებმა, შენი ვაჟების ვაჟებმა, შენმა ცხვარძროხამ, მთელი შენი საბადებლითურთ.
- 11მე მოგამარაგებ იქ საკვებით, რათა არ გაღატაკდეთ შენ, შენი სახლეულობა და შენი საბადებელი, რადგან კიდევ ხუთ წელიწადს იქნება შიმშილობა“.
- 12ახლა თქვენ და ჩემი ძმა ბენიამინი საკუთარი თვალით ხედავთ, რომ ჩემი ბაგეებით გელაპარაკებით.
- 13ამიტომ მოუყევით მამაჩემს მთელი ჩემი დიდების შესახებ ეგვიპტეში და იმ ყოველივეს შესახებ, რაც იხილეთ. იჩქარეთ და ჩამომიყვანეთ მამაჩემი".
- 14კისერზე მოეხვია იგი ბენიამინს, თავის ძმას და ატირდა; ბენიამინიც ტიროდა მის კისერზე.
- 15აკოცა თავის ძმებს და ტიროდა; შემდეგღა დაელაპარაკნენ მას მისი ძმები.
- 16გავრცელდა ეს ამბავი ფარაონის სახლში, ამბობდნენ, იოსების ძმები ჩამოსულანო. მოეწონათ ეს ფარაონსა და მის მსახურებს.
- 17ფარაონმა იოსებს უთხრა: „უთხარი შენს ძმებს, ასე გააკეთეთთქო: დატვირთეთ პირუტყვები და წადით ქანაანის მიწაზე,
- 18წამოიყვანეთ მამათქვენი, თქვენი სახლეულობა და ჩემთან ჩამოდით, რათა მოგცეთ ყოველივე კარგი ეგვიპტის მიწაზე და ჭამოთ ამ მიწის საუკეთესო ნაყოფი.
- 19ასე გააკეთეთ: წაიყვანეთ ურმები ეგვიპტის მიწიდან თქვენი ცოლშვილისთვის; ერთით მამათქვენი წამოიყვანეთ და ჩამოდით.
- 20ნუ დაგენანებათ თქვენი ქონება, რადგან ყოველივე კარგი ეგვიპტის მიწაზე თქვენი იქნება“.
- 21ისრაელის ვაჟებიც ასე მოიქცნენ. მისცა იოსებმა მათ ურმები ფარაონის ბრძანებისამებრ და საგზალიც გაატანა.
- 22თითოეულს თითო მოსასხამი მისცა, ხოლო ბენიამინს - სამასი ვერცხლი და ხუთი მოსასხამი.
- 23ჩამოსასვლელად მამამისს გაუგზავნა ეგვიპტის დოვლათით დატვირთული ათი მამალი ვირი და მარცვლეულით, პურითა და საჭმლით დატვირთული ათი ჭაკი ვირი.
- 24გაგზავნა თავისი ძმები და ისინიც წავიდნენ. უთხრა მათ: „ნუ იდავებთ გზაში“.
- 25წამოვიდნენ ეგვიპტიდან და მივიდნენ ქანაანის მიწაზე იაკობთან, თავიანთ მამასთან.
- 26შეატყობინეს მას: „ცოცხალია იოსები, მთელი ეგვიპტის მიწის მბრძანებელია!“ გული აუთრთოლდა მას, არ სჯეროდა.
- 27ყველაფერი რომ უთხრეს, რაც იოსებმა დააბარა, და თან დაინახა ურმები, რომლებიც იოსებს მის წასაყვანად გაეგზავნა, გაუცოცხლდა სული მათ მამას, იაკობს.
- 28თქვა ისრაელმა: „კმარა! ცოცხალია იოსები, ჩემი შვილი! წავალ და ვნახავ, სანამ მოვკვდები!“
იტვირთება შემდეგი თავი