დაბადება — ახალი ქვეყნიერების თარგმანი*
იტვირთება წინა თავი
თავი 44
- 1უბრძანა მან იმ კაცს, რომელიც მის სახლზე იყო დაყენებული: „აუვსე ამ კაცებს ტომრები საკვებით, რამდენის წაღებასაც შეძლებენ, და თითოეულს თავის ტომარაში ჩაუდე თავისი ფული,
- 2ჩემი ვერცხლის სასმისი კი უმცროსს ჩაუდე ტომარაში მარცვლეულის ფულთან ერთად“. მანაც ისე გააკეთა, როგორც იოსებმა უთხრა.
- 3გათენებისას გაუშვეს ის კაცები თავიანთი ვირებით.
- 4გავიდნენ ქალაქიდან. შორს არ იყვნენ წასულები, როცა იოსებმა თავის სახლზე დაყენებულ კაცს უთხრა: "ადექი! დაედევნე იმ კაცებს, დაეწიე და უთხარი: „რატომ გადაგვიხადეთ სიკეთე ბოროტებით?
- 5ეს ხომ ჩემი ბატონის სასმისია, რითაც ზუსტად მისნობს?! ცუდად მოიქეცით".
- 6ისიც დაეწია მათ და უთხრა ეს სიტყვები.
- 7მათ მიუგეს: „რატომ ამბობს ჩვენი ბატონი ასეთ სიტყვებს? არ იზამდნენ ამას შენი მსახურები.
- 8ჩვენ ხომ ქანაანის მიწიდან უკან წამოვიღეთ ჩვენს ტომრებში ნაპოვნი ფული. როგორღა მოვიპარავდით ვერცხლს ან ოქროს შენი ბატონის სახლიდან?
- 9მოკვდეს შენი მონებიდან იგი, ვისაც ის აღმოაჩნდება, და ჩვენც ჩვენი ბატონის მონები გავხდებით“.
- 10მან თქვა: „თქვენი სიტყვისამებრ იყოს. ვისაც ის აღმოაჩნდება, ჩემი მონა გახდება, დანარჩენები კი უდანაშაულოები იქნებით“.
- 11სწრაფად ჩამოიღეს თავთავიანთი ტომრები და გახსნა თითოეულმა თავისი.
- 12საგულდაგულოდ დაიწყო მან ძებნა; უფროსით დაიწყო და უმცროსით დაამთავრა. ბოლოს ის სასმისი ბენიამინის ტომარაში იპოვა.
- 13შემოიხიეს მოსასხამები, ისევ აჰკიდეს ტვირთი თავთავიანთ ვირებს და ქალაქში დაბრუნდნენ.
- 14შევიდნენ იუდა და მისი ძმები იოსების სახლში. ის ჯერ კიდევ იქ იყო; და დაემხვნენ მიწაზე მის წინაშე.
- 15იოსებმა უთხრა მათ: „ეს რა ჩაიდინეთ?! არ იცოდით, რომ ჩემნაირი კაცი ზუსტად მისნობს?!“
- 16იუდამ მიუგო: „რაღა ვუპასუხოთ ჩვენს ბატონს?! რა ვთქვათ, როგორ დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე?! ჭეშმარიტმა ღმერთმა გამოააშკარავა შენი მონების დანაშაული. ჩვენი ბატონის მონები ვართ ჩვენც და ისიც, ვისაც სასმისი აღმოაჩნდა!“
- 17მან თქვა: „ამას ვერ ვიზამ! ის გახდება ჩემი მონა, ვისაც სასმისი აღმოაჩნდა, დანარჩენები კი მშვიდობით წადით მამათქვენთან“.
- 18მივიდა მასთან იუდა და სთხოვა: "გევედრები, ჩემო ბატონო, ათქმევინე სიტყვა შენს მონას და მოისმინოს ჩემმა ბატონმა; ნუ აენთება შენი რისხვა შენს მონაზე, რადგან ფარაონის ტოლი კაცი ხარ.
- 19ჩემმა ბატონმა ჰკითხა თავის მონებს, მამა ან ძმა თუ გყავთო.
- 20ჩვენ მივუგეთ ჩვენს ბატონს: „გვყავს მოხუცებული მამა, რომელსაც ჰყავს სიბერის შვილი, ყველაზე უმცროსი. მაგრამ მისი ძმა მკვდარია და ისღა დარჩა მისი დედისგან; მამას გამორჩეულად უყვარს იგი“.
- 21შემდეგ შენ უთხარი შენს მონებს, ჩამომიყვანეთ, რომ თვალით ვნახოო.
- 22ჩვენ კი მივუგეთ ჩვენს ბატონს: „ყმაწვილი ვერ დატოვებს მამამისს. თუ დატოვებს, მოკვდება მამამისი“.
- 23შემდეგ შენ უთხარი შენს მონებს, თუ არ ჩამოიყვანთ თქვენს უმცროს ძმას, ვეღარ იხილავთო ჩემს სახეს.
- 24მივედით მამაჩვენთან, შენს მონასთან, და გადავეცით ჩვენი ბატონის სიტყვები.
- 25მამაჩვენმა გვითხრა: „დაბრუნდით, ცოტა საკვები კიდევ გვიყიდეთ“.
- 26მაგრამ ჩვენ მივუგეთ: „ვერ წავალთ, თუ ჩვენი უმცროსი ძმა ჩვენთან ერთად არ წამოვა, რადგან ვერ ვიხილავთ იმ კაცის სახეს, თუ ჩვენი უმცროსი ძმა ჩვენთან ერთად არ იქნება“.
- 27მამაჩვენმა კი, შენმა მონამ, გვითხრა: „კარგად იცით, რომ ჩემმა ცოლმა მხოლოდ ორი ვაჟი გამიჩინა.
- 28ერთი წავიდა ჩემგან და ვთქვი, უეჭველად ნაფლეთებად არისმეთქი ქცეული, და დღემდე არ მინახავს.
- 29თუ ამასაც წაიყვანთ და რაიმე უბედურება შეემთხვევა, სამარეში ჭაღარას ჩამიყვანთ, გაუბედურებულს“.
- 30ახლა კი, როცა ჩავალ შენს მსახურთან, მამაჩემთან, ყმაწვილის გარეშე, რომლის სულიც შეკრულია მის სულთან,
- 31და როგორც კი დაინახავს, რომ ყმაწვილი იქ არ იქნება, მოკვდება იგი და შენი მონები შენს მონას, მამაჩვენს, მწუხარებით ჩაიყვანენ ჭაღარას სამარეში.
- 32შენი მონა თავდებად დაუდგა ყმაწვილს, როცა მამამისისგან მოდიოდა, და უთხრა: „თუ უკან არ ჩამოგიყვანე, სამუდამოდ ვიქნები დამნაშავე მამაჩემის წინაშე“.
- 33ამიტომ, გთხოვ, ჩემო ბატონო, ამ ყმაწვილის მაგივრად მე ვიქნები შენი მონა, რათა ის თავის ძმებთან ერთად წავიდეს.
- 34როგორ მივიდე მამაჩემთან ამ ყმაწვილის გარეშე და ვუყურო მამაჩემის უბედურებას?!"
იტვირთება შემდეგი თავი