დაბადება — ახალი ქვეყნიერების თარგმანი*
იტვირთება წინა თავი
თავი 43
- 1დიდი შიმშილობა იყო იმ ქვეყანაში.
- 2ეგვიპტიდან ჩამოტანილი მარცვლეული რომ გაუთავდათ, უთხრა მათ მამამ: „დაბრუნდით და ცოტა საკვები კიდევ იყიდეთ ჩვენთვის“.
- 3იუდამ უთხრა მას: „იმ კაცმა მკაცრად გაგვაფრთხილა, ვერ იხილავთ ჩემს სახეს, თუ თქვენი ძმა თქვენთან არ იქნებაო.
- 4თუ გამოუშვებ ჩვენს ძმას, მაშინ ჩავალთ და გიყიდით საკვებს,
- 5მაგრამ თუ არ გამოუშვებ, არ ჩავალთ, რადგან იმ კაცმა გვითხრა, ვერ იხილავთ ჩემს სახეს, თუ თქვენი ძმა თქვენთან არ იქნებაო“.
- 6ისრაელმა წამოიძახა: „რატომ მიბოროტეთ და რატომ უთხარით იმ კაცს, რომ კიდევ გყავდათ ძმა?“
- 7მათ მიუგეს: „იმ კაცმა პირდაპირ გვკითხა ჩვენზე და ჩვენს ნათესავებზე: ცოცხალიაო მამათქვენი? კიდევ გყავთო ძმა? ჩვენც, როგორც იყო, ისე ვუთხარით. რა ვიცოდით, თუ გვეტყოდა, თქვენი ძმა ჩამოიყვანეთო?!“
- 8ბოლოს იუდამ უთხრა მამამისს, ისრაელს: „გამაყოლე ყმაწვილი. ავდგებით და წავალთ, რომ ვიცოცხლოთ და არ ამოვწყდეთ არც ჩვენ, არც შენ და არც ჩვენი ბავშვები.
- 9მე დავუდგები თავდებად და მე დამაკისრე სასჯელი; თუ არ ჩამოგიყვანო და შენ წინაშე არ დავაყენო, მაშინ სამუდამოდ ვიქნები დამნაშავე შენ წინაშე.
- 10რომ არ დავყოვნებულიყავით, აქამდე ორჯერ წავიდოდით და ჩამოვიდოდით“.
- 11უთხრა მათ ისრაელმა, მათმა მამამ: „თუ ასეა, მაშინ ასე მოიქეცით: წაიღეთ თქვენი ტომრებით ამ მიწის საუკეთესო ნაყოფი, ჩაიტანეთ და მიართვით იმ კაცს ცოტა ბალზამი, ცოტა თაფლი, საკმელი, ხის ფისიანი ქერქი, ფსტა და ნუში.
- 12წაიღეთ ორმაგი ფული და ის ფულიც, ტომრებში რომ ეწყო. იქნებ რაღაც შეცდომა იყო.
- 13წაიყვანეთ თქვენი ძმა და წადით იმ კაცთან.
- 14ყოვლისშემძლე ღმერთი დაგეხმაროთ, რომ შეებრალოთ იმ კაცს და გაგითავისუფლოთ თქვენი ძმა და ბენიამინი, მაგრამ თუ უნდა დავკარგო შვილები, დავკარგო!“
- 15მათაც აიღეს ძღვენი, წაიღეს ორმაგი ფული, წაიყვანეს ბენიამინი, დაადგნენ ეგვიპტის გზას და წარდგნენ იოსების წინაშე.
- 16იოსებმა ბენიამინი რომ დაინახა, მაშინვე უთხრა თავის სახლზე დაყენებულ კაცს: „სახლში წაიყვანე ეს კაცები, დაკალი საქონელი და მოამზადე, რადგან შუადღისას ჩემთან ერთად უნდა ჭამონ მათ“.
- 17მაშინვე ისე გააკეთა იმ კაცმა, როგორც იოსებმა უთხრა, და იოსების სახლში წაიყვანა ისინი.
- 18შეეშინდათ მათ, იოსების სახლში რომ წაიყვანეს, და თქვეს: „ალბათ იმ ფულის გამო მოგვიყვანეს აქ, მაშინ რომ ჩაგვიდეს ტომრებში, რათა დაგვეცნენ, თავს დაგვესხან, დაგვიმონონ და ვირებიც წაგვართვან!“
- 19სახლის შესასვლელთან მიმართეს იმ კაცს, იოსების სახლზე რომ იყო დაყენებული,
- 20და უთხრეს: „ბატონო! ჩვენ საკვების საყიდლად ვიყავით ჩამოსული,
- 21მაგრამ ღამის გასათევ ადგილას რომ მივედით და ჩვენი ტომრები გავხსენით, უკლებლივ აღმოვაჩინეთ ჩვენი ფული. ახლა ჩვენი ხელით გვინდა, დავაბრუნოთ,
- 22საკვების საყიდლად კი სხვა ფული წამოვიღეთ. ჩვენ ნამდვილად არ ვიცით, ვინ ჩაგვიდო ფული ტომრებში“.
- 23მან უთხრა: „ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად არის. თქვენმა და მამათქვენის ღმერთმა ჩაგიდოთ განძი ტომრებში. თქვენი ფული ჩემამდე მოვიდა“. შემდეგ გამოუყვანა მათ სიმონი.
- 24შეიყვანა იმ კაცმა ისინი იოსების სახლში და ფეხების დასაბანად წყალი მისცა, მათ ვირებს კი - საკვები.
- 25შუადღისას იოსების მოსვლისთვის ძღვენი გაამზადეს, რადგან გაიგეს, რომ იქ უნდა ეჭამათ პური.
- 26სახლში რომ შევიდა იოსები, მიართვეს ძღვენი, რომელიც თან ჰქონდათ, და მიწაზე დაემხვნენ მის წინაშე.
- 27შემდეგ გამოჰკითხა მათ, მშვიდობით იყვნენ თუ არა: „ხომ მშვიდობით არის მამათქვენი, მოხუცებული კაცი, თქვენ რომ მელაპარაკებოდით? ხომ ცოცხალია?“
- 28მათ მიუგეს: „მშვიდობით არის შენი მსახური, მამაჩვენი. ცოცხალია იგი“. დაემხვნენ და მდაბლად თაყვანი სცეს.
- 29როცა აიხედა მან და დაინახა თავისი ძმა, ბენიამინი, დედამისის ვაჟი, ჰკითხა მათ: „ეს არის თქვენი უმცროსი ძმა, რომელზეც მელაპარაკებოდით?“ შემდეგ უთხრა: „ღმერთმა გიყოს წყალობა, შვილო“.
- 30აფორიაქდა იოსები, რადგან გულღვიძლი დაეწვა თავისი ძმის დანახვაზე, და ადგილს დაუწყო ძებნა, რომ ეტირა. შევიდა შიდა ოთახში და იქ ატირდა.
- 31შემდეგ სახე მოიბანა, გავიდა, თავი ხელში აიყვანა და თქვა: „მოგვართვით საჭმელი“.
- 32ცალცალკე მიართვეს მას, მათაც და ეგვიპტელებსაც, რომლებიც მასთან ერთად ჭამდნენ, რადგან არ ჭამდნენ ეგვიპტელები ებრაელებთან ერთად, ვინაიდან სისაძაგლეა ეს ეგვიპტელთათვის.
- 33ისინი მის პირისპირ დასხეს, ჯერ პირმშო თავისი პირმშოობის უფლების მიხედვით და ბოლოს უმცროსი უმცროსობის წესის მიხედვით; გაოცებულები უყურებდნენ ერთმანეთს.
- 34აწოდებინებდა ის მათთვის ულუფებს, მაგრამ ბენიამინს ხუთჯერ მეტ ულუფას უგზავნიდა. ბოლომდე მასთან ერთად ჭამეს და სვეს.
იტვირთება შემდეგი თავი