დაბადება — ახალი ქვეყნიერების თარგმანი*

იტვირთება წინა თავი

თავი 42

  1. 1
    გაიგო იაკობმა, რომ ეგვიპტეში იყო მარცვლეული. უთხრა იაკობმა თავის ვაჟებს: „რას უყურებთ ერთმანეთს?
  2. 2
    გავიგე, ეგვიპტეში ყოფილა მარცვლეული. ჩადით და იქ გვიყიდეთ, რომ ცოცხლები დავრჩეთ და არ ამოვწყდეთ“.
  3. 3
    ჩავიდა ეგვიპტეში იოსების ათი ძმა მარცვლეულის საყიდლად.
  4. 4
    მაგრამ იოსების ძმა, ბენიამინი, არ გაუშვა იაკობმა ძმებთან ერთად, რადგან თქვა, რაიმე უბედურება არ შეემთხვესო.
  5. 5
    ისრაელის ვაჟები სხვებთან ერთად მივიდნენ საყიდლად, რადგან შიმშილობა იყო ქანაანის მიწაზე.
  6. 6
    იოსებს ჰქონდა ძალაუფლება იმ ქვეყანაში. ის ყიდდა მარცვლეულს მთელი დედამიწის ხალხზე. მივიდნენ იოსების ძმები, მდაბლად თაყვანი სცეს მას და პირქვე დაემხვნენ მიწაზე.
  7. 7
    დაინახა თუ არა, მაშინვე იცნო იოსებმა ძმები, მაგრამ თავისი ვინაობა არ გაუმხილა. მკაცრად დაელაპარაკა და უთხრა: „საიდან მოხვედით?“ რაზეც მიუგეს: „ქანაანის მიწიდან, საკვების საყიდლად“.
  8. 8
    იცნო იოსებმა ძმები, მაგრამ მათ ვერ იცნეს იგი.
  9. 9
    მაშინვე გაახსენდა იოსებს სიზმრები, მათზე რომ იხილა, და უთხრა: „მზვერავები ხართ! ამ მიწის დაუცველი ადგილების სანახავად ხართ მოსულები!“
  10. 10
    მათ მიუგეს: „არა, ჩემო ბატონო, შენი მსახურები საკვების საყიდლად მოვიდნენ.
  11. 11
    ჩვენ ყველანი ერთი კაცის შვილები ვართ. მართალი ხალხი ვართ. შენი მსახურები არ არიან მზვერავები“.
  12. 12
    მან კი უთხრა: „არა! იმიტომ მოხვედით, რომ ამ მიწის დაუცველი ადგილები ნახოთ!“
  13. 13
    მათ მიუგეს: „შენი მსახურები თორმეტი ძმანი არიან. ქანაანის მიწაზე მცხოვრები ერთი კაცის შვილები ვართ. უმცროსი მამაჩვენთან დარჩა, ერთი კი აღარა გვყავს“.
  14. 14
    იოსებმა უთხრა: „ასეა, როგორც გეუბნებით: მზვერავები ხართმეთქი.
  15. 15
    აი, როგორ გამოიცდებით. ცოცხალია ფარაონი, ვერ წახვალთ აქედან, სანამ თქვენს უმცროს ძმას არ მომიყვანთ.
  16. 16
    გაგზავნეთ ერთი თქვენგანი თქვენი ძმის მოსაყვანად, დანარჩენები კი დატყვევებული იქნებით, რათა გამოიცადოს თქვენი სიტყვების ჭეშმარიტება. თუ არადა, ცოცხალია ფარაონი, მზვერავები ხართ“.
  17. 17
    სამ დღეს ჰყავდა ყველა ერთად დაპატიმრებული.
  18. 18
    უთხრა მათ იოსებმა მესამე დღეს: „ასე გააკეთეთ და იცოცხლებთ. მე ჭეშმარიტი ღვთის შიში მაქვს.
  19. 19
    თუ მართლები ხართ, დარჩეს ერთერთი თქვენი ძმა საპატიმროში, დანარჩენები კი წადით და წაიღეთ მარცვლეული თქვენთქვენს სახლებში, რადგან შიმშილობაა.
  20. 20
    მომიყვანეთ თქვენი უმცროსი ძმა, რომ სარწმუნო იყოს თქვენი სიტყვები, და არ მოკვდებით“. ისინიც ასე მოიქცნენ.
  21. 21
    ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „უეჭველად დამნაშავეები ვართ ჩვენი ძმის გამო, რადგან ვხედავდით, როგორ იტანჯებოდა მისი სული, როცა შებრალებას გვთხოვდა, მაგრამ ჩვენ არ მოვუსმინეთ. ამიტომაც დაგვატყდა თავს ეს უბედურება“.
  22. 22
    რეუბენმა უთხრა მათ: „ხომ გეუბნებოდით, ბავშვის წინააღმდეგ ნუ შესცოდავთმეთქი, მაგრამ თქვენ არ მომისმინეთ. ახლა მოგვეკითხა მისი სისხლი“.
  23. 23
    თარჯიმანი იყო მათთან და ამიტომ ეგონათ, რომ არ ესმოდა იოსებს.
  24. 24
    გავიდა იგი და ატირდა. შემდეგ ისევ მივიდა მათთან და დაელაპარაკა. გამოიყვანა სიმონი და მათ თვალწინ შებორკა.
  25. 25
    გასცა იოსებმა ბრძანება, რომ მარცვლეულით აევსოთ მათი ტომრები, ფულიც უკან ჩაედოთ თითოეულის ტომარაში და საგზალიც მიეცათ. ასეც გააკეთეს.
  26. 26
    დატვირთეს მარცვლეულით თავიანთი ვირები და გაუდგნენ გზას.
  27. 27
    ღამის გასათევ ადგილზე გახსნა ერთერთმა ტომარა, ვირისთვის საკვები რომ მიეცა, და დაინახა ტომარაში თავისი ფული.
  28. 28
    უთხრა მან ძმებს: „დაუბრუნებიათ ჩემი ფული და, აი, ჩემს ტომარაშია!“ გულს შემოეყარათ და ერთმანეთს აკანკალებულები ეუბნებოდნენ: „ეს რა გვიყო ღმერთმა!“
  29. 29
    მივიდნენ თავიანთ მამასთან, იაკობთან, ქანაანის მიწაზე და ყველაფერს მოუყვნენ, რაც თავს გადახდათ:
  30. 30
    "იმ ქვეყნის ბატონი მკაცრად გველაპარაკა, რადგან მზვერავებად ჩაგვთვალა.
  31. 31
    მაგრამ ვუთხარით: „ჩვენ მართალი ხალხი ვართ, არა ვართ მზვერავები.
  32. 32
    თორმეტი ძმანი ვართ, მამაჩვენის შვილები. ერთი აღარ არის, უმცროსი კი მამაჩვენთან დარჩა ქანაანის ქვეყანაში“.
  33. 33
    მაგრამ იმ ქვეყნის ბატონმა გვითხრა: „აი, რით გავიგებ, მართლები ხართ თუ არა: ერთი თქვენი ძმა აქ დარჩეს, თქვენ კი წაიღეთ რამე და წადით თქვენთქვენს სახლებში, რადგან შიმშილობაა.
  34. 34
    მომიყვანეთ თქვენი უმცროსი ძმა, რათა გავიგო, რომ მზვერავები კი არა, მართალი ხალხი ხართ. დაგიბრუნებთ თქვენს ძმას და ივაჭრეთ ამ ქვეყანაში".
  35. 35
    როცა ტომრებს ცლიდნენ, ყველამ ნახა თავის ტომარაში ფულით სავსე ქისა. მათმა მამამაც ნახა ფულით სავსე ქისები და შეეშინდათ.
  36. 36
    იაკობმა, მათმა მამამ, უთხრა: „შვილები დამაკარგვინეთ! იოსები აღარ არის, აღარც სიმონია და ბენიამინის წაყვანასაც აპირებთ. ყველაფერი მე დამატყდა თავს!“
  37. 37
    რეუბენმა უთხრა მამას: „ორივე ვაჟი მომიკალი, თუ არ დაგიბრუნო იგი. მე ჩამაბარე და მევე დაგიბრუნებ მას“.
  38. 38
    მაგრამ მან თქვა: „არ წამოვა ჩემი ვაჟი თქვენთან ერთად, რადგან მკვდარია მისი ძმა და მარტოა დარჩენილი. თუ რაიმე უბედურება შეემთხვევა გზაზე, მაშინ მწუხარებით ჩამიყვანთ ჭაღარას სამარეში“.
იტვირთება შემდეგი თავი
დაბადება 42 — ახალი ქვეყნიერების თარგმანი* · სიტყვა