დაბადება — ახალი ქვეყნიერების თარგმანი*
იტვირთება წინა თავი
თავი 41
- 1გავიდა ორი სრული წელიწადი. ფარაონმა სიზმარი ნახა, რომ მდინარე ნილოსის პირას იდგა.
- 2მდინარე ნილოსიდან შვიდი ლამაზი, ხორცსავსე ძროხა ამოვიდა და ნილოსის პირას ბალახის ძოვა დაიწყო.
- 3მდინარე ნილოსიდან კიდევ შვიდი ძროხა ამოვიდა, უშნო და გამხდარი, და გვერდით დაუდგნენ იმ ძროხებს მდინარე ნილოსის პირას.
- 4უშნო და გამხდარმა ძროხებმა ლამაზი და ხორცსავსე ძროხები შეჭამეს, და გაეღვიძა ფარაონს.
- 5კვლავ ჩაეძინა და მეორეჯერაც ნახა სიზმარი: ერთ ღეროზე შვიდი თავთავი ამოვიდა, მსხვილი და საღი;
- 6მათ შემდეგ კიდევ შვიდი თავთავი ამოვიდა, წვრილი და აღმოსავლეთის ქარისგან დახრუკული;
- 7წვრილმა თავთავებმა შვიდი მსხვილი და სავსე თავთავი შეჭამეს, და გაეღვიძა ფარაონს, ეს სიზმარი რომ ნახა.
- 8დილით სული აუფორიაქდა. მოუხმო ეგვიპტის ყველა გრძნეულ ქურუმს და ყველა ბრძენკაცს და მოუყვა თავის სიზმრებს, მაგრამ ამხსნელი არავინ იყო.
- 9შემდეგ მერიქიფეთა უფროსმა ფარაონს უთხრა: „დღეს გეტყვი, რა შევცოდე.
- 10ფარაონი თავის მსახურებზე რომ განრისხდა, მცველთა უფროსის სახლის საპატიმროში ჩაგვყარა მეც და მცხობელთა უფროსიც.
- 11ერთ ღამეს ორივემ ვნახეთ სიზმრები. მეც და მანაც, თითოეულმა ჩვენჩვენი სიზმარი ვნახეთ, რომლებსაც თავთავისი ახსნა ჰქონდა.
- 12ჩვენთან ერთად ერთი ახალგაზრდა ებრაელი კაცი იყო, მცველთა უფროსის მსახური. როცა მოვუყევით, მან აგვიხსნა სიზმრები, თითოეულს ჩვენჩვენი სიზმარი.
- 13ზუსტად ისე შესრულდა, როგორც აგვიხსნა. მე დამაბრუნა ფარაონმა ჩემს ადგილზე, ის კი ძელზე ჩამოკიდა“.
- 14გაგზავნა კაცები ფარაონმა იოსების მოსახმობად, რომ სასწრაფოდ გამოეყვანათ დილეგიდან. მანაც გაიპარსა, მოსასხამი გამოიცვალა და შევიდა ფარაონთან.
- 15ფარაონმა უთხრა იოსებს: „სიზმარი ვნახე, მაგრამ ამხსნელი არავინაა. შენზე მსმენია, რომ შეგიძლია გაიგო და ახსნა კიდეც“.
- 16იოსებმა მიუგო ფარაონს: „მე რა სახსენებელი ვარ! ღმერთი გამოუცხადებს ფარაონს მისივე საკეთილდღეოდ“.
- 17ფარაონმა იოსებს უთხრა: „სიზმრად ვნახე, რომ მდინარე ნილოსის პირას ვიდექი.
- 18მდინარე ნილოსიდან შვიდი ლამაზი და ხორცსავსე ძროხა ამოვიდა, რომლებმაც ნილოსის პირას ბალახის ძოვა დაიწყეს.
- 19კიდევ შვიდი ძროხა ამოვიდა, გასაცოდავებული, მეტად უშნო და გამხდარი; ასეთი უშნო რამ არ მინახავს მთელი ეგვიპტის მიწაზე.
- 20გამხდარმა და უშნო ძროხებმა შეჭამეს პირველი შვიდი მსუქანი ძროხა.
- 21შეჭამეს ისინი, მაგრამ მათ მუცლებს არაფერი შეეტყო, ისეთივე უშნოები დარჩნენ, და გამეღვიძა.
- 22კიდევ ვნახე სიზმარი: ერთ ღეროზე შვიდი თავთავი ამოვიდა, სავსე და საღი;
- 23მათ შემდეგ კიდევ შვიდი თავთავი ამოვიდა, დამჭკნარი, წვრილი და აღმოსავლეთის ქარისგან დახრუკული;
- 24წვრილმა თავთავებმა შეჭამეს შვიდი საღი თავთავი. მოვუყევი ეს გრძნეულ ქურუმებს, მაგრამ ვერავინ ვერაფერი მითხრა“.
- 25იოსებმა უთხრა ფარაონს: „ერთი ახსნა აქვს ფარაონის სიზმრებს. ღმერთმა გამოუცხადა ფარაონს, რასაც გააკეთებს.
- 26შვიდი კარგი ძროხა შვიდი წელიწადია. შვიდი საღი თავთავიც შვიდი წელიწადია. ერთი ახსნა აქვს ამ სიზმრებს.
- 27შვიდი გამხდარი და უშნო ძროხა, რომლებიც შემდეგ ამოვიდნენ, შვიდი წელიწადია. აღმოსავლეთის ქარისგან დახრუკული შვიდი ცარიელი თავთავი შიმშილობის შვიდი წელიწადია.
- 28აი რას ვეუბნებოდი ფარაონს: ღმერთმა ის აჩვენა ფარაონს, რასაც გააკეთებს.
- 29შვიდი წელიწადი დიდი ბარაქა ექნება მთელი ეგვიპტის მიწას.
- 30მომდევნო შვიდი წელიწადი კი შიმშილობა ჩამოვარდება. აღარავის ემახსოვრება ეგვიპტის მიწის ბარაქა, შიმშილობა შთანთქავს ამ მიწას.
- 31შიმშილობის შემდეგ აღარავის ეცოდინება, რომ ერთ დროს ბარაქა ჰქონდა ამ მიწას, რადგან ძალიან დიდი იქნება შიმშილობა.
- 32ორჯერ რომ გაუმეორდა სიზმარი ფარაონს, ეს იმას ნიშნავს, რომ მტკიცედ არის გადაწყვეტილი ეს საქმე; ჭეშმარიტი ღმერთი მალე გააკეთებს ამას.
- 33მოძებნოს ფარაონმა გონიერი და ბრძენი კაცი და დააყენოს ეგვიპტის მიწაზე.
- 34დააყენოს ფარაონმა ზედამხედველები ამ მიწაზე და აიღოს მოსავლის მეხუთედი ეგვიპტის მიწიდან ბარაქიანი შვიდი წლის განმავლობაში.
- 35შეაგროვონ საკვები მოსავლიანი წლების განმავლობაში და ქალაქებში დააგროვონ მარცვლეული, რომელიც ფარაონის განკარგულებაში იქნება, და შეინახონ.
- 36ის საკვები ექნება ამ მიწას მარაგად შიმშილობის შვიდი წლის განმავლობაში, რომელიც მთელი ეგვიპტის მიწაზე იქნება, რათა არ მოსპოს ქვეყანა შიმშილობამ“.
- 37მოეწონათ ეს ფარაონსა და მის მსახურებს.
- 38უთხრა ფარაონმა თავის მსახურებს: „განა ვინ მოიძებნება მისნაირი, რომელშიც ღვთის სულია?“
- 39ფარაონმა იოსებს უთხრა: „ვინაიდან შენ გაგაგებინა ღმერთმა ეს ყველაფერი, შენნაირი გონიერი და ბრძენი არავინ არის.
- 40შენ დაგაყენებ ჩემს სახლზე და მთელი ჩემი ხალხი უსიტყვოდ დაგემორჩილება. მე მხოლოდ ტახტით ვიქნები შენზე აღმატებული“.
- 41კვლავ უთხრა ფარაონმა იოსებს: „მთელი ეგვიპტის მიწაზე დაგაყენებ“.
- 42ეს რომ თქვა, მოიხსნა ფარაონმა ბეჭედი თავისი ხელიდან, გაუკეთა ხელზე იოსებს, შემოსა იგი ძვირფასი სელის ტანსაცმლით და ოქროს ყელსაბამი შეაბა.
- 43თავის მეორე საპატიო ეტლზეც დასვა და მის წინ მყოფნი შესძახოდნენ „ავრეხ!“ ასე დააყენა იგი მთელი ეგვიპტის მიწაზე.
- 44უთხრა ფარაონმა იოსებს: „მე ფარაონი ვარ, მაგრამ შენი ნებართვის გარეშე კაციშვილი ვერ გაანძრევს ხელს და ნაბიჯს ვერ გადადგამს მთელი ეგვიპტის მიწაზე“.
- 45დაარქვა ფარაონმა იოსებს ცაფნათფანეახი და მიათხოვა ონის ქურუმის, ფოტიფერას ასული ასენათი. გავიდა იოსები მთელი ეგვიპტის მიწაზე.
- 46ოცდაათი წლისა იყო იოსები, როცა ეგვიპტის მეფის, ფარაონის წინაშე წარდგა. ამის შემდეგ წავიდა იოსები ფარაონისგან და მთელი ეგვიპტის მიწა შემოიარა.
- 47ბარაქიანი შვიდი წლის განმავლობაში უხვი მოსავალი მოვიდა იმ მიწაზე.
- 48ქალაქებში აგროვებდა იგი მთელ საკვებს, რომელიც შვიდი წლის განმავლობაში მოდიოდა ეგვიპტის მიწაზე. თითოეულ ქალაქში გარშემო მდებარე მინდვრიდან მოპოვებულ საკვებს ინახავდა.
- 49ზღვის ქვიშასავით აგროვებდა იოსები მარცვლეულს და ბოლოს თვლაც შეწყვიტეს, რადგან ურიცხვი იყო.
- 50შიმშილობის წლის დადგომამდე იოსებს ორი ვაჟი შეეძინა, რომლებიც ონის ქურუმის, ფოტიფერას ასულმა ასენათმა გაუჩინა.
- 51პირმშოს მენაშე დაარქვა, რადგან ამბობდა, დამავიწყა ღმერთმა გასაჭირი და მამაჩემის მთელი სახლიო.
- 52მეორეს ეფრემი დაარქვა, რადგან ამბობდა, ღმერთმა გამხადა ნაყოფიერი ჩემი საცოდაობის მიწაზეო.
- 53დასრულდა ბარაქიანი შვიდი წელიწადი ეგვიპტის მიწაზე
- 54და დაიწყო შიმშილობის შვიდი წელიწადი, როგორც იოსებს ჰქონდა ნათქვამი. მთელ იმ მხარეს მოედო შიმშილობა, მაგრამ ეგვიპტის მიწაზე იშოვებოდა პური.
- 55ბოლოს ეგვიპტის მთელ მიწაზე დაიწყო შიმშილობა და შეღაღადა ხალხმა ფარაონს პურისთვის. ფარაონმა უთხრა ეგვიპტელებს: „იოსებთან წადით და გააკეთეთ, რასაც ის გეტყვით“.
- 56მთელ დედამიწას მოედო შიმშილობა. გახსნა იოსებმა ყველა ბეღელი, რომელიც მათ ჰქონდათ, და ყიდდა მარცვლეულს ეგვიპტელებზე, რადგან მძვინვარებდა შიმშილობა ეგვიპტის მიწაზე.
- 57მთელი დედამიწის ხალხიც ეგვიპტეში ჩადიოდა იოსებისგან საკვების საყიდლად, რადგან შიმშილობა მთელ დედამიწაზე მძვინვარებდა.
იტვირთება შემდეგი თავი