დაბადება — ახალი ქვეყნიერების თარგმანი*
იტვირთება წინა თავი
თავი 40
- 1ეგვიპტის მეფის მერიქიფემ და მცხობელმა თავიანთ ბატონს, ეგვიპტის მეფეს, შესცოდეს.
- 2განრისხდა ფარაონი იმ ორ მოხელეზე, მერიქიფეთა და მცხობელთა უფროსებზე.
- 3ჩაყარა ისინი მცველთა უფროსის სახლის საპატიმროში, საპყრობილეში, სადაც იოსები იყო.
- 4მცველთა უფროსმა მოსამსახურედ იოსები დაუნიშნა მათ. ისინი რამდენიმე დღე იყვნენ საპატიმროში.
- 5ეგვიპტის მეფის მერიქიფემ და მცხობელმა, რომლებიც საპყრობილეში იყვნენ, ერთ ღამეს ნახეს სიზმრები, თითოეულმა თავისი სიზმარი, რომლებსაც თავთავისი ახსნა ჰქონდა.
- 6მივიდა დილით იოსები მათთან და ნახა, რომ დამწუხრებულები იყვნენ.
- 7გამოჰკითხა ფარაონის მოხელეებს, რომლებიც თავიანთი ბატონის სახლის საპატიმროში იყვნენ მასთან ერთად: „დღეს რაღაც დაღვრემილი სახეები გაქვთ“.
- 8მათ მიუგეს: „სიზმარი ვნახეთ და ამხსნელი არა გვყავს“. იოსებმა უთხრა: „განა ღვთისგან არ არის ახსნა? მომიყევით“.
- 9მოუყვა მერიქიფეთა უფროსმა თავისი სიზმარი იოსებს: „სიზმრად ვნახე, რომ ჩემ წინ ვაზი იყო.
- 10ვაზს კარგად ამოეყარა, სამი ლერწი ჰქონდა. გაიფურჩქნა და დამწიფდა მტევნები.
- 11ხელში ფარაონის სასმისი მეჭირა. ავიღე ყურძენი, სასმისში ჩავწურე და ხელში მივაწოდე ფარაონს“.
- 12იოსებმა უთხრა მას: „აი, ეს არის ახსნა: სამი ლერწი სამი დღეა.
- 13სამ დღეში აგამაღლებს ფარაონი და შენს სამსახურში დაგაბრუნებს. კვლავ მიაწოდებ ფარაონს ხელში სასმისს, როგორც ამას მერიქიფედ ყოფნის დროს აკეთებდი,
- 14ოღონდ არ დამივიწყო, როგორც კი ხელი მოგემართება. სიკეთე გამიკეთე, მომიხსენიე ფარაონთან და გამომიყვანე ამ სახლიდან,
- 15რადგან მოტაცებული ვარ ებრაელთა მიწიდან; არც აქ გამიკეთებია ისეთი რამ, რომ მათ დილეგში ჩავეგდე“.
- 16როცა დაინახა მცხობელმა, რომ კარგად აუხსნა, უთხრა იოსებს: „მეც ვნახე სიზმარი: თავზე სამი კალათა მედგა, რომლებშიც თეთრი პური ეწყო.
- 17სულ ზემოთა კალათაში მცხობლის ნაირნაირი ნახელავი ეწყო ფარაონისთვის, რასაც ფრინველები ჭამდნენ ჩემს თავზე დადგმული კალათიდან“.
- 18იოსებმა მიუგო: „ეს არის ახსნა: სამი კალათა სამი დღეა.
- 19სამ დღეში წაგიყვანს ფარაონი, თავს მოგკვეთს, ძელზე ჩამოგკიდებს და ფრინველები შეჭამენ შენს ხორცს“.
- 20მესამე დღეს ფარაონმა, თავის დაბადების დღეს, ნადიმი გაუმართა ყველა მსახურს; მოიყვანა მერიქიფეთა უფროსიც და მცხობელთა უფროსიც.
- 21თავის ადგილზე დააბრუნა მერიქიფეთა უფროსი, რომელიც კვლავ აწვდიდა ფარაონს ხელში სასმისს,
- 22მცხობელთა უფროსი კი ძელზე ჩამოკიდა. ისე მოხდა, როგორც იოსებმა აუხსნა მათ.
- 23მაგრამ არ გახსენებია მერიქიფეთა უფროსს იოსები, დაავიწყდა იგი.
იტვირთება შემდეგი თავი