დაბადება — ახალი ქვეყნიერების თარგმანი*
იტვირთება წინა თავი
თავი 39
- 1ჩაიყვანეს იოსები ეგვიპტეში. ის ეგვიპტელმა ფოტიფარმა, ფარაონის კარისკაცმა, მცველთა უფროსმა იყიდა ისმაელელთა ხელიდან, რომლებმაც იქ ჩაიყვანეს.
- 2მაგრამ იეჰოვა იყო იოსებთან, ამიტომაც ყველაფერში ხელი ემართებოდა და თავისი ეგვიპტელი ბატონის სახლზე დააყენეს.
- 3დაინახა მისმა ბატონმა, რომ იეჰოვა იყო მასთან და ყველა საქმეში იეჰოვა უმართავდა ხელს.
- 4წყალობა პოვა იოსებმა მის თვალში და ემსახურებოდა მას; ამიტომაც დანიშნა იგი თავისი სახლის ზედამხედველად და მთელი თავისი ქონება მას ჩააბარა.
- 5მას შემდეგ, რაც მან თავისი სახლის ზედამხედველად დანიშნა იგი და მთელი ქონება მას ჩააბარა, არ აკლებდა იეჰოვა კურთხევას ეგვიპტელის სახლს იოსების გამო. იეჰოვასგან იყო კურთხეული ყველაფერი, როგორც მის სახლში, ისე მის მინდორში.
- 6ბოლოს ყველაფერი იოსებს ჩააბარა და პურის ჭამის მეტზე არაფერზე ზრუნავდა. იოსები ტანად და თვალად მშვენიერი კაცი დადგა.
- 7მისი ბატონის ცოლმა თვალი დაადგა იოსებს და უთხრა: „დაწექი ჩემთან“.
- 8უარს ეუბნებოდა თავისი ბატონის ცოლს: „ამ სახლში ჩემს ბატონს არაფერი აქვს საზრუნავი, ყველაფერი მე ჩამაბარა.
- 9ჩემზე დიდი არავინაა ამ სახლში და შენ გარდა არაფერი დაუკავებია ჩემთვის, რადგან მისი ცოლი ხარ. როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და შევცოდო ღმერთს?!“
- 10ყოველდღე ელაპარაკებოდა იგი იოსებს, რომ მასთან დაწოლილიყო და მასთან ყოფილიყო, მაგრამ ვერ დაიყოლია.
- 11ერთ დღესაც, ჩვეულებისამებრ, შევიდა იგი სახლში თავის საქმეზე. სახლში მსახურთაგან არავინ იყო.
- 12სტაცა ქალმა ხელი ტანსაცმელზე და უთხრა: „დაწექი ჩემთან!“ მაგრამ მან ტანსაცმელი ხელში შეატოვა და გარეთ გავარდა.
- 13როცა დაინახა, რომ ხელში შეატოვა ტანსაცმელი და გარეთ გაიქცა,
- 14კივილი მორთო და დაუძახა თავისი სახლის კაცებს: „ნახეთ! ჩვენ დასაცინად მოგვიყვანა ეს ებრაელი კაცი. ჩემთან დასაწოლად შემოვიდა, მაგრამ მე მთელი ხმით მოვრთე კივილი.
- 15როგორც კი გაიგო, რომ ხმას ავუწიე და კივილი მოვრთე, ტანსაცმელი შემატოვა და გარეთ გავარდა“.
- 16გვერდით ედო მას მისი ტანსაცმელი, სანამ თავისი ბატონი დაბრუნდებოდა სახლში.
- 17ასე უთხრა მას: „ის ებრაელი მსახური, შენ რომ მოიყვანე, ჩემ დასაცინად მოვიდა.
- 18მაგრამ, როგორც კი ხმას ავუწიე და კივილი მოვრთე, ტანსაცმელი შემატოვა და გარეთ გავარდა“.
- 19გაიგო თუ არა მისმა ბატონმა ცოლის ნათქვამი სიტყვები, ასე და ასე მომექცაო შენი მსახური, აენთო მისი რისხვა.
- 20წაიყვანა იოსები თავისმა ბატონმა და საპყრობილეს გადასცა, სადაც მეფის პატიმრები იყვნენ; და იყო იგი საპყრობილეში.
- 21მაგრამ იეჰოვა იყო იოსებთან, სიკეთეს არ აკლებდა მას და წყალობა აპოვნინა საპყრობილის ზედამხედველის თვალში.
- 22საპყრობილის ზედამხედველმა იოსებს ჩააბარა ყველა, ვინც საპყრობილეში იყო; მისი განკარგულების გარეშე არაფერი კეთდებოდა.
- 23არ ზრუნავდა საპყრობილის ზედამხედველი იმაზე, რაც მას ებარა, რადგან იეჰოვა იყო იოსებთან და ყველა საქმეში იეჰოვა უმართავდა ხელს.
იტვირთება შემდეგი თავი