დაბადება — ახალი ქვეყნიერების თარგმანი*

იტვირთება წინა თავი

თავი 38

  1. 1
    ძმებს რომ დაშორდა, იუდამ კარავი გაშალა ადულამელი კაცის მეზობლად, რომელსაც ხირა ერქვა.
  2. 2
    დაინახა იუდამ ქანაანელი შუას ასული, წაიყვანა და დაწვა მასთან.
  3. 3
    დაორსულდა იგი, გააჩინა ვაჟი და ერი დაარქვა.
  4. 4
    კიდევ დაორსულდა, გააჩინა ვაჟი და ონანი დაარქვა.
  5. 5
    კიდევ გააჩინა ვაჟი და შელა დაარქვა; აქციბში იყო იუდა, როცა მისმა ცოლმა ის გააჩინა.
  6. 6
    მოუყვანა იუდამ თავის პირმშოს, ერს, ცოლი, რომელსაც თამარი ერქვა.
  7. 7
    ერი, იუდას პირმშო, იეჰოვას თვალში ბოროტი ადამიანი იყო და ამიტომ მოკლა იგი იეჰოვამ.
  8. 8
    ეს რომ მოხდა, უთხრა იუდამ ონანს: „დაწექი შენი ძმის ცოლთან, შეასრულე მასთან მაზლის ვალდებულება და აღუდგინე შთამომავლობა შენს ძმას“.
  9. 9
    იცოდა ონანმა, რომ შთამომავლობა მისი არ იქნებოდა და ამიტომ, როცა წვებოდა ხოლმე თავისი ძმის ცოლთან, თესლს მიწაზე ღვრიდა, თავისი ძმისთვის შთამომავლობა რომ არ აღედგინა.
  10. 10
    ბოროტებას სჩადიოდა ონანი იეჰოვას თვალში და ამიტომ მან ისიც მოკლა.
  11. 11
    უთხრა იუდამ თამარს, თავის რძალს: „იცხოვრე მამაშენის სახლში როგორც ქვრივმა, სანამ შელა, ჩემი ვაჟი, გაიზრდება“, რადგან თავისთვის ამბობდა, ესეც თავისი ძმებივით არ მოკვდესო. თამარიც წავიდა და ცხოვრობდა მამამისის სახლში.
  12. 12
    გავიდა ხანი; მოკვდა იუდას ცოლი, შუას ასული, და გამოიგლოვა იგი იუდამ. ავიდა იუდა თიმნაში თავისი ცხვრის მპარსველებთან და წაიყოლა ადულამელი მეგობარი ხირა.
  13. 13
    თამარს უთხრეს: „შენი მამამთილი თიმნაში ადის თავისი ცხვრის გასაპარსად“.
  14. 14
    გაიხადა მან ქვრივობის ტანსაცმელი, თავშალი მოიფარა, რიდე ჩამოიფარა და დაჯდა ენაიმის შესასვლელთან, თიმნას გზაზე, რადგან ხედავდა, რომ გაიზარდა შელა, მაგრამ არ მიუთხოვებიათ იგი მისთვის ცოლად.
  15. 15
    დაინახა იგი იუდამ და მეძავი ეგონა, რადგან სახე დაფარული ჰქონდა.
  16. 16
    გზიდან მიბრუნდა და სთხოვა მას: „დავწვები შენთან“. არ იცოდა, რომ მისი რძალი იყო. მან ჰკითხა: „რას მომცემ, ჩემთან რომ დაწვე?“
  17. 17
    მან მიუგო: „თიკანს გამოგიგზავნი ჩემი ფარიდან“. ქალმა ჰკითხა: „გირაოდ რას მომცემ, სანამ თიკანს გამომიგზავნიდე?“
  18. 18
    მან მიუგო: „რა მოგცე გირაოდ?“ ქალმა უპასუხა: „შენი საბეჭდავი ბეჭედი, ზონარი და ჯოხი, ხელში რომ გიჭირავს“. მანაც მისცა, დაწვა მასთან და დაორსულდა იგი.
  19. 19
    ადგა ის და წავიდა; მოიხსნა თავშალი და ისევ თავისი ქვრივობის ტანსაცმელი ჩაიცვა.
  20. 20
    გაუგზავნა იუდამ თიკანი თავისი ადულამელი მეგობრის ხელით, რომ დაებრუნებინა გირაო იმ ქალის ხელიდან, მაგრამ ვეღარ იპოვა იგი.
  21. 21
    ჰკითხა იქაურებს მისი ადგილსამყოფელი: „სად არის ტაძრის მეძავი, გზაზე რომ იყო ენაიმში?“ მათ მიუგეს: „აქ არასოდეს ყოფილა ტაძრის მეძავი“.
  22. 22
    ბოლოს დაბრუნდა იგი იუდასთან და უთხრა: „ვერ ვიპოვე; იქაურებმაც თქვეს, აქ არასოდეს ყოფილა ტაძრის მეძავიო“.
  23. 23
    იუდამ თქვა: „ჰქონდეს მას, რომ არ მოგვიძულონ. მე ხომ გავუგზავნე თიკანი, მაგრამ შენ ვერ იპოვე“.
  24. 24
    სამი თვის შემდეგ იუდას შეატყობინეს: „უმეძავია შენს რძალს, თამარს, და თავისი მეძაობით დაორსულებულა კიდეც“. ამაზე იუდამ თქვა: „გამოიყვანეთ და დაწვით“.
  25. 25
    როცა გამოჰყავდათ, მან თავის მამამთილს შეუთვალა: „ესენი ვისიც არის, იმ კაცისგანა ვარ ორსულად. ნახე, ვისია ეს საბეჭდავი ბეჭედი, ზონარი და ჯოხი“.
  26. 26
    ნახა ისინი იუდამ და თქვა: „ის ჩემზე მართალია, რადგან არ მივეცი იგი ჩემს ვაჟს, შელას“. მას შემდეგ აღარ დაწოლილა მასთან.
  27. 27
    მშობიარობის დრო რომ დაუდგა, ტყუპები აღმოაჩნდა მუცელში.
  28. 28
    როცა მშობიარობდა, ერთმა ხელი გამოყო; ბებიაქალმა მაშინვე აიღო ალისფერი ნაჭერი, ხელზე შეაბა და თქვა, ეს პირველი გამოვიდაო.
  29. 29
    ბავშვმა უკან წაიღო ხელი და ახლა უკვე მისი ძმა გამოვიდა. ბებიაქალმა წამოიძახა: „ეს რა ქენი, ზღუდე რომ გამოარღვიე?!“ ამიტომ მას ფერეცი დაარქვეს.
  30. 30
    შემდეგ მისი ძმა გამოვიდა, რომელსაც ხელზე ალისფერი ნაჭერი ჰქონდა, და მას ზერახი დაარქვეს.
იტვირთება შემდეგი თავი
დაბადება 38 — ახალი ქვეყნიერების თარგმანი* · სიტყვა