დაბადება — ახალი ქვეყნიერების თარგმანი*

იტვირთება წინა თავი

თავი 37

  1. 1
    ცხოვრობდა იაკობი მამამისის ხიზნობის ქვეყანაში, ქანაანში.
  2. 2
    ეს არის იაკობის ამბავი. ჩვიდმეტი წლის ყმაწვილი იყო იოსები, როცა თავის ძმებთან, მამამისის ცოლების, ბილჰასა და ზილფას, ვაჟებთან ერთად მწყემსავდა ფარას. ცუდი ამბავი მიუტანა მათზე იოსებმა მამას.
  3. 3
    თავის ყველა ვაჟზე მეტად უყვარდა ისრაელს იოსები, რადგან მისი სიბერის შვილი იყო იგი. მისთვის გრძელი ზოლებიანი ტანსაცმელი დაამზადებინა.
  4. 4
    როცა დაინახეს მისმა ძმებმა, რომ მამას მათზე მეტად უყვარდა ის, შეიძულეს იგი და მშვიდად ვეღარ ელაპარაკებოდნენ.
  5. 5
    გავიდა დრო, იოსებმა სიზმარი ნახა და თავის ძმებს მოუყვა, რის გამოც უფრო შეიძულეს.
  6. 6
    მან უთხრა: „მომისმინეთ, აი რა მესიზმრა:
  7. 7
    შუა მინდორში ძნებს ვკრავდით. ჩემი ძნა წამოდგა და აღმართული იდგა, თქვენი ძნები კი გარს შემოეხვივნენ და მდაბლად თაყვანი სცეს ჩემს ძნას“.
  8. 8
    მისმა ძმებმა მიუგეს: „ჩვენი მეფე უნდა გახდე თუ ჩვენზე უნდა იბატონო?“ კიდევ ერთი საბაბი მიეცათ, რომ მოეძულებინათ იგი მისი სიზმრისა და სიტყვების გამო.
  9. 9
    სხვა სიზმარიც ნახა და თავის ძმებს მოუყვა: „კიდევ ვნახე სიზმარი: მზე, მთვარე და თერთმეტი ვარსკვლავი მდაბლად მცემდნენ თაყვანს“.
  10. 10
    მარტო ძმებს კი არა, მამამისსაც მოუყვა, მამამისმა კი უსაყვედურა: „ეს რა გესიზმრა?! შენ უნდა გეახლოთ და მდაბლად უნდა გცეთ თაყვანი მე, დედაშენმა და შენმა ძმებმა?!“
  11. 11
    შურით აღივსნენ მისი ძმები, მამამისმა კი გულში დაიმარხა ეს ამბავი.
  12. 12
    მისი ძმები მამის ფარას მწყემსავდნენ შექემთან.
  13. 13
    ისრაელმა უთხრა იოსებს: „შენი ძმები შექემთან მწყემსავენ ფარას. გამეგზავნე მათთან“. მან მიუგო: „კარგი“.
  14. 14
    მან უთხრა: „წადი, ნახე, ხომ მშვიდობით არიან შენი ძმები და ხომ მშვიდობითაა ფარა, და ამბავი მომიტანე“. გაგზავნა ხებრონის ველიდან და წავიდა იგი შექემისკენ.
  15. 15
    დაინახა ერთმა კაცმა, რომ იგი მინდორში გზააბნეული დადიოდა და ჰკითხა: „რას ეძებ?“
  16. 16
    მან მიუგო: „ჩემს ძმებს ვეძებ. ხომ ვერ მიმასწავლი, სად მწყემსავენ ფარას?“
  17. 17
    მან უთხრა: „აქედან წავიდნენ. გავიგონე, რომ ამბობდნენ, დოთანში წავიდეთო. გაჰყვა იოსები ძმების კვალს და დოთანში მიაგნო მათ.
  18. 18
    შორიდან დაინახეს და სანამ მათთან მივიდოდა, მზაკვრულად განიზრახეს მისი მოკვლა.
  19. 19
    ერთმანეთს გადაულაპარაკეს: „ნახეთ, სიზმარა მოდის.
  20. 20
    მოდი მოვკლათ, ჭაში ჩავაგდოთ და ვთქვათ, რომ ნადირმა შეჭამა. მერე ვნახოთ, როგორ აუხდება სიზმრები“.
  21. 21
    ეს რომ რეუბენმა გაიგო, სცადა მისი დახსნა მათი ხელიდან. მან თქვა: „ნუ მოვკლავთ“.
  22. 22
    ეუბნებოდა რეუბენი: „სისხლს ნუ დაღვრით. უდაბნოს ჭაში ჩააგდეთ და ნუ აღმართავთ მასზე ხელს“. უნდოდა, დაეხსნა იგი მათი ხელიდან და მამამისთან დაებრუნებინა.
  23. 23
    როგორც კი მივიდა იოსები თავის ძმებთან, გახადეს მას ტანსაცმელი, გრძელი ზოლებიანი ტანსაცმელი,
  24. 24
    წაიყვანეს და ჩააგდეს ჭაში; ცარიელი იყო ჭა, წყალი არ იდგა მასში.
  25. 25
    შემდეგ დასხდნენ პურის საჭმელად. გაიხედეს და რას ხედავენ?! ისმაელელთა ქარავანი მოდის გალაადიდან, აქლემებით საკმელი, ბალზამი და ხის ფისიანი ქერქი მოაქვთ ეგვიპტეში ჩასატანად.
  26. 26
    იუდამ ძმებს უთხრა: „რას გვარგებს ჩვენი ძმის მოკვლა და მისი სისხლის დაფარვა?
  27. 27
    მოდი მივყიდოთ ისმაელელებს და ნუ აღვმართავთ მასზე ხელს. ბოლოს და ბოლოს ჩვენი ძმაა, ჩვენი ხორცია“. მათაც მოუსმინეს თავიანთ ძმას.
  28. 28
    ჩამოიარეს მიდიანელმა ვაჭრებმა, მათ კი ამოიყვანეს იოსები ჭიდან და ოც ვერცხლად მიჰყიდეს ისმაელელებს. ეგვიპტეში ჩაიყვანეს მათ იოსები.
  29. 29
    მივიდა რეუბენი იმ ჭასთან და აღარ დახვდა იგი ჭაში. შემოიხია ტანსაცმელი,
  30. 30
    დაბრუნდა ძმებთან და უთხრა: „ბავშვი აღარ არის! რა ვქნა, სად წავიდე?!“
  31. 31
    მათ კი აიღეს იოსების გრძელი ტანსაცმელი, დაკლეს ვაცი და ამოსვარეს მის სისხლში.
  32. 32
    გაუგზავნეს გრძელი, ზოლებიანი ტანსაცმელი თავიანთ მამას და შეუთვალეს: „ეს ვიპოვეთ. ნახე, შენი ვაჟისა ხომ არ არის?“
  33. 33
    მანაც ნახა და თქვა: „ჩემი ვაჟის გრძელი ტანსაცმელია! ნადირს შეუჭამია, დაუგლეჯია იოსები!“
  34. 34
    შემოიხია იაკობმა მოსასხამი, წელზე ჯვალო შემოიხვია და მრავალი დღე გლოვობდა შვილს.
  35. 35
    მიდიოდნენ მის სანუგეშებლად მისი ვაჟები და ასულები, მაგრამ არ იღებდა ნუგეშს, ამბობდა: „გლოვით ჩავალ ჩემს ვაჟთან სამარეში!“ დასტიროდა მას მამამისი.
  36. 36
    მიჰყიდეს იგი მიდიანელებმა ეგვიპტეში ფოტიფარს, ფარაონის კარისკაცს, მცველთა უფროსს.
იტვირთება შემდეგი თავი