დაბადება — საპატრიარქო – orthodoxy.ge
იტვირთება წინა თავი
თავი 12
- 1უთხრა უფალმა აბრამს: წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამაშენის სახლიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ.
- 2გაქცევ დიდ ხალხად, გაკურთხებ და განვადიდებ შენს სახელს და კურთხეული იქნები.
- 3ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს; კურთხეული იქნება შენში მიწიერთა მთელი მოდგმა.
- 4წავიდა აბრამი, როგორც უბრძანა მას უფალმა; წავიდა მასთან ერთად ლოტი. სამოცდათხუთმეტი წლისა იყო აბრამი, როცა ხარანიდან გავიდა.
- 5თან წაიტანა აბრამმა სარაი, თავისი ცოლი, ლოტი, თავისი ძმისწული, მთელი ქონება, რაც კი მოხვეჭილი ჰქონდათ, და ყოველი ყრმა, ვინც კი ხარანში შეიძინეს. დაადგნენ ქანაანის ქვეყნის გზას და მივიდნენ ქანაანის ქვეყანაში.
- 6გადაჭრა აბრამმა მთელი ის ქვეყანა შექემამდე, მამრეს მუხამდე; ქანაანელნი მკვიდრობდნენ იმხანად ქვეყანაში.
- 7გამოეცხადა უფალი აბრამს. და უთხრა: შენი მოდგმისთვის მიმიცია ეს ქვეყანა. იქ აუგო სამსხვერპლო უფალს, რიამელიც გამოეცხადა მას.
- 8გაემართა იქიდან მთისკენ, ბეთილის აღმოსავლეთით და გაშალა კარავი; ბეთილი დასავლეთით ემხრო, ხოლო ჰაღაი - აღმოსავლეთით. იქ აუგო სამსხვერპლო უფალს და ახსენა უფლის სახელი.
- 9მერე დაიძრა აბრამი და სამხრეთისაკენ გაემართა.
- 10შიმშილი იყო ქვეყანაში და წავიდა აბრამი ეგვიპტეში საცხოვრებლად, რადგან მძვინვარებდა შიმშილი ქვეყანაში.
- 11როცა მიუახლოვდა ეგვიპტეს, უთხრა სარაის, თავის ცოლს: ვიცი, ლამაზი შესახედავი ქალი ხარ.
- 12დაგინახავენ ეგვიპტელები და იტყვიან, ამ კაცის ცოლიაო; მე მომკლავენ, შენ კი ცოცხალს დაგტოვებენ.
- 13თქვი, რომ და ხარ ჩემი, რათა კარგად მომეპყრან შენი გულისთვის და გადავრჩე შენი წყალობით.
- 14როცა ჩავიდა აბრამი ეგვიპტეში, დაინახეს ეგვიპტელებმა, რომ ძალიან ლამაზი იყო მისი ცოლი.
- 15დაინახეს იგი ფარაონის დიდებულებმა და შეუქეს ფარაონს, და წაიყვანეს ქალი ფარაონის სახლში.
- 16ხოლო აბრამს კარგად მოეპყრნენ მისი გულისთვის, ჰყავდა აბრამს ცხვარ-ძროხა, სახედრები, ყმები და ყმაქალები და ჯორ-აქლემები.
- 17დიდად შეაჭირვა უფალმა ფარაონი და მისი სახლი აბრამის ცოლის სარაის გამო.
- 18მაშინ დაიბარა ფარაონმა აბრამი და უთხრა: ეს რა მიყავი, რატომ არ გამიმხილე, შენი ცოლი თუ იყო ეს ქალი?
- 19რატომ თქვი და არისო ჩემი? მე კი მის ცოლად შერთვას ვაპირებდი. აჰა, შენი ცოლი, წაიყვანე და წადი!
- 20მიუჩინა ფარაონმა ხალხი და მათაც გაამგზავრეს იგი მისი ცოლითა და მთელი მისი საბადებლითურთ.
იტვირთება შემდეგი თავი