დაბადება — საპატრიარქო – orthodoxy.ge
იტვირთება წინა თავი
თავი 13
- 1წავიდნენ აბრამი და მისი ცოლი ეგვიპტიდან მთელი ქონებითა და ლოტითურთ ნეგებისკენ.
- 2ძალზე მდიდარი იყო აბრამი ჯოგითა და ოქრო-ვერცხლით.
- 3გაუდგა გზას ნეგებიდან და იარა ბეთილამდე, იმ ადგილამდე, სადაც ადრე კარავი ედგა ბეთილსა და ჰაღაის შორის,
- 4სამსხვერპლომდე, რომელიც ააგო თავდაპირველად; აქ ახსენა აბრამმა უფლის სახელი.
- 5ლოტსაც, რომელიც აბრამთან ერთად მგზავრობდა, ჰყავდა ცხვარ-ძროხა და ჰქონდა კარვები.
- 6ვერ იტევდა მათ ის ქვეყანა ერთად საცხოვრებლად, რადგან დიდძალი ქონება ჰქოადათ და არ შეეძლოთ ერთად ცხოვრება.
- 7ცილობა ჰქონდათ ერთმანეთში აბრამისა და ლოტის მწყემსებს. ქანაანელნი და ფერიზეველნი ცხოვრობდნენ მაშინ ქვეყანაში.
- 8უთხრა აბრამმა ლოტს: ნუ იქნება ცილობა ჩვენში, ჩემსა და შენს მწყემსებს შორის, რადგან სახლიკაცები ვართ.
- 9განა შენს წინ არ არის მთელი ეს ქვეყანა? გამეყარე და თუ შენ მარცხნივ წახვალ, მე მარჯვნივ წავალ, თუ მარჯვნივ წახვალ, მე მარცხნივ წავალ.
- 10გაიხედა ლოტმა და დაინახა, რომ იორდანეს მთელი მხარე ცოღარამდე ირწყვებოდა, ასე იყო, ვიდრე უფალი არ გაანადგურებდა სოდომსა და გომორს, როგორც ბაღი უფლისა, როგორც ეგვიპტელთა ქვეყანა.
- 11აირჩია ლოტმა იორდანეს მთელი მხარე. დაიძრა ლოტი აღმოსავლეთისკენ და გაეყარნენ ერთმანეთს.
- 12აბრამი დამკვიდრდა ქანაანის ქვეყანაში, ხოლო ლოტი დამკვიდრდა იმ მხარის ქალაქებში და სოდომამდე დასცა კარვები.
- 13ბოროტნი იყვნენ სოდომელნი და დიდად სცოდავდნენ უფალს.
- 14უთხრა უფალმა აბრამს მას შემდეგ, რაც ლოტი გაეყარა: აახილე თვალი და გაიხედე ამ ადგილიდან, სადაც შენ დგახარ, ჩრდილოეთისკენ, სამხრეთისკენ, აღმოსავლეთისკენ და დასავლეთისკენ.
- 15მთელი ეს ქვეყანა, რასაც ხედავ, შენთვისა და შენი მოდგმისათვის მომიცია სამარადისოდ.
- 16ქვიშასავით ურიცხვს გავხდი შენს შთამომავლობას; თუ ვინმე შესძლებს ქვიშის დათვლას, შენი შთამომავლობაც დაითვლება.
- 17ადექი და კიდით კიდემდე მოიარე ეს ქვეყანა, რადგანაც შენთვის მომიცია იგი.
- 18აიყარა აბრამი, წავიდა და მამრეს მუხნარში დაესახლა, ხებრონის მახლობლად. იქ აუგო სამსხვერპლო უფალს.
იტვირთება შემდეგი თავი