დაბადება — საპატრიარქო – orthodoxy.ge
იტვირთება წინა თავი
თავი 14
- 1მოხდა ისე, რომ შინყარის მეფის, ამრაფელის დროს არიოქმა, ელასარის მეფემ, ქედარლაღომერმა, ელამის მეფემ და თიდაყალმა, გოიების მეფემ,
- 2ბრძოლა გაუმართეს ბერაყს, სოდომის მეფეს, ბირშაყს, გომორის მეფეს, შინაებს, ადმას მეფეს, შემემებერს, ცებოიმის მეფეს და ბედაყის ანუ ცოღარის მეფეს.
- 3ყველა ესენი შეიკრიბნენ სიდიმის ველზე, სადაც ახლა მლაშე ზღვაა.
- 4თორმეტი წელიწადი ემორჩილებოდნენ ქედორლაღომერს და მეცამეტე წელს აღუდგნენ.
- 5მეთოთხმეტე წელს მოვიდა ქედორლაღომერი თავისი თანამდგომი მეფეებითურთ და ამოწყვიტეს რეფაიმები აშთორეთ-კარნაიმში, ზუზიელები ჰამში, ემიელები შავე- კირიათაიმში.
- 6და ხორიელები სეყირის მთებში ელფარანამდე, უდაბნოს პირას რომ მდებარეობს.
- 7უკან მობრუნებისას მივიდნენ ყენ-მიშფატთან, აწინდელ კადეშთან და დაარბიეს ყამალეკის მინდვრები და ამორეველნიც, ხაცაცონ-თამარის მკვიდრნი.
- 8გამოვიდნენ სოდომის მეფე, გომორის მეფე, ადმას მეფე, ცებოიმის მეფე, ბელაყის ანუ ცოღარის მეფე და ბრძოლა გაუმართეს სიდიმის ველზე
- 9ქედორლაღომერს, ელამის მეფეს, თიდყალს, ცებოიმის მეფეს, ამრაფელს, შინყარის მეფეს და არიოქს, ელასარის მეფეს - ხუთმა მეფემ ოთხ მეფეს.
- 10სიდიმის ველზე უამრავი ფისის ჭა იყო. უკუიქცნენ სოდომისა და გომორის მეფეები და შიგ ჩაცვივდნენ, დანარჩენები მთებს შეეხიზნენ.
- 11ხელთ იგდეს სოდომისა და გომორის მთელი ქონება, მთელი მათი სარჩო- საბადებელი და წავიდნენ.
- 12ხელთ იგდეს მისი ქონებითურთ ლოტიც, აბრამის ძმისწული, სოდომში რომ ცხოვრობდა, და წავიდნენ.
- 13მოვიდა ერთი ლტოლვილი და ამბავი მოუტანა აბრამ ებრაელს. მაშინ იგი მუხნარში ცხოვრობდა, რომელიც ამორეველ კაცს, მამრეს ეკუთვნოდა, ემქოლისა და ანერის ძმას. ესენი აბრამის მოკავშირენი იყვნენ.
- 14როდესაც შეიტყო აბრამმა, რომ მისი სახლიკაცი ლოტი დაეტევევებინათ, აღჭურვა თავის სახლში დაბადებული სამას თვრამეტი გამოცდილი კაცი და სდია დანამდე.
- 15გაიყვნენ ღამით ის და მისი მორჩილნი, დაამარცხეს და სდიეს ხობამდე, დამასკოს მარცხნივ რომ არის.
- 16დაიბრუნა მთელი ქონება, დაიბრუნა ლოტიც მისი ქონებითურთ, დედაწულნიცა და ხალხიც.
- 17მიეგება სოდომის მეფე ქედორლაღომერზე და მის თანამდგომ მეფეებზე გამარჯვებულს შავეს ველზე, რომელსაც ახლა მეფის ველი ეწოდება.
- 18სოლო მელქიცედეკმა, შალემის მეფემ, გამოუტანა პური და ღვინო. ის იყო უზენაესი ღმერთის მღვდელი.
- 19აკურთხა აბრამი და უთხრა: კურთხეულ იყოს აბრამი უზენაესი ღმერთის წინაშე, ცისა და მიწის შემოქმედისა!
- 20კურთხეულ იყოს უზენაესი ღმერთი, რომელმაც ხელში ჩაგაგდებინა შენი მტერი ! მაშინ მისცა მას აბრამმა ნადავლის მეათედი.
- 21უთხრა სოდომის მეფემ აბრამს: მომეცი ხალხი, ქონება კი შენთვის დაიტოვე.
- 22უთხრა სოდომის მეფეს აბრამმა: უზენაეს ღმერთს ვფიცავ, ცისა და მიწის შემოქმედს,
- 23თუ ძაფი ან ფეხსამოსის თასმა ავიღო იქიდან, რაც შენ გეკუთვნის. არ გათქმევინებ, მე გავამდიდრეო აბრამი.
- 24გარდა იმისა, რაც შეჭამეს მსახურებმა და რაც ჩემთან წამოსულებს ერგოთ წილად; ანერმა, ეშქოლმა და მამრემ წაიღონ თავ-თავიანთი წილი.
იტვირთება შემდეგი თავი