დაბადება — საპატრიარქო – orthodoxy.ge
იტვირთება წინა თავი
თავი 16
- 1სარაის, აბრამის ცოლს, არ უშობია მისთვის, მაგრამ ჰყავდა სარაის ერთი ეგვიპტელი მხევალი, სახელად აგარი.
- 2უთხრა სარაიმ აბრამს: აჰა, დამხშა უფალმა, რომ არა ვშობო. შედი ჩემს მხევალთან, ვინძლო შვილიერი შევიქნე მისგან. ყურად იღო აბრამმა სარაის ნათქვამი..
- 3ადგა სარაი, აბრამის ცოლი, და მისცა ეგვიპტელი აგარი, თავისი მხევალი, ცოლად აბრამს, თავის ქმარს, ქანაანის ქვეყნად მისი დამკვიდრების ათი წლის თავზე
- 4შევიდა აბრამი აგართან და დაორსულდა აგარი. როცა შეიტყო, რომ ორსულად იყო, დამცირდა მის თვალში მისი ქალბატონი.
- 5მაშინ უთხრა სარაიმ აბრამს: შენზეა ჩემი შეურაცხყოფა. მოგიწვინე ჩემი მხევალი და, როცა შეატყო, რომ ორსულადაა, დავმცირდი მის თვალში. ახლა უფალმა განგვსაჯოს.
- 6უთხრა აბრამმა სარაის: აჰა, შენს ხელთაა შენი მხევალი. როგორც გენებოს, ისე მოექეცი. მაშინ დაუწყო სარაიმ ჩაგვრა და გაექცა მას აგარი.
- 7ნახა იგი უფლის ანგელოზმა წყლის ჭასთან უდაბნოში, ჭასთან, შურის გზაზე რომ არის.
- 8უთხრა: აგარ, სარაის მხევალო, საიდან მოსულხარ და სად მიხვალ? თქვა: სარაის, ჩემს ქალბატონს გავურბივარ.
- 9უთხრა მას უფლის ანგელოზმა: გაბრუნდი შენს ქალბატონთან და დაემორჩილე.
- 10უთხრა მას უფლის ანგელოზმა: დიდად გავამრავლებ შენს შთამომავლობას და ვერ აღირიცხება სიმრავლის გამო.
- 11უთხრა მას უფლის ანგელოზმა: აჰა, ორსულადა ხარ, შობ ვაჟს, და ისმაელს დაარქმევ სახელად, რადგან მოჰხედა უფალმა შენს ჩაგვრას.
- 12კანჯარივით იქნება იგი ადამიანთა შორის. მისი ხელი ყველას წინააღმდეგ და ყველას ხელი მის წინააღმდეგ! თავის ძმათა პირისპირ იცხოვრებს იგი.
- 13ახსენა სახელი უფლისა, რომელიც ელაპარაკებოდა: შენა ხარ ღმერთი, ჩემი მხილველი; რადგან თქვა: განა აქაც არ ვიხილე კვალი ჩემი მხილველისა?
- 14ამიტომ შეარქვეს ამ ჭას ბერ-ლახაი-როი; კადეშსა და ბარედს შორის მდებარეობს იგი.
- 15უშვა აგარმა აბრამს ვაჟი და დაარქვა სახელად აბრამმა თავის ვაჟს, რომელიც აგარმა უშვა, ისმაელი.
- 16ოთხმოცდაექვსი წლის იყო აბრამი, როცა ისმაელი უშვა აგარმა აბრამს.
იტვირთება შემდეგი თავი