დაბადება — საპატრიარქო – orthodoxy.ge
იტვირთება წინა თავი
თავი 17
- 1ოთხმოცდაცხრა წლის იყო აბრამი, როცა გამოეცხადა უფალი აბრამს და უთხრა: მე ვარ ღმერთი ძლიერი. იარე ჩემს წინაშე და სრული იყავი.
- 2დავდებ აღთქმას ჩემსა და შენს შორის და დიდად, დიდად გაგამრავლებ.
- 3პირქვე დაემხო აბრამი და ასე ელაპარაკა მას ღმერთი:
- 4ეს მე ვარ და, აჰა, ჩემი აღთქმაც უამრავ ხალხთა მამა შეიქნები!
- 5აღარ გერქვას ამიერიდან სახელად აბრამი, არამედ აბრაამი იყოს შენი სახელი, რადგან უამრავ ხალხთა მამად გაქცევ.
- 6დიდად, დიდად გაგამრავლებ, ხალხებად გაქცევ და მეფენი გამოვლენ შენგან.
- 7დავდებ აღთქმას ჩემსა და შენს შორის და შენს შთამთმავალთა შორის თაობიდან თაობამდე, სამარადისო აღთქმას, რომ შენი და შენი შთამომავლობის ღმერთი ვიქნები.
- 8მოგცემ შენ და შენს შთამომავლობას შენი მდგმურობის ქვეყანას, ქანაანის მთელს ქვეყანას, სამარადისო საკუთრებად და თქვენი ღმერთი ვიქნები.
- 9უთხრა ღმერთმა აბრაამს: ოღონდ დაიცავით ჩემი აღთქმა შენ და შენმა შთამომავლობამ თაობიდან თაობამდე.
- 10ეს არის აღთქმა, რომელიც უნდა დაიცვათ, აღთქმა, ჩემსა და თქვენს შორის და შენს შთამომავლობას შორის თაობიდან თაობამდე; წინადაიცვითოს თქვენში ყოველმა მამაკაცმა.
- 11დაიცვითეთ ჩუჩა და ეს იყოს ნიშნად აღთქმისა ჩემსა და თქვენს შორის.
- 12რვა დღისამ წინადაიცვითოს თქვენში ყოველმა მამაკაცმა თაობიდან თაობამდე, სახლში დაბადებულმა და უცხოელისგან ვერცხლით ნაყიდმა, რომელიც შენი თესლ- ტომის არ არის.
- 13წინადაიცვითოს შენს სახლში დაბადებულმა და შენი ვერცხლით ნაყიდმა; იყოს ჩემი აღთქმა თქვენს ხორცში სამარადისო აღთქმად.
- 14წინადაუცვეთელი მამაკაცი, რომელსაც არ დაუცვითავს მერვე დღეს ჩუჩა, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან, რადგან დაარღვია ჩემი აღთქმა.
- 15უთხრა ღმერთმა აბრაამს: სარაის, შენს ცოლს, აღარ ერქვას სახელად სარაი, არამად სარა იყოს მისი სახელი.
- 16ვაკურთხებ მას და ვაჟიშვილსაც შეგძენ მისგან; ვაკურთხებ და გახდება ხალხების დედა და ხალხთა მეფეები წარმოიშვებიან მისგან.
- 17პირქვე დაემხო აბრაამი და გაეცინა. გულში თქვა: ნუთუ შვილი შეეძინება ასი წლის კაცს? ნუთუ ბავშვს დაბადებს ოთხმოცდაათი წლის სარა?
- 18უთხრა აბრაამმა ღმერთს: ნეტავ ისმაელმა იცოცხლოს შენს წინაშე.
- 19უთხრა ღმერთმა: სწორედ სარა, შენი ცოლი, გიშობს ვაჟს და დაარქმევ სახელად ისაკს. აღვუდგენ მას ჩემს აღთქმას სამარადისო აღთქმად მისი შთამომავლობისთვის.
- 20ისმაელის გამო გისმინე და, აჰა, ვაკურთხებ მასაც, ნაყოფიერს გავხდი და დიდად, დიდად გავამთავლებ. თორმეტ ბელადს წარმოშობს და დიდ ხალხად ვაქცევ.
- 21მაგრამ აღთქმას ისაკს დავუდებ, რომელსაც სარა გიშობს გაისად, ამ დღეის სწორს.
- 22შეწყვიტა ლაპარაკი და განეშორა ღმერთი აბრაამს.
- 23ადგა აბრაამი და დაუცვითა ჩუჩა თავის ვაჟს ისმაელს, თავის სახლში დაბადებულებს და ყველას, ვინც კი ვერცხლით ჰყავდა ნაყიდი, ყველა მამაკაცს, აბრაამის სახლში მყოფს, სწორედ იმ დღეს, როცა ღმერთი ელაპარაკა მას.
- 24ოთხმოცდაცხრამეტი წლის იყო აბრაამი, როცა დაიცვითა ჩუჩა.
- 25მისი ვაჟი ისმაელი ცამეტი წლის იყო, როცა დაიცვითა ჩუჩა.
- 26ერთ დღეს დაიცვითეს აბრაამმა და მისმა ვაჟმა ისმაელმა.
- 27მისი სახლის ყველა მამაკაცმა, მის სახლში დაბადებულმა თუ უცხოელთაგან ვერცხლით ნაყიდმა, დაიცვითეს მასთან ერთად.
იტვირთება შემდეგი თავი