დაბადება — საპატრიარქო – orthodoxy.ge
იტვირთება წინა თავი
თავი 18
- 1გამოეცხადა მას უფალი მამრეს მუხნართან, როცა კარვის კართან იჯდა დღის პაპანაქებაში.
- 2თვალი აახილა და ხედავს, სამი კაცი დგას მის შორიახლო; დაინახა და გაიქცა კარვის კარიდან მათ მისაგებებლად და დაბლად თაყვანისცა.
- 3უთხრა: ბატონო, თუ რამ მადლი ვპოვე შენს თვალში, გვერდს ნუ აუვლი შენი მორჩილის კარს.
- 4მცირეოდენ წყალს მოვატანინებ და ფეხს დაგბანენ, მერე მოისვენეთ ხის ჩრდილში.
- 5პურს გამოგიტანთ, დანაყრდით, მერე კი წადით თქვენს გზაზე, რაკიღა თქვენი მორჩილის კარზე გამოიარეთ. მათ უთხრეს: გააკეთე, რასაც ამბობ.
- 6გაიქცა აბრაამი კარავში სარასთან და უთხრა: აბა, საჩქაროდ სამი სეა გამტკიცული ფქვილი მოზილე და ხმიადები დააცხვე.
- 7მერე საქონლისკენ გაიქცა აბრაამი, გამოიყვანა ჩვილი და საღი ხბო და მსახურ ბიჭს მისცა, მანაც სასწრაფოდ დაკლა იგი და გაამზადა.
- 8გამოიტანა ერბო და რძე, გამზადებული ხბოს ხორცი და წინ დაუწყო; ისინი ჭამდნენ, თავად კი ხის ძირას იდგა შორიახლო.
- 9უთხრეს: სად არის სარა, შენი ცოლი? უთხრა: აქ არის, კარავში.
- 10თქვა ერთმა: კიდევ მოვალ შენთან გაის ამ დროს, და, ნახავ, ვაჟი ეყოლება სარას, შენს ცოლს. სარა კარვის კარს უკან იდგა. ყველაფერი ესმოდა.
- 11მოხუცებულნი იყვნენ აბრაამი და სარა, ხანში შესულნი; დედათა წესი შეწყვეტილი ჰქონდა სარას.
- 12გაეცინა გულში სარას: რა სიამე უნდა განვიცადო, როცა დავბერდი? ჩემი პატრონი მოხუცებულია.
- 13უთხრა უფალმა აბრაამს: რა იყო, რომ გაეცინა სარას და თქვა: ნუთუ მართლა ვშობ სიბერეშიო?
- 14რა არის უფლისთვის შეუძლებელი? დათქმულ ჟამს, გაის ამ დროოს ისევ მოვალ შენთან და, ნახავ, ვაჟი ეყოლება სარას.
- 15გადათქვა სარამ: არ გამიცინიაო, რადგან შეეშინდა. უთხრა: არა, გაიცინე.
- 16ადგნენ კაცები და სოდომისკენ გაემართსენ. აბრაამი გაჰყვა გასაცილებლად.
- 17თქვა უფალმა: როგორ დავუმალო აბრაამს, ჩემს მორჩილს, რის გაკეთებასაც ვაპირებ?
- 18აბრაამი ხომ დიდ და ძლიერ ხალხად იქცევა, ყველა ხალხი დედამიწის ზურგზე კურთხეული იქნება მისით;
- 19რადგან ვიცი, რომ უანდერძებს იგი თავის შვილებსა და თავის სახლს თავის შემდეგ - იარონ უფლის გზაზე, მოიქცნენ სიმართლით და სამართალი საჯონ, რათა აუხდინოს უფალმა აბრაამს ყველაფერი, რაც ნათქვამი აქვს მასზე.
- 20თქვა უფალმა: გახშირდა სამდურავი სოდომსა და გომორზე, მეტისმეტად დაუმძიმდათ ცოდვები.
- 21ჩავალ და ვნახავ, საქმით დაიმსახურეს თუ არა სამდურავი, ჩემამდე რომ მოაწია.
- 22გაბრუნდნენ კაცები იქიდან და წავიდნენ სოდომს, აბრაამი კი კვლავ იდგა უფლის წინაშე.
- 23მიეახლა აბრაამი და უთხრა: ნუთუ მართალ კაცს ბოროტეულთან ერთად დაღუპავ?
- 24იქნებ აღმოჩნდეს ორმოცდაათი მართალი მაგ ქალაქში? ნუთუ დაღუპავ და არ შეიწყალებ მაგ ადგილს ორმოცდაათი მართალის გულისათვის, მანდ რომ არიან?
- 25არ ეგების შენგან ეს საქმე, რომ მოაკვდინო მართალი ბოროტეულთან ერთად და არ იყოს გარჩევა მართალსა და ბოროტეულს შორის. არ ეგების! არ იქნება, რომ მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა სამართლიანად არ განსაჯოს.
- 26უთხრა უფალმა: თუ ვპოვე სოდომ-ქალაქში ორმოცდაათი მართალი, შევიწყალებ მთელს მაგ ადგილს მათი გულისათვის.
- 27მიუგო აბრაამმა და უთხრა: აჰა, გავბედე უფალთან ლაპარაკი, მე, მტვერმა და ნაცარმა:
- 28ორმოცდაათს რომ ხუთი დააკლდეს? ნუთუ დაღუპავ ამის გამო მთელს ქალაქს? უთხრა: არ დავღუპავ, თუ ვპოვე იქ ორმოცდახუთი.
- 29განაგრძო ლაპარაკი აბრაამმა და უთხრა: ორმოცი რომ აღმოჩნდეს? უთხრა: არ ჩავიდენ ამას იმ ორმოცის გულისათვის.
- 30თქვა აბრაამმა: ნუ გამიწყრება უფალი და ვიტყვი: ოცდაათი რომ აღმოჩნდეს? უთხრა: არ გავაკეთებ ამას, თუ ვპოვე ოცდაათი.
- 31თქვა აბრაამმა: აჰა, გავბედე უფალთან ლაპარაკი: ოცი რომ აღმოჩნდეს? უთხრა: არ დავღუპავ იმ ოცის გულისათვის.
- 32უთხრა აბრაამმა: ნუ გამიწყრება უფალი და ამ ერთხელაც ვიტყვი: ათი რომ აღმოჩნდეს? უთხრა: არ დავღუპავ იმ ათის გულისათვის.
- 33წავიდა უფალი, როგორც კი შეწყვიტა ლაპარაკი აბრაამთან. აბრაამიც დაბრუნდა თავის ადგილას.
იტვირთება შემდეგი თავი