დაბადება — საპატრიარქო – orthodoxy.ge
იტვირთება წინა თავი
თავი 19
- 1შევიდა ორი ანგელოზი სოდომში საღამო ხანს, როცა სოდომის კარიბჭესთან იჯდა ლოტი. დაინახა ისინი ლოტმა, წამოუდგა მისაგებებლად და მდაბლად თაყვანისცა.
- 2უთხრა: აქეთ მობრძანდით, ჩემო ბატონებო, შემოუხვიეთ თქვენი მორჩილის სახლში. ფეხს დაიბანთ, ღამეს გაათევთ, დილით კი ადრე ადგებით და თქვენს გზაზე წახვალთ. უთხრეს: არა, ქუჩაში გავათევთ ღამეს.
- 3არ მოეშვა ლოტი და მათაც შეუხვიეს მის სახლში. გაუმზადა სასმელი ლოტმა, დაუცხო ხმიადები და ჭამეს.
- 4ვიდრე დასაძინებლად დაწვებოდნენ, გარს შემოადგნენ სახლს ქალაქის მკვიდრნი, სოდომელი კაცები - ჭაბუკი თუ მოხუცი, მთელი ხალხი მოადგა ყოველის მხრიდან.
- 5დაუძახეს ლოტს და უთხრეს: სად არიან ის კაცები, წუხელ რომ გესტუმრნენ? გამოიყვანე ჩვენთან, უნდა შევიცნოთ.
- 6გამოვიდა მათთან ლოტი კარის ზღურბლზე და გამოიხურა კარი.
- 7უთხრა: ნუ იზამთ ბოროტებას, ძმებო!
- 8აჰა, ორი ქალიშვილი მყავს, რომელთაც მამაკაცი არ იციან; მათ გამოგიყვანთ და უყავით, რაც გენებოთ. ოღონდ იმ კაცებს არაფერი ავნოთ, რადგან ჩემს ჭერქვეშ არიან შემოსულნი.
- 9უთხრეს: მოშორდი აქედან! კვლავ უთხრეს: მარტოხელა კაცი მდგმურად მოსულხარ აქ და უკვე სამართალს სჯი? ახლა მათზე უარეს საქმეს დაგმართებთ. არ მოეშვნენ ამ კაცს, ლოტს და მიიჭრნენ კარის შესამტვრევად.
- 10გამოიწოდეს ხელი სტუმარმა კაცებმა, შინ შეიყვანეს ლოტი და ჩაკეტეს კარი.
- 11იმ კაცებს კი, სახლის შესასვლელთან რომ იდგნენ, სიბრმავე მოჰგვარეს დიდიან- პატარიანა და მათ ქანცი გაუწყდათ შესასვლელის ძებნაში.
- 12უთხრეს იმ კაცებმა ლოტს: კიდევ ვინა გყავს აქ? სიძე, ვაჟები და ქალიშვილები, ყველა, ვინც კი შენიანია ამ ქალაქში, გაიყვანე ამ ადგილიდან,
- 13რადგან უნდა გავანადგუროთ ეს ადგილი, რაკი დიდია მათზე სამდურავი უფლის წინაშე, და მოგვავლინა უფალმა მის გასანადგურებლად.
- 14გავიდა ლოტი და ელაპარაკა თავის სასიძოებს, რომელთაც მისი ქალიშვილები უნდა ეთხოვათ და უთხრა: ადექით და გადით ამ ადგილიდან, რადგან ქალაქის განადგურებას აპირებს უფალი. სასიძოებს ეგონათ, ხუმრობსო ლოტი.
- 15განთიადისას ანგელოზებმა დააჩქარეს ლოტი და უთხრეს: ადექი, მოჰკიდე ხელი შენს ცოლს და ორ ასულს, აქ რომ არიან, რათა შენც არ დაიღუპო. ამ ქალაქის უკეთურობის გამო.
- 16ფეხს ითრევდა ლოტი და იმ კაცებმაც, რადგან უფალმა დაინდო ლოტი, ეხლი ჩასჭიდეს მის ცოლს, მის ორ ასულს, გაიყვანეს და ქალაქის გარეთ დააყენეს.
- 17როცა ყველანი გარეთ გაიყვანეს, უთხრა ერთმა: თუ გინდა ცოცხალი გადარჩე, უკან არ მოიხედო, არც სადმე გაჩერდე ამ მხარეში, მთას შეეფარე, თორემ დაიღუპები.
- 18უთხრა ლოტმა: არა, უფალო.
- 19აჰა, მადლი მიპოვნია შენს მორჩილს შენს თვალში; დიდია შენი წყალობა ჩემდამი რომ მოიღე და გადამარჩინე. მაგრამ მთას ვერ შევეფარები, ვაითუ უბედურებას გადავაწყდე და დავიღუპო.
- 20აგერ, ეს ქალაქი უფრო ახლოსაა გასაქცევად, პატარაც არის, იქ შევაფარებ თავს. პატარა ქალაქია, გადავრჩები.
- 21უთხრა: კეთილი, შეგისრულებ ამ სათხოვარსაც: არ დავამხობ ამ ქალაქს, შენ რომ ახსენე.
- 22აბა, იჩქარე, შეაფარე იქ თავი, რადგან შენს იქ მისვლამდე ამ საქმეს ვერ აღვასრულებ. ამიტომ ეწოდა ამ ქალაქს სახელად ცოღარი.
- 23მზე ამოვიდა ქვეყანაზე და ლოტიც მივიდა ცოღარს.
- 24აწვიმა უფალმა ციდან სოდომს და გომორს გოგირდი და ცეცხლი უფლისაგან.
- 25დაამხო ეს ქალაქები და მთელი მხარე, ამ ქალაქების მთელი მოსახლეობა და დედამიწის აღმონაცენი.
- 26უკან მოიხედა ლოტის ცოლმა და იქცა იგი მარილის სვეტად.
- 27წავიდა აბრაამი დილაადრიან იმ ადგილისკენ და დადგა იქ უფლის წინაშე.
- 28გახედა სოდომსა და გომორს და, აჰა, ხედავს, კვამლი ასდის მიწას, როგორც საკირიდან ავარდნილი ბოლი.
- 29როცა ამხობდა ღმერთი იმ მხარის ქალაქებს, გაიხსენა ღმერთმა აბრაამი და გაარიდა ლოტი ნგრევას, როცა ანგრევდა იმ ქალაქებს, სადაც ცხოვრობდა ლოტი.
- 30აიყარა ლოტი ცოღარიდან და მთაში დასახლდა თავის ორ ქალიშვილთან ერთად, რადან ცოღარში ცხოვრების ეშინოდა. ერთ გამოქვაბულში დასახლდა თავის ორ ქალიშვილთან ერთად.
- 31უთხრა უფროსმა უმცროსს: მოხუცია მამაჩვენი და კაცი არ არის ამ ქვეყანაში, რომ შემოვიდეს ჩვენთან როგორც ქვეყნის წესი და რიგია.
- 32მოდი, დავალევინოთ ღვინო მამაჩვენს და მივუწვეთ, შთამომავლობა აღვუდგინოთ მამაჩვენს.
- 33შეასვეს ღვინო მამას იმ ღამით; მივიდა უფროსი და მიუწვა მამას, ხოლო მამამ ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა.
- 34მეორე დღეს უფროსი ეუბნება უმცროსს: აჰა, ვიწექი წუხელ მამაჩემთან, შევასვათ ღვინო ამაღამაც, მიდი და მიუწექი. შთამომავლობა აღვუდგინოთ მამაჩვენს.
- 35შეასვეს ღვინო იმ ღამითაც მამას; ადგა უმცროსი და მიუწვა, ხოლო მან ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა.
- 36დაორსულდა ლოტის ორი ასული მამისაგან.
- 37შვა ძე უფროსმა და უწოდა სახელად მოაბი. იგი არის მოაბელთა მამა დღევანდლამდე.
- 38უმცროსმაც შვა ძე და უწოდა სახელად ბენ-ყამი. იგი არის ყამონიანთა მამა დღევანდლამდე.
იტვირთება შემდეგი თავი