დაბადება — საპატრიარქო – orthodoxy.ge
იტვირთება წინა თავი
თავი 20
- 1გაემგზავრა იქიდან აბრაამი ნეგების მხრისკენ და დასახლდა კადეშსა და შურს შორის, და იყო მდგმურად გერარში.
- 2თქვა აბრაამმა სარაზე, თავის ცოლზე: ჩემი და არის ეს ქალი. მაშინ გაგზავნა აბიმელექმა, გერარის მეფემ, კაცი და წაიყვანა სარა.
- 3მოევლინა ღამით სიზმარში აბიმელექს ღმერთი და უთხრა: მოკვდები ამ ქალის გამო, შენ რომ მოიყვანე. რადგან ქმრიანია იგი.
- 4აბიმელექი არ მიჰკარებია ქალს. უთხრა: უფალო, ნუთუ მართალ ხალხს დაღუპავ?
- 5განა თავად არ მითხრა, ჩემი და არისო? ქალმაც ხომ მითხრა, ჩემი ძმა არისო ეს კაცი? წრფელი გულითა და უმწიკვლო ხელით გავაკეთე ეს.
- 6უთხრა მას ღმერთმა სიზმარში: მეც ვიცოდი, რომ წრფელი გულით გააკეთე ეს და ამიტომაც განგარიდე ცოდვას ჩემს წინაშე: არ მიგაკარე მაგ ქალს.
- 7ახლა კი დაუბრუნე ქმარს ცოლი, რადგან წინასწარმეტყველია ის კაცი. ილოცებს შენთვის, რომ ცოცხალი გადარჩე. თუ არ დაუბრუნებ, იცოდე, სიკვდილი არ აგცდებათ არც შენ და არც შენიანებს.
- 8ადგა დილაადრიანად აბიმელექი, დაიბარა თავისი მორჩილნი და მოუყვა მათ მთელ ამ ამბავს. მეტისმეტად შეშინდა ხალხი.
- 9დაიბარა აბიმელექმა აბრაამი და უთხრა: ეს რა გვიყავი? რა შეგცოდე, რომ ასეთ დიდ ცოდვაში მაგდებდი მეც და ჩემს სამეფოსაც? ისეთ საქმეს მიპირებდი, რაც არავისთვის უქნიათ ოდესმე.
- 10კვლავ უთხრა აბიმელექმა აბრაამს: რას ფიქრობდი, ამ საქმეს რომ მიპირებდი?
- 11უთხრა აბრაამმა: ვიფიქრე, ღვთის შიში არ ექნებათ ამ კუთხეში და ჩემი ცოლის გამო მომკლავენ-მეთქი.
- 12მართლაც ჩემი და არის ეს ქალი, მამაჩემის ასულია იგი, ოღონდ დედაჩემის ასული არ არის. ამიტომაც ვითხოვე ცოლად,
- 13როცა ღმერთმა მამაჩემის სახლიდან ამახეტიალა, ვუთხარი ქალს: ეს ერთი მადლი მიყავი-მეთქი: რა მხარეშიც რა უნდა მოვხვდეთ, თქვი ჩემზე, ჩემი ძმა არის-თქო ეს კაცი.
- 14აიღო და მისცა აბიმელექმა აბრაამს ცხვარ-ძროხა, ყმები და ყმაქალები. და დაუბრუნა სარაც, მისი ცოლი.
- 15უთხრა აბიმელექმა: აჰა, შენს წინაშეა ჩემი ქვეყანა, იცხოვრე შენს ნებაზე.
- 16სარას უთხრა: აჰა, ათასი ვერცხლი მივეცი შენს ძმას. ამან მოგწმინდოს ნამუსი ყველას წინაშე, ვინც შენთან არის. ყველასთან გამართლებული ხარ!
- 17ილოცა აბრაამმა ღვთის წინაშე და განკურნა ღმერთმა აბიმელექი. მისი ცოლი და მისი მხევლები, და ეყოლათ შვილები.
- 18რადგან ყველასთვის დაეხშო უფალს საშო აბიმელექის სახლში აბრაამის ცოლის, სარას გამო.
იტვირთება შემდეგი თავი