დაბადება — საპატრიარქო – orthodoxy.ge
იტვირთება წინა თავი
თავი 21
- 1უფალმა იზრუნა სარაზე, როგორც ნათქვამი ჰქონდა; ის გაუკეთა უფალმა სარას, რასაც ამბობდა.
- 2დაორსულდა სარა და უშვა აბრაამს მისი სიბერის ძე დანიშნულ დროზე, რომელიც დათქმული ჰქონდა მისთვის ღმერთს.
- 3უწოდა აბრაამმა სახელად ისაკი თავის ძეს, შეძენილს, რომელიც უშვა მას სარამ.
- 4წინადაცვითა აბრაამმა ისაკი, თავისი ძე, რვა დღისა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მისთვის ღმერთს.
- 5ასი წლის იყო აბრაამი, როცა შეეძინა მას ისაკი, თავისი ძე.
- 6თქვა სარამ: სასაცილო გამხადა ღმერთმა; ვინც კი გაიგებს ამ ამბავს, ყველა დამცინებს.
- 7თქვა: ვინ ეტყოდა აბრაამს, შვილებს ძუძუს მოაწოვებსო სარა? და მაინც ვშობე მისი სიბერის ძე.
- 8წამოიზარდა ბავშვი და მოსწყვიტეს ძუძუს. გადაიხადა აბრაამმა დიდი პურობა იმ დღეს, როცა ძუძუს მოსწყვიტეს ისაკი.
- 9დაინახა სარამ, რომ დასცინოდა მის შვილს შვილი ეგვიპტელი აგარისა, რომელმაც უშვა იგი აბრაამს.
- 10უთხრა სარამ აბრაამს: გააგდე ეს ყმაქალი და მისი შვილი, რადგან ვერ უნდა დაიდოს წილი ამ ყმაქალის შვილმა ჩემს შვილთან, ისაკთან ერთად.
- 11მეტისმეტად შეაწუხა აბრაამი ამ ამბავმა თავისი შვილის, ისმაელის გამო.
- 12უთხრა ღმერთმა აბრაამს: ნუ სწუხარ ყმაწვილზე და შენს ყმა ქალზე; ყველაფერი გაუგონე სარას, რასაც გეტყვის; რადგან ისაკით დაგეწყება შთამომავლობა.
- 13ყმაქალის ძესაც ხალხად ვაქცევ, რადგან შენი თესლია იგი.
- 14ადგა დილაადრიანად აბრაამი, აიღო პური, ერთი მათარა წყალი და მისცა აგარს, ზურგზე შეუსვა ბავშვი და გაუშვა. წავიდა ქალი და ხეტიალობდა ბერშებას უდაბნოში.
- 15გაუთავდა მათარაში წყალი და დასვა ბავშვი ერთი ბუჩქის ძირას.
- 16წავიდა და დაჯდა თავისთვის მოშორებით, საისრეზე, რადგან იფიქრა, ბავშვის სიკვდილს ვერ ვუყურებო. იჯდა მოშორებით და ხმამაღლა ტიროდა.
- 17მოესმა ღმერთს ყმაწვილის ხმა; დაუძახა აგარს ღვთის ანგელოზმა ციდან და უთხრა: რა იყო, აგარ? ნუ გეშინია, რადგან მოესმა ღმერთს შენი ყმაწვილის ხმა იმ ადგილიდან, სადაც არის.
- 18ადექი, აიყვანე ყმაწვილი ხელში, რადგან დიდ ხალხად ვაქცევ მას.
- 19აუხილა მას თვალი ღმერთმა და დაინახა ქალმა წყლიანი ჭა; წავიდა, წყლით აავსო მათარა და ყმაწვილს დაალევინა.
- 20ღმერთი იყო ყმაწვილთან; გაიზარდა და უდაბნოში დამკვიდრდა, და მშვილდოსანი შეიქნა.
- 21დასახლდა ფარანის უდაბნოში და მიუყვანა მას დედამისმა ცოლი ეგვიპტელთა ქვეყნიდან.
- 22იმ ხანებში იყო, რომ უთხრეს აბრაამს აბიმელექმა და ფიქოლმა, მისმა მხედართმთავარმა: ღმერთია შენთან ყველა საქმეში, რასაც აკეთებ.
- 23ახლა, შემომფიცე ღვთის სახელით, რომ არ მიმტყუნებ არც მე და არც ჩემს მონაგარს და მოდგმას; როგორც მე გექცეოდი კეთილად, ისე შენც მოგვექეცი კეთილად მე და ამ ქვეყანას, სადაც მდგმურადა ხარ.
- 24უთხრა აბრაამმა: გეფიცები.
- 25საყვედურობდა აბრაამი აბიმელექს წყლის ჭის გამო, რომელიც მიტაცებული ჰქონდა აბიმელექის მორჩილთ.
- 26უთხრა აბიმელექმა: არ ვიცი, ვინ ქნა ეს საქმე; შენ არაფერი გითქვამს ჩემთვის; მეც არაფერი მსმენია დღემდე.
- 27აიღო და მისცა აბრაამმა ცხვარ-ძროხა აბიმელექს; და შეკრეს კავშირი.
- 28ცალკე გამოასხა აბრაამმა ფარიდან შვიდი ბატკანი.
- 29უთხრა აბიმელექმა აბრაამს: რა არის ეს შვიდი ბატკანი, ცალკე რომ გამოასხი?
- 30უთხრა აბრაამმა: მიიღე ჩემგან ეს შვიდი ბატკანი იმის დასტურად, რომ ჩემი ამოთხრილია ეს ჭა.
- 31ამიტომ უწოდა ამ ადგილს ბერშება, რადგან აქ შეჰფიცეს ერთმანეთს.
- 32შეკრეს კავშირი ბერშებაში; ადგნენ აბიმელექი და ფიქოლი, მისი მხედართმთავარი, და დაბრუნდნენ ფილისტიმელთა ქვეყანაში.
- 33დარგო იალღუნი ბერშებაში აბრაამმა და ახსენა იქ უფლის, საუკუნო ღმერთის სახელი.
- 34მდგმურობდა აბრაამი ფილისტიმელთა ქვეყანაში მრავალი ხანი.
იტვირთება შემდეგი თავი