დაბადება — საპატრიარქო – orthodoxy.ge
იტვირთება წინა თავი
თავი 22
- 1ამ ამბების შემდეგ იყო, რომ გამოსცადა აბრაამი ღმერთმა და უთხრა: აბრაამ! მიუგო: აქა ვარ!
- 2უთხრა: მოჰკიდე ხელი შენს შვილს, შენს მხოლოდშობილს, რომელიც გიყვარს, ისაკს, და წადი მორიას მხარეში. იქ შესწირე აღსავლენ მსხვერპლად ერთ მთაზე, რომელსაც გიჩვენებ.
- 3ადგა დილაადრიანად აბრაამი, შეკაზმა სახედარი, თან წაიყოლა ორი მსახური ბიჭი და ისაკი, თავისი შვილი; დაჩეხა სამსხვერპლო შეშაც, ადგა და წავიდა ადგილისკენ, ღმერთმა რომ მიუნიშნა.
- 4მესამე დღეს გაიხედა აბრაამმა და შორიდან დაინახა ის ადგილი.
- 5უთხრა აბრაამმა მსახურ ბიჭებს: თქვენ აქ დარჩით სახედართან, მე და ეს ბიჭი კი იქ წავალთ, თაყვანს ვცემთ და თქვენთან მოვბრუნდებით.
- 6აიღო აბრამმა სამსხვერპლო შეშა, აჰკიდა ისაკს, თავის შვილს; ხელში დაიჭირა ცეცხლი და დანა, და ასე წავიდნენ ორნი ერთად.
- 7უთხრა ისაკმა აბრაამს, თავის მამას, უთხრა: მამაჩემო! უთხრა აბრაამმა: რა იყო, შვილო? უთხრა ისაკმა: ცეცხლი და შეშა მოგვაქვს. აღსავლენი კრავი სადღა არის?
- 8უთხრა აბრაამმა: ღმერთი გამოაჩენს თავისთვის აღსავლენ კრავს. ასე მიდიოდნენ ორნი ერთად.
- 9მიადგნენ იმ ადგილს, ღმერთმა რომ უთხრა, და აღმართა იქ აბრაამმა სამსხვერპლო, დააწყო შეშა, შეკრა ისაკი, თავისი შვილი, და დასვა იგი სამსხვერპლოზე, შეშის ზემოთ.
- 10გაიწოდა ხელი აბრაამმა და აიღო დანა შვილის დასაკლავად.
- 11მოუხმო მას უფლის ანგელოზმა ციდან და უთხრა: აბრაამ! მიუგო: აქა ვარ.
- 12უთხრა: ნუ აღმართავ ხელს ამ ყმაწვილზე, ნურაფერს დაუშავებ მას, რადგან მივხვდი, ღვთისმოშიში ყოფილხარ - მხოლოდშობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის.
- 13გაიხედა აბრაამმა და ხედავს, აჰა, ერთი ვერძი რქებით გახლართულა ბუჩქებში. მივიდა აბრაამი, აიყვანა ვერძი და შესწირა აღსავლენ მსხვერპლად შვილის ნაცვლად.
- 14უწოდა აბრაამმა სახელად ამ ადგილს: ღმერთი გამოაჩენს. ამიტომ ითქმის დღეს: მთაზე უფალი გამოჩნდა.
- 15მეორეგზის მოუხმო უფლის ანგელოზმა აბრაამს ციდან
- 16და უთხრა: თავს გეფიცები, ამბობს უფალი, რაკი ეს საქმე გააკეთე, რაკი მხოლოდშობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის,
- 17კურთხევით გაკურთხებ და გიმრავლებ შთამომავლობას ცის ვარსკვლავებივით და ზღვის ქვიშასავით; დაიმკვიდრებს შენი შთამომავლობა შენს მტერთა ქალაქებს;
- 18იკურთხებიან შენი შთამომავლობის წყალობით ქვეყნიერნი, რადგან შეისმინე ჩემი სიტყვა.
- 19დაბრუნდა აბრაამი თავის მსახურ ბიჭებთან; ადგნენ და წავიდნენ ერთად ბერშებაში. და ცხოვრობდა აბრაამი ბერშებაში.
- 20ამ ამბების შემდგომ მოხდა, რომ ემცნო აბრაამს: აჰა, მილქასაც უშვია ვაჟიშვილები ნახორისთვის, შენი ძმისათვის:
- 21ყუცი, მისი პირმშო, ბუზი, ამის ძმა, კემუელი, არამელთა მამა,
- 22ქესედი, აზო, ფალდასი, იდლაფი და ბეთუელი.
- 23ბოლო ბეთუელს შეეძინა რებეკა. ეს რვანი უშვა მილქამ ნახორს, აბრაამის ძმას.
- 24მისმა ხარჭამაც, სახელად რეუმამ, შვა ვაჟები: ტებანი, გახამი, თახაში და მაყაქა.
იტვირთება შემდეგი თავი