დაბადება — საპატრიარქო – orthodoxy.ge
იტვირთება წინა თავი
თავი 24
- 1მოხუცდა აბრაამი, ხანში შევიდა; ყველაფრით ნაკურთხი ჰყავდა უფალს აბრაამი.
- 2უთხრა აბრაამმა თავის მორჩილს, თავის სახლთუხუცესს, მთელი თავისი ქონების განმგებელს: საზარდულქვეშ ამომიდევი ხელი.
- 3გაფიცებ უფალს, ღმერთს ცისას და ღმერთს მიწისას. არ მოუყვანო ცოლი ჩემს ძეს ქანაანელთაგან, რომელთა შორისაც მე ვცხოვრობ;
- 4არამედ წახვიდე ჩემს ქვეყანაში, ჩემს სამშობლოში და მოუყვანო ცოლი ჩემს ძეს, ისაკს.
- 5უთხრა მორჩილმა: თუ არ წამომყვა ის ქალი ამ ქვეყანაში, ხომ არ დავაბრუნო შენი ძე იმ ქვეყნად, საიდანაც შენ გამოხვედი?
- 6უთხრა აბრაამმა: გაფრთხილებ, არ დააბრუნო იქ ჩემი ძე.
- 7უფალი, ცის ღმერთი, რომელმაც წამომიყვანა მამაპაპის სახლიდან, ჩემი სამშობლო ქვეყნიდან, რომელიც მეუბნებოდა და მეფიცებოდა, შენს შთამომავლობას მივცემო ამ ქვეყანას, სწორედ ის წაგიმძღვარებს თავის ანგელოზს და წამოიყვან იქიდან ქალს ჩემი ძისათვის.
- 8თუ არ წამოგყვა ქალი, თავისუფალი ხარ ამ ჩემი ფიცისგან, ოღონდ იქ არ დააბრუნო ჩემი შვილი.
- 9ამოუდო ხელი საზარდულქვეშ მორჩილმა აბრაამს, თავის პატრონს და შეჰფიცა, რომ შეუსრულებდა ამას.
- 10გამოიყვანა მორჩილმა ათი აქლემი თავისი პატრონის ჯოგიდან და გაუდგა გზას; მის ხელში იყო მისი პატრონის მთელი ქონება. ადგა და წავიდა შუამდინარეთში, ნახორის ქალაქისკენ.
- 11ჩაამუხლა აქლემები ქალაქის გარეთ ჭასთან საღამოხანს, წყლის მზიდავი ქალების გამოსვლის ხანს.
- 12თქვა: უფალო, ჩემი პატრონის აბრაამის ღმერთო, ხელი მომიმართე დღევანდელ დღეს, მადლი უყავი ჩემს პატრონს, აბრაამს!
- 13აჰა, ვდგავარ ჭასთან და ამ ქალაქის მკვიდრთა ასულნი სადაცაა გამოვლენ წყლის ამოსაღებად.
- 14თუ მოხდა და ყმაწვილქალმა, რომელსაც ვეტყვი, პირი წაუქციე შენს კოკას, წყალს დავლევ-მეთქი, მითხრა, შენც დალიე და აქლემებსაც დაგირწყულებო, სწორედ ის იქნება შენი მორჩილისთვის, ისაკისთვის რომ გყავს დანიშნული. მივხვდები, რომ მადლი უყავი ჩემს პატრონს.
- 15ვიდრე ამის თქმას მოასწრებდა, აჰა, გამოვიდა მხარზე კოკაშედგმული რებეკა, რომელიც შესძენოდა ბათუელს, მილქასა და აბრაამის ძმის, ნახორის ვაჟიშვილს.
- 16ყმაწვილი ქალი ძალზე კარგი იყო შესახედავად, ქალწული იყო, მამაკაცი არ გაჰკარებოდა. ჩავიდა წყაროზე, კოკა აავსო და ამოვიდა.
- 17გაიქცა მისკენ მორჩილი და უთხრა: ცოტა წყალი დამალევინე შენი კოკიდან.
- 18უთხრა ქალმა: დალიე ბატონო. ჩამოიღო კოკა და თავისი ხელით შეასვა წყალი.
- 19შეასვა თუ არა, უთხრა: შენს აქლემებსაც ამოვუზიდავ წყალს, ვიდრე არ დარწყულდებიან.
- 20უმავლე ჩამოსცალა გეჯაში კოკა და ისევ გაიქცა ჭისკენ წყლის ამოსაღებად. აქლემებსაც ამოუტანა წყალი.
- 21კაცი აკვირდებოდა ქალს, ხმას არ იღებდა, სურდა გაეგო, სასიკეთოდ წარუმართა თუ არა უფალმა გზა.
- 22როცა დარწყულდნენ აქლემები, ამოიღო კაცმა ერთბეკაყიანი ოქროს საყურე და ათბეკაყიანი ორი ოქროს სამაჯური.
- 23უთხრა: ვისი შვილი ხარ? მითხარი, თუ მოიძებნება მამაშენის სახლში ღამის გასათევი ადგილი ჩვენთვის?
- 24უთხრა ქალმა: ბეთუელის შვილი ვარ, მილქასი და ნახორის ძისა.
- 25კვლავ უთხრა: ბზეცა და თივაც მრავლადა გვაქვს და ღამის გასათევი ადგილიც.
- 26მუხლი მოიყარა კაცმა და თაყვანი სცა უფალს.
- 27თქვა: კურთხეულ იყოს უფალი, ჩემი პატრონის, აბრაამის ღმერთი, რომელმაც არ მოაკლო წყალობა და სიყვარული ჩემს პატრონს. პირდაპირ მომაყენა უფალმა ჩემი პატრონის ნათესავების სახლს.
- 28გაიქცა ყმაწვილი ქალი და თავისი დედის სახლში შეატყობინა ეს ამბავი.
- 29ძმა ჰყავდა რებეკას, სახელად ლაბანი. გაიქცა გარეთ ლაბანი იმ კაცისკენ, წყაროსთან.
- 30როცა დაუნახა თავის დას საყურეები და ხელზე სამაჯურები და მოისმინა თავისი დის, რებეკას, მონაყოლი, ასე მელაპარაკაო ის კაცი, მივიდა იმ კაცთან და ხედავს, აქლემებთან დგას, წყაროს პირას.
- 31უთხრა: შინ წამოდი, უფლის კურთხეულო. გარეთ რისთვის დგახარ? ბინა და აქლემების სადგომი გამზადებული მაქვს.
- 32შევიდა კაცი სახლში. შეხსნა ლაბანმა აქლემებს საკაზმები, აქლემებს ბზე და საკვები დაუყარა, მას და მის თანმხლებ კაცებს ფეხის დასაბანად წყალი მიუტანა.
- 33გაუშალეს სუფრა, მან კი უთხრა: არ შევჭამ, ვიდრე ჩემს სათქმელს არ ვიტყვი. უთხრა ლაბანმა: თქვი.
- 34თქვა: აბრაამის მორჩილი ვარ მე.
- 35დიდად აკურთხა უფალმა ჩემი პატრონი და განდიდდა იგი, მისცა მას ცხვარ- ძროხა, ოქრო-ვერცხლი, ყმები და მხევლები, აქლემები და სახედრები;
- 36უშვა ჩემს პატრონს სარამ, მისმა ცოლმა სიბერეში შვილი, რომელსაც მისცა ჩემმა პატრონმა მთელი თავისი საბადებელი.
- 37დამაფიცა ჩემმა პატრონმა, არ მოუყვანო ცოლი ჩემს ძეს ქანაანელთაგან, რომელთა ქვეყანაშიც მე ვცხოვრობო,
- 38არამედ წადი ჩემი მამა-პაპის სახლში, ჩემს სანათესაოში და იქიდან მოუყვანეო ცოლი ჩემს ძეს.
- 39ვუთხარი ჩემს პატრონს: რომ არ წამომყვეს-მეთქი ქალი?
- 40მითხრა: უფალი, რომლის წინაშეც მე დავდივარ, თავის ანგელოზს გაახლებს თან და გზას სასიკეთოდ წარგიმართავს, და მოუყვან ცოლს ჩემს ძეს ჩემი სანათესაოდან, ჩემი მამა-პაპის სახლიდან.
- 41მაშინ გათავისუფლდები ჩემი ფიცისგან, როცა ჩემს სანათესაოში მიხვალ; თუ არ გამოგაყოლეს, თავისუფალი იქნები ჩემი ფიცისგან.
- 42მივედი დღეს წყაროსთან და ვთქვი: უფალო, ჩემი პატრონის, აბრაამის ღმერთო! სასიკეთოდ წარმიმართე გზა, რომელსაც ვადგივარ.
- 43აჰა, ვდგავარ წყაროსთან. როცა მოვა ყმაწვილი ქალი წყლის ამოსაღებად და ვეტყვი, ცოტა წყალი დამალევინე-მეთქი შენი კოკიდან,
- 44ისიც მიპასუხებს, შენც დაგალევინებ წყალს და შენს აქლემებსაც დავარწყულებო, სწორედ ის ქალი იქნება, რომელიც აურჩევია უფალს ჩემი პატრონის შვილისთვის.
- 45ვიდრე ჩემს გულში ამის თქმას მოვასწრებდი, აჰა, მოდის რებეკაც, მხარზე კოკაშედგმული; ჩავიდა წყაროზე და ამოიღო წყალი. ვუთხარი, დამალევინე-მეთქი.
- 46უმალვე ჩამოიღო კოკა და მითხრა: დალიე, და აქლემებსაც დაგირწყულებო. მეც დავლიე და აქლემებიც დამირწყულა.
- 47ვკითხე: ვისი შვილი ხარ-მეთქი? მითხრა: ბეთუელის შვილი ვარ, ნახორის და მილქას ძისაო. მაშინ ჩამოვკიდე საყურეები და ხელზე სამაჯურები გავუკეთე.
- 48მუხლი მოვიყარე და თაყვანი ვეცი უფალს; ვაკურთხე უფალი, ჩემი პატრონის, აბრაამის ღმერთი, რომელიც წამომიძღვა ჭეშმარიტი გზით, რომ ჩემი პატრონის ძმისწული მის შვილს მივგვარო ცოლად.
- 49ახლა, მადლი და სიკეთე თუ გსურთ ჩემი პატრონისთვის, მითხარით; თუ არა და, ესეც მითხარით და წავალ, მარჯვნივ იქნება თუ მარცხნივ.
- 50მიუგეს ლაბანმა და ბეთუელმა: უფლისგან არის ეს საქმე. ვერც ცუდს გეტყვით, ვერც კარგს.
- 51აჰა, აგერ არის რებეკა; წაიყვანე და წადი! გახდეს შენი პატრონის ძის ცოლი, როგორც უბრძანებია უფალს.
- 52როცა მოისმინა აბრაამის მორჩილმა მათი ნათქვამი, მდაბლად თაყვანისცა უფალს.
- 53ამოიღო მორჩილმა ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი და სამოსელი და მისცა რებეკას; მის ძმას და დედასაც მიართვა ძვირფასი საჩუქრები.
- 54ჭამეს და სვეს მან და მისმა თანმხლებმა კაცებმა; ღამე გაათიეს. ადგნენ დილით და თქვა მორჩილმა: გამიშვით ჩემს პატრონთან.
- 55უთხრეს ქალის ძმამ და დედამ: დარჩეს ჩვენთან ყმაწვილი ქალი ერთხანს, ათი დღით მაინც. მერე კი წადი.
- 56უთხრა მორჩილმა: ნუ დამაკავებთ. სასიკეთოდ წარუმართავს უფალს გზა ჩემთვის. გამიშვით და წავალ ჩემს პატრონთან.
- 57თქვეს: დავუძახოთ ყმაწვილ ქალს და ვკითხოთ, რას იტყვის.
- 58დაუძახეს რებეკას და ჰკითხეს: თუ წახვალ ამ კაცთან ერთად? უთხრა: წავალ.
- 59გაისტუმრეს რებეკა, თავიანთი დაი, მისი ძიძითურთ, აბრაამის მორჩილი და მისი კაცები.
- 60დალოცეს რებეკა და უთხრეს: ჩვენი და ხარ შენ. ბევრათასჯერ იმრავლე, თავისი მტრების ქალაქები დაიმკვიდროს შენმა შთამომავლობამ!
- 61ადგნენ რებეკა და მისი მხევლები და შესხდნენ აქლემებზე, და გაჰყვნენ იმ კაცს. წაიყვანა მორჩილმა რებეკა და წავიდა.
- 62ხოლო ისაკი წამოსულიყო ბერ-ლახაი-როიდან და ცხოვრობდა ნეგების მხარეში.
- 63გავიდა ისაკი მინდორში სასეირნოდ საღამოხანს. გაიხედა და ხედავს, აჰა, აქლემები მოდიან.
- 64გაიხედა რებეკამ, დაინახა ისაკი და ჩამოვიდა აქლემიდან.
- 65უთხრა მორჩილს: ვინ არის ის კაცი, მინდორში რომ მოდის ჩვენს შესახვედრად? თქვა მორჩილმა; ჩემი პატრონია. აიღო ქალმა რიდე და ჩამოიფარა.
- 66უამბო მორჩილმა ისაკს ყველაფერი, რაც გააკეთა.
- 67შეიყვანა ისაკმა ქალი თავისი დედის, სარას კარავში და შეირთო ცოლად. შეუყვარდა იგი ისაკს და დედის გამო მწუხარება გაუქარვდა.
იტვირთება შემდეგი თავი