დაბადება — საპატრიარქო – orthodoxy.ge
იტვირთება წინა თავი
თავი 25
- 1კიდევ ითხოვა აბრაამმა ცოლი, სახელად კეტურა.
- 2უშვა ქალმა ზიმრანი, იაქშანი, მედანი, მიდიანი, იშბაკი და შუახი.
- 3იაკშანს შეეძინა შება და დედანი; დედანის შვილები იყვნენ: აშურიმი, ლეტუშიმი და ლეუმიმი.
- 4მადიანის შვილები: ღეფა, ყეფერი, ხანოქი, აბიდაყი და ელდაღა. ყველა ესენი კეტურას შვილები არიან.
- 5მისცა აბრაამმა ისაკს მთელი თავისი საბადებელი.
- 6ხოლო თავის ხარჭების შვილებს აბრაამმა საჩუქრები დაურიგა და თავის სიცოცხლეშივე მოაშორა ისინი ისაკს, თავის ძეს, და გაუშვა აღმოსავლეთისკენ, აღმოსავლეთის მხარეში.
- 7აბრაამის სიცოცხლის ხანი, რაც იცოცხლა, იყო ას სამოცდათხუთმეტი წელი.
- 8აღესრულა და მოკვდა აბრაამი ტკბილ სიბერეში, მოხუცებული და ხანსრული, და შეერთო თავის ხალხს.
- 9დამარხეს იგი ისაკმა და ისმაელმა, მისმა შვილებმა, მახფელას გამოქვაბულში, ხეთელი ყეფრონ ცონარის ძისეულ მინდორზე, მამრეს გასწვრივ,
- 10იმ მინდორზე, რომელიც აბრაამმა შეისყიდა ხეთელებისგან. იქ მარხიან აბრაამი და მისი ცოლი სარა.
- 11აბრაამის სიკვდილის შემდეგ აკურთხა ღმერთმა ისაკი, მისი შვილი. დასახლდა ისაკი ბერ-ლახაი-როის მახლობლად.
- 12ეს არის მოდგმა აბრაამის ძის, ისმაელისა, რომელიც უშვა აბრაამს აგარმა, სარას ყმაქალმა.
- 13ეს არის ისმაელის ძეთა სახელები, სახელდებით მათი მოდგმისდა მიხედვით: ისმაელის პირმშო ნებაიოთი, მერე კედარი, ადბეელი და მიბსამი,
- 14მიშმაყი, დუმა და მასსა,
- 15ხადადი, თემა, იეტური, ნაფიში და კედმა.
- 16ესენი არიან ისმაელის ძენი, ეს არის მათი სახელები მათ დაბებსა და ბანაკებში, თორმეტი ბელადია თავ-თავისი ტომისა.
- 17ისმაელის სიცოცხლის ხანი იყო ას ოცდაჩვიდმეტი წელი. აღესრულა იგი და მოკვდა და შეერთო თავის ხალხს.
- 18სახლობდნენ ხავილადან მოყოლებული შურამდე, ეგვიპტის გასწვრივ, აშურისკენ თუ მიდიხარ. ყველანი ერთმანეთის პირისპირ განლაგდნენ.
- 19აჰა, ისაკის მოდგმა, აბრაამის ძისა: აბრაამმა შვა ისაკი.
- 20ორმოცი წლისა იყო ისაკი, როცა მოიყვანა ცოლად რებეკა, შუამდინარეთიდან მოსული არამელი ბათუელის ასული, არამელი ლაბანის და.
- 21ევედრებოდა ისაკი უფალს თავისი ცოლისთვის, რადგან ბერწი იყო იგი. უსმინა მას უფალმა და დაორსულდა რებეკა, მისი ცოლი.
- 22ეჯაჯგურებოდნენ ერთმანეთს შვილები მის საშოში და თქვა ქალმა: თუ ასეა, რიღასთვის ჩამესახნენ? და წავიდა უფლისათვის შესაკითხად.
- 23უთხრა უფალმა: ორი ხალხია შენს მუცელში, ორი ტომი გამოვა შენი საშოდან; ერთი ტომი მეორეზე ძლიერი იქნება, უფროსი უმცროსს დაემორჩილება.
- 24მოაწია მშობიარობის ჟამმა და, აჰა, ტყუპები არიან მის მუცელში.
- 25გამოვიდა პირველი - სულ მთლად წითელი და თითქოს ტყავ-ფუჩით შემოსილი; და დაარქვეს მას სახელად ესავი.
- 26მერე გამოვიდა მისი ძმა, ხელი ესავის ქუსლზე ჰქონდა მოჭიდებული; და დაარქვეს მას სახელად იაკობი. სამოცი წლისა იყო ისაკი მათი შობისას.
- 27წამოიზარდნენ ყმაწვილები; შეიქნა ესავი მარჯვე მონადირე, ველების კაცი. იაკობი იყო სრული კაცი კარვებში მცხოვრები.
- 28უყვარდა ისაკს ესავი, რადგან ნანადირევი იყო მისი საჭმელი; ხოლო რებეკას იაკობი უყვარდა.
- 29მოამზადა იაკობმა შეჭამადი და ესავიც დაბრუნდა ველიდან დაღლილი.
- 30უთხრა ესავმა იაკობს: შემახვრეპინე წითელი, ეგ წითელი, რადგან დაღლილი ვარ. ამიტომაც ეწოდა სახელად ედომი (წითური).
- 31უთხრა იაკობმა: ახლავე მომყიდე შენი პირმშოება.
- 32თქვა ესავმა: სიკვდილის პირას ვარ და რაღად მინდა პირმშოება.
- 33უთხრა იაკობმა: ახლავე შემომფიცე. შეჰფიცა და მიჰყიდა იაკობს პირმშოება.
- 34მაშინ მისცა იაკობმა ესავს პური და ცერცვის შეჭამადი. ჭამა, სვა, ადგა და წავიდა. არად ჩააგდო ესავმა პირმშოება.
იტვირთება შემდეგი თავი