დაბადება — საპატრიარქო – orthodoxy.ge
იტვირთება წინა თავი
თავი 26
- 1ჩამოვარდა შიმშილი ქვეყანაში იმ წინანდელი შიმშილობის შემდეგ, აბრაამის დროს რომ მოხდა, და წავიდა ისაკი აბიმელექთან, ფილისტიმელთა მეფესთან, გერარში.
- 2გამოეცხადა მას უფალი და უთხრა: ნუ ჩახვალ ეგვიპტეში, იმ ქვეყნად დასახლდი, რომელსაც გეტყვი.
- 3მდგმურად იყავი ამ ქვეყანაში და მეც შენთან ვიქნები, გაკურთხებ და შენს შთამომავლობას მივცემ მთელს ამ ქვეყნებს, ავასრულებ ფიცს, რომელიც აბრაამს, მამაშენს დავუდევი,
- 4ცის ვარსკვლავებივით გაგიმრავლებ-მეთქი შთამომავლობას და მივცემ შენს შთამომავლობას მთელს ამ ქვეყნებს, შენი შთამომავლობით იკურთხება-მეთქი მთელი ქვეყნის ხალხი.
- 5იმის გამო, რომ დამიჯერა აბრაამმა და ასრულებდა ჩემს ნაანდერძევს, ჩემს ბრძანებებს, ჩემს მცნებებს, ჩემს ნაანდერძევს, ჩემს ბრძანებებს, ჩემს მცნებებს, ჩემს სჯულდებებს.
- 6დაიწყო ცხოვრება ისაკმა გერარში.
- 7გამოკითხეს იქაურმა კაცებმა მისი ცოლის, რებეკას ვინაობა. მან უთხრა: და არის ჩემი. რადგან შეეშინდა ეთქვა, ცოლი არისო, ვაითუ მოეკლათ იქაურ კაცებს რებეკას გამო, რადგან მშვენიერი შესახედავი იყო.
- 8კარგა ხნის ნაცხოვრები იყო ისაკი იმ ქვეყანაში, როცა გამოიხედა აბიმელექმა, ფილისტიმელთა მეფემ, სარკმელში და ხედავს, ელაღობება ისაკი რებეკას, თავის ცოლს.
- 9დაიბარა აბიმელექმა ისაკი და უთხრა: ნამდვილად შენი ცოლია ეს ქალი; რამ გათქმევინა ჩემი და არისო? უთხრა ისაკმა: ვიფიქრე, მისი გულისთვის არ მომკლან- მეთქი.
- 10უთხრა აბიმელექმა: ეს რა გვიყავი? კინაღამ დაწვა შენს ცოლთან ერთი ჩვენებური, და კიდევ გაგვრევდი ცოდვაში.
- 11უბრძანა აბიმელექმა მთელს ხალხს: ვინც ხელს ახლებს ამ კაცს და მის ცოლს, სიკვდილი არ ასცდება.
- 12დათესა ისაკმა იმ მიწაზე და ასწილად მოიმკო მოსავალი იმ წელიწადს. და აკურთხა იგი უფალმა.
- 13გამდიდრდა კაცი და უფრო და უფრო მდიდრდებოდა, ვიდრე მეტისმეტად არ გამდიდრდა.
- 14ჰყავდა ცხვრის ფარა, ნახირი და ჰქონდა უამრავი სახნავ-სათესი, და შეშურდათ მისი ფილისტიმელებს.
- 15ჭები, რომლებიც მამამისის მორჩილებს ჰქონდათ ამოღებული აბრაამის, მამამისის დროს, ფილისტიმელებმა ჩახერგეს და მიწით ამოავსეს.
- 16უთხრა აბიმელექმა ისაკს: გაგვეცალე, რადგან ჩვენზე უფრო ძლიერი შეიქენი.
- 17წავიდა იქიდან ისაკი და დადგა გერარის ხეობაში, და იქ დასახლდა.
- 18ისევ ამოიღო ისაკმა აბრაამის, მამამისის დროს ამოღებული ჭები, ფილისტიმელებმა რომ ამოავსეს აბრაამის სიკვდილის შემდეგ და კვლავ უწოდა ის სახელები, მამამისმა რომ შეარქვა.
- 19თხრიდნენ ისაკის მორჩილნი გერარის ხეობაში და წააწყდნენ იქ გამდინარე ჭას.
- 20ედავებოდნენ გერარელი მწყემსები ისაკის მწყემსებს, ჩვენიაო წყალი. უწოდა სახელად იმ ჭას: ყესეკი; რადგან დაობდნენ მასთან.
- 21ამოიღეს მეორე ჭა და მასზედაც შეედავნენ; უწოდა მას სახელად სიტნა.
- 22გადაინაცვლა იმ ადგილიდან და კიდევ ამოიღო სხვა ჭა; მასზე აღარ შედავებიან და უწოდა სახელად რეხობოთი (სიფართოვე). თქვა: რაკი ამიერიდან გაგვაფართოვა უფალმა, ვიმრავლებთ ამქვეყნად.
- 23დაიძრა იქიდან ბერშებასაკენ.
- 24გამოეცხადა იმ ღამით უფალი და უთხრა: მე ვარ აბრაამის, მამაშენის ღმერთი; ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ. გაკურთხებ, გაგიმრავლებ შთამომავლობას აბრაამის, ჩემი მორჩილის გულისათვის.
- 25აღმართა იქ სამსხვერპლო და ახსენა უფლის სახელი. დასცა იმ ადგილას კარავი და იქაც ამოიღეს ჭა ისაკის მორჩილებმა.
- 26მოვიდნენ მასთან გერარიდან აბიმელექი, მისი მოყვარე ახუზათი და ფიქოლი, მისი მხედართმთავარი.
- 27უთხრა მათ ისაკმა: რისთვის მოხვედით ჩემთან? აკი შემიძულეთ და მომიშორეთ?
- 28უთხრეს: კარგად ვხედავთ, რომ უფალი შენთანაა. ვთქვით: დაიდოს ფიცი ჩვენს შორის, ჩვენსა და შენს შორის, და შევკრათ კავშირი ერთმანეთთან,
- 29რომ არ გვიბოროტო. ჩვენ ხომ ხელი არ გვიხლია შენთვის, სიკეთის მეტი არაფერი გაგვიკეთებია, მშვიდობითაც გაგისტუმრეთ. ამიერიდან უფლის კურთხეული ხარ.
- 30გაუმართა მათ ლხინი ისაკმა; ჭამეს და სვეს.
- 31ადგნენ დილაადრიანად და შეჰფიცეს ერთმანეთს. გაისტუმრა ისაკმა ისინი და მშვიდობით წავიდნენ მისგან.
- 32იმავე დღეს მოვიდნენ ისაკის მორჩილნი და შეატყობინებს ჭის ამბავი, რომელსაც თხრიდნენ. უთხრეს წყალი ვიპოვეთო.
- 33უწოდა მას სახელად შიბყა. ამიტომაც ეწოდება ქალაქს სახელად ბერშება დღევანდლამდე.
- 34ორმოცი წლისა იყო ესავი, როცა მოიყვანა ცოლად ივდითი, ბეერ ხეთელის ასული, და ბასმათი, ელონ ხეთელის ასული.
- 35ამ ქალებმა სული შეუწუხეს ისაკს და რებეკას.
იტვირთება შემდეგი თავი