დაბადება — საპატრიარქო – orthodoxy.ge
იტვირთება წინა თავი
თავი 28
- 1მოიხმო ისაკმა იაკობი, აკურთხა და დაარიგა: ნუ მოიყვან ცოლს ქანაანელთაგან.
- 2ადექი და წადი ფადან-არამში, დედაშენის მამის, ბეთუელის, სახლში და მოიყვანე იქიდან ცოლად დედაშენის ძმის, ლაბანის ასული.
- 3ყოვლადძლიერი ღმერთი გაკურთხებს, ნაყოფიერს გაგხდის, გაგამრავლებს და ხალხთა კრებულის მამამთავარი შეიქნები.
- 4მოგცემს აბრაამის კურთხევას შენ და შენს შთამომავლობას შენთან ერთად, რათა დაიმკვიდრო შენი მდგმურობის ქვეყანა, რომელიც მისცა ღმერთმა აბრაამს.
- 5გაუშვა ისაკმა იაკობი და წავიდა იგი ფადან-არამში, ლაბანთან, არამეელი ბეთუელის ძესთან, რომელიც იყო ძმა რებეკასი, იაკობისა და ესავის დედისა.
- 6დაინახა ესავმა, რომ აკურთხა ისაკმა იაკობი და გაუშვა იგი ფადან-არამში ცოლის მოსაყვანად და რომ კურთხევისას უბრძანა, არ მოეყვანა ცოლი ქანაანელთაგან,
- 7და რომ დაუჯერა იაკობმა დედ-მამას და წავიდა ფადან-არამში.
- 8დაინახა ესავმა, რომ არ მოსწონდა მამამისს, ისაკს, ქანაანელი ქალები.
- 9წავიდა ესავი ისმაელთან და მოიყვანა ცოლად მახალათი, აბრაამის ძის, ისმაელის ასული, ნებაიოთის დაი, სხვა ცოლების გვერდით.
- 10გავიდა იაკობი ბერშებიდან და გაემართა ხარანს.
- 11მიადგა ერთ ადგილს და იქ დაიღამა, რადგან მზე ჩასული იყო. აიღო ერთი ლოდი იმ ადგილიდან, დაიდო სასთუმლად და დაწვა იმ ადგილას.
- 12ესიზმრა: მიწაზე კიბე დგას და თავით ცას სწვდება; უფლის ანგელოზები ადი- ჩამოდიან კიბეზე.
- 13აჰა, უფალი დგას კიბეზე და ეუბნება: მე ვარ უფალი, ღმერთი აბრაამისა, მამაშენისა, და ღმერთი ისაკისა. ეს მიწა, რომელზედაც წევხარ, შენთვისა და შენი შთამომავლობისთვის მომიცია.
- 14შენი შთამომავლობა ქვიშასავით მრავალრიცხოვანი იქნება და განივრცობი დასავლეთისკენ, აღმოსავლეთისკენ, ჩრდილოეთისკენ და სამხრეთისკენ; შენითა და შენი შთამომავლობით იკურთხება მიწიერთა მთელი მოდგმა.
- 15აჰა, შენთანა ვარ და ყველგან დაგიფარავ, სადაც კი წახვალ; კვლავ დაგაბრუნებ ამ მიწაზე, არ მიგატოვებ, ვიდრე არ აგისრულებ ყველაფერს, რაც გითხარი.
- 16გამოიფხიზლა იაკობმა ძილისაგან და თქვა: ნამდვილად უფალი ყოფილა ამ ადგილას, მე კი არ ვიცოდი!
- 17შეშინდა და თქვა: რა საშიში ყოფილა ეს ადგილი! სხვა რა უნდა იყოს, თუ არა უფლის სახლი; ეს ცათა კარიბჭეა!
- 18ადგა დილაადრიანად იაკობი, აიღო ლოდი სასთუმლად რომ ედო, აღმართა სვეტად და ზედ ზეთი დაღვარა.
- 19უწოდა სახელად იმ ადგილს ბეთელი (სახლი ღვთისა). წინათ ლუზი ერქვა ამ ქალაქს.
- 20აღთქმა დადო იაკობმა და თქვა: უკეთუ ღმერთი ჩემთან იქნება და დამიფარავს ამ გზაზე, რომელსაც ვადგივარ, მომცემს პურს საჭმელად და სამოსელს შესამოსად,
- 21მშვიდობით დაბრუნდები მამისეულ სახლში და უფალი იქნება ჩემი ღმერთი,
- 22მაშინ ეს ლოდი, სვეტად რომ დავდგი, ღვთის სახლი იყოს და ყველაფრისგან, რასაც მომცემ, მეათედს შენ მოგიძღვნი.
იტვირთება შემდეგი თავი