დაბადება — საპატრიარქო – orthodoxy.ge
იტვირთება წინა თავი
თავი 29
- 1დაიძრა იაკობი და წავიდა კედემის ძეთა ქვეყნისაკენ.
- 2ხედავს, ჭა არის ველზე და ცხვრის სამი ფარა წევს მის მახლობლად, რადგან ამ ჭიდან არწყულებდნენ ფარებს. დიდი ლოდი ახურავს ჭის პირს.
- 3იქ იკრიბებოდა ყველა მწყემსი, გადააგორებდნენ ლოდს ჭის პირიდან და არწყულებდნენ ცხვარს. მერე ისევ დახურავდნენ ჭის პირს ამ ლოდით.
- 4უთხრა მათ იაკობმა: სადაურები ხართ, ძმებო? მიუგეს: ხარანელები ვართ.
- 5უთხრა: თუ იცნობთ ლაბანს, ნახორის ძეს? მიუგეს: ვიცნობთ.
- 6უთხრა: ხომ მშვიდობითაა? მიუგეს: მშვიდობითაა. აგერ, რახელიც, მისი ასული, ცხვარს მოჰყვება.
- 7უთხრა: ჯერ ხომ არ გასულა დღე, ადრეა საქონლის თავმოყრა; დაარწყულეთ ცხვარი, წაასხით და აძოვეთ.
- 8უთხრეს: ვერ წავალთ, ვიდრე მთლიანად არ შეიყრება ფარა და ამ ლოდს არ გადმოაგორებენ ჭის პირიდან. მხოლოდ მაშინ დავარწყულებთ ცხვარს.
- 9ამ ლაპარაკში იყო იაკობი, როცა მოვიდა რახელი, ლაბანის ასული, მამამისის ცხვართან ერთად, რადგან იგი მწყემსავდა მას.
- 10როგორც კი დაინახა იაკობმა რახელი, თავისი დედისძმის, ლაბანის ასული, და მისი ცხვარი, მივიდა ჭასთან, გადააგორა ლოდი და დაარწყულა თავისი დედისძმის, ლაბანის, ცხვარი.
- 11აკოცა იაკობმა რახელს და ხმამაღლა ატირდა.
- 12გამოუცხადა იაკობმა რახელს, მამაშენის სახლიკაცი ვარ, რებეკას შვილი ვარო. გაიქცა ქალი და მამას შეატყობინა.
- 13რომ გაიგო ლაბანმა თავისი დისწულის, იაკობის, მოსვლის ამბავი, გამოიქცა მის შესაგებებლად, გადაეხვია, გადაკოცნა და სახლში შეიყვანა. მანაც ყველაფერი უამბო ლაბანს.
- 14უთხრა ლაბანმა: ნამდვილად ჩემი ძვალი და ხორცი ხარ. და დარჩა მასთან იაკობი მთელი ერთი თვე.
- 15უთხრა ლაბანმა იაკობს: ჩემი სახლიკაცი რომ ხარ, უსასყიდლოდ ხომ არ უნდა მემსახურო? მითხარი, რა მოგცე ქირად?
- 16ორი ასული ჰყავდა ლაბანს; უფროსს სახელად ლეა ერქვა, უმცროსს - რახელი.
- 17ლეას სუსტი თვალები ჰქონდა, რახელი მშვენიერი იყო ტანად და პირად.
- 18შეუყვარდა იაკობს რახელი და უთხრა ლაბანს: შვიდ წელიწადს გემსახურები რახელისთვის, შენი უმცროსი ასულისთვის.
- 19უთხრა ლაბანმა: მიჯობს, შენ მოგცე იგი, ვიდრე ვისმე სხვას. იცხოვრე ჩემთან.
- 20მსახურობდა იაკობი რახელისთვის შვიდ წელიწადს და რახელის სიყვარულის გამო რამდენიმე დღედ ეჩვენა ეს დრო.
- 21უთხრა იაკობმა ლაბანს: მომეცი ჩემი ცოლი, რადგან ვადა გასულია და უნდა შევიდე მასთან.
- 22შეჰყარა იმ ადგილის კაცები ლაბანმა და გამართა ლხინი.
- 23საღამო ჟამს მოჰკიდა ხელი ლეას, თავის ასულს, და მიუყვანა მას. იაკობიც შევიდა ქალთან.
- 24მისცა ლაბანმა თავისი მხევალი ზილფა მხევლად თავის ასულს, ლეას.
- 25დილა რომ გათენდა, ხედავს, ლეა არის მასთან. უთხრა ლაბანს: ეს რა მიყავი? განა რახელისთვის გემსახურებოდი? რატომ მომატყუე?
- 26უთხრა ლაბანმა: ჩვენში წესად არ არის უფროსზე ადრე უმცროსის გათხოვება.
- 27ბარემ გაასრულე შვიდეული და მერე უმცროსსაც მოგცემთ იმ სამსახურისთვის, რასაც გასწევ ჩემთან კიდევ შვიდ წელიწადს.
- 28ასეც მოიქცა იაკობი: გაასრულა შვიდეული და მისცა ლაბანმა რახელი, თავისი ასული, ცოლად.
- 29მისცა ლაბანმა თავისი მხევალი ბილჰა მხევლად თავის ასულს, რახელს.
- 30შევიდა იაკობი რახელთანაც და ლეაზე უფრო შეუყვარდა რახელი; და მსახურობდა ლაბანთან კიდევ შვი წელიწადს.
- 31დაინახა უფალმა, რომ მოძულებული იყო ლეა და გაუხსნა მას საშო. რახელი კი ბერწი იყო.
- 32დაორსულდა ლეა და შვა ვაჟი და დაარქვა სახელად რეუბენი, რადგან თქვა: უფალმა მომხედა გაჭირვებაში, ამიერიდან შემიყვარებს ჩემი ქმარი.
- 33კვლავ დაორსულდა ლეა და შვა ვაჟი და თქვა: ესმა უფალს, რომ მოძულებული ვარ, და მომცა ესეც. უწოდა ვაჟს სახელად სიმონი.
- 34კვლავ მიუდგა ლეა და შვა ძე, და თქვა: ახლა კი შემომევლება ჩემი ქმარი, რადგან სამი ვაჟიშვილი ვუშვი. ამიტომაც უწოდა სახელად ლევი.
- 35კვლავ დაორსულდა და შვა ვაჟი და თქვა: ახლა კი ვმადლობ უფალს. ამიტომ უწოდა ვაჟს სახელად იუდა და შეწყვიტა შობა.
იტვირთება შემდეგი თავი