დაბადება — საპატრიარქო – orthodoxy.ge
იტვირთება წინა თავი
თავი 30
- 1დაინახა რახელმა, რომ შვილს ვერ უჩენდა იაკობს და შეშურდა თავისი დისა. უთხრა იაკობს: მომეცი შვილები, თორემ მოვკვდები.
- 2განურისხდა რახელს იაკობი და უთხრა: ღმერთი ხომ არა ვარ, რომელიც მუცლის ნაყოფს გიბრკოლებს?
- 3თქვა ქალმა: აჰა, ბალა, ჩემი მხევალი. შედი მასთან და შობოს ჩემს მუხლებზე, რათა შვილიერი გავხდე მისგან.
- 4მისცა ბალა, თავისი მხევალი, ცოლად და შევიდა მასთან იაკობი.
- 5დაორსულდა ბალა და უშვაა იაკობს ვაჟი.
- 6მაშინ თქვა რახელმა: განმსაჯა ღმერთმა და კიდევ შეისმინა ჩემი, და მომცა ვაჟი. ამიტომ უწოდა მას სახელად დანი.
- 7კიდევ დაორსულდა ბალა, რახელის მხევალი, და უშვა იაკობს მეორე ვაჟი.
- 8თქვა რახელმა: ღვთიური შებმით შევები ჩემს დას და დავჯაბნე კიდეც. დაარქვა სახელად ვაჟს ნაფთალი.
- 9დაინახა ლეამ, რომ შეუწყდა შვილიერება. აიღო და მისცა ზილფა, თავისი მხევალი, იაკობს ცოლად.
- 10უშვა ზილფამ, ლეას მხევალმა, იაკობს ვაჟი.
- 11თქვა ლეამ: ჩემდა ბედად! და უწოდა ვაჟს სახელად გადი.
- 12უშვა ზილფამ, ლეას მხევალმა, იაკობს მეორე ვაჟი.
- 13თქვა ლეამ: ჩემდა ნეტარებად! რადგან ნეტარად შემრაცხენ ქალები. უწოდა სახელად ვაჟს აშერი.
- 14გავიდა რეუბენი მკის დროს მინდორში და იპოვა მანდრაგორის ვაშლები; მოუტანა ლეას, თავის დედას. უთხრა რახელმა ლეას: მიწილადე შენი შვილის მანდრაგორები.
- 15უთხრა ლეამ: არ გეყო, ქმარი რომ წამართვი? ახლა ჩემი შვილის მანდრაგორებსაც მართმევ? უთხრა რახელმა: კარგი, შენთან დაწვეს ამაღამ, ოღონდ მომეცი შენი შვილის მანდრაგორები.
- 16დაბრუნდა იაკობი საღამო ხანს მინდვრიდან, გამოეგება ლეა და უთხრა: შემოდი ჩემთან, რადგან გამოგისყიდე ჩემი შვილის მანდრაგორებით, დაწვა მასთან იმ ღამით იაკობი.
- 17უსმინა ღმერთმა ლეას: დაორსულდა ლეა და უშვა იაკობს მეხუთე ვაჟი.
- 18თქვა ლეამ: ღმერთმა გადამიხადა სამაგიერო, იაკობს რომ მივეცი ცოლად ჩემი მხევალი. უწოდა სახელად ვაჟს ისაქარი.
- 19კიდევ დაორსულდა ლეა და უშვა იაკობს მეექვსე ვაჟი.
- 20თქვა ლეამ: კეთილი ხვედრი მარგუნა ღმერთმა; ახლა კი შემიტკბობს ჩემი ქმარი, რადგან ექვსი ვაჟიშვილი გავუჩინე. უწოდა სახელად ვაჟს ზებულონი.
- 21მერე შვა ასული და უწოდა სახელად დინა.
- 22გაიხსენა ღმერთმა რახელი, უსმინა ღმერთმა მას და გაუხსნა საშო.
- 23დაორსულდა და შვა ვაჟი, თქვა: ღმერთმა ამაშორა სირცხვილს.
- 24უწოდა სახელად იოსები, რადგან თქვა: შემძენს უფალი მეორე ვაჟსაც.
- 25როცა რახელმა იოსები შვა, იაკობმა უთხრა ლაბანს: გამიშვით, წავალ ჩემს სამშობლოში, ჩემს ქვეყანაში.
- 26გამატანე ჩემი ცოლები და შვილები, რომელთა გულისთვის გემსახურებოდი და წავალ, რადგან შენ თავად უწყი ჩემი სამსახური, როგორ გემსახურებოდი.
- 27უთხრა ლაბანმა: ნეტავ მადლი ვპოვო შენს თვალში! მიმხვდარი ვარ, შენს გამო რომ მაკურთხა უფალმა.
- 28უთხრა: მითხარი, რას მოითხოვ გასამრჯელოდ და მოგცემ.
- 29უთხრა: შენ თავად უწყი, როგორ გემსახურებოდი და როგორი გახდა ჩემს ხელში შენი საქონელი.
- 30რადგან ჩემამდე ცოტა გყავდა და დიდძალი შეიქნა. გაკურთხა უფალმა ჩემი მოსვლით. ახლა როდისღა ვიზრუნო ჩემი სახლისათვის?
- 31უთხრა ლაბანმა: რა მოგცე? უთხრა იაკობმა: ნურაფერს მომცემ, ოღონდ ეს საქმე გამიკეთე და მე კვლავ დავმწყესავ და მოვუვლი შენს ცხვარს.
- 32დღეს გავივლი შენს ფარაში. ცალკე გაიყვანე ყველა დაწინწკლული და ჭრელი პირუტყვი, ყველა შავი ცხვარი, ყველა ჭრელი და დაწინწკლული თხა. ეს იქნება ჩემი გასამრჯელო.
- 33ხვალ პასუხს გაგცემს ჩემს მაგივრად ჩემი სიმართლე, როცა გასამრჯელოს გასასტუმრებლად მოხვალ: ყველა თხა, რომელიც არ იქნება დაწინწკლული და ჭრელი, ან ცხვარი შავი ფერისა, ნაქურდლად ჩამითვალე.
- 34უთხრა ლაბანმა: კეთილი, აგრე იყოს.
- 35ცალკე გაიყვანა იმ დღეს ლაბანმა ყველა ზოლიანი და ჭრელი ვაცი, ყველა დაწინწკლული და ჭრელი ნეზვი, ყველა პირუტყვი, რომელსაც თეთრი ერია, ყველა შავი ცხვარი და თავის შვილებს ჩააბარა.
- 36დააგდო ლაბანმა სამი დღის სავალი თავისსა და იაკობს შორის; და მწყესავდა იაკონი ლაბანის დანარჩენ ფარას.
- 37აიღო იაკობმა ალვისხის, ნუშის და ნეკერჩხლის ნედლი ჯოხები, ალაგ-ალაგ გალოპრა, ისე რომ ჯოხებს თეთრი ზოლები დააჩნდა.
- 38ჩააწყო დაჭრელებული ჯოხები დასარწყულებელ გეჯებში, სადაც მოდიოდა ფარა წლის სასმელად და მოსვლისას ახურდებოდა ხოლმე.
- 39ახურდა ფარა ამ ჯოხებთან და მოიგო ფარამ ხატულები, დაწინწკლულები და ჭრელები.
- 40გამოაცალკევებდა იაკობი ბატკნებს და აჭრელებული ჯოხებისკენ უზამდა პირს; მუქი ფერისას ყველას ლაბანის ფარაში სტოვებდა, თავისი პირუტყვი კი ცალკე ჰყავდა და არ აჩერებდა ლაბანის ფარასთან.
- 41ჯანსაღი ფარის ახურებისასა პირუტყვის თვალწინ ჩაჰყრიდა ხოლმე იაკობი გეჯებში ჯოხებს, რომ ჯოხებთან ახურებულიყვნენ;
- 42თუ ფარა სუსტი იყო, არ ჰყრიდა. ლაბანს სუსტი რჩებოდა, იაკობს - ჯანსაღი.
- 43გამდიდრდა მეტისმეტად კაცი, შეეძინა დიდძალი ფარა, ყმაქალები და ყმები, აქლემები და სახედრები.
იტვირთება შემდეგი თავი