დაბადება — საპატრიარქო – orthodoxy.ge
იტვირთება წინა თავი
თავი 31
- 1გაიგო იაკობმა ლაბანის ძეთა ნათქვამი, რომ ამბობდნენ, ყველაფერი წაართვა იაკობმა მამაჩვენს, მამაჩვენისეული ქონებით გამდიდრდაო.
- 2სახეზე შეატყო იაკობმა ლაბანს, რომ იგი ისეთი აღარაა მის მიმართ, როგორც ადრე იყო.
- 3უთხრა უფალმა იაკობს: დაუბრუნდი შენი მამა-პაპის ქვეყანას, შენს სამშობლოს, და მეც შენთან ვიქნები.
- 4გაგზავნა კაცი იაკობმა და მოუხმო რახელსა და ლეას ველად, ფარასთან.
- 5უთხრა მათ: სახეზე შევატყვე მამათქვენს, რომ იგი ისეთი აღარაა ჩემს მიმართ, როგორიც ადრე იყო. მაგრამ მამაჩემის ღმერთი თან მახლავს მე.
- 6თქვენ იცით, რომ ძალ-ღონე არ დამიშურებია მამათქვენის სამსახურისთვის.
- 7მამათქვენმა კი მომატყუა და ათგზის შემიცვალა გასამრჯელო, მაგრამ არ დაანება ღმერთმა, ებოროტნა ჩემთვის.
- 8როცა იტყოდა, დაწინწკლულები იყოსო შენი გასამრჯელო, ხატულებს იგებდა მთელი ფარა.
- 9წაართვა ღმერთმა საქონელი მამათქვენს და მე მომცა.
- 10ფარის ახურების დრო იყო. ავახილე თვალი სიზმარში და ვხედავ, აჰა, ვაცები ფარას რომ ახტებიან, სულ ხატულები, დაწინწკლულები და ჭრელები არიან.
- 11მითხრა ღვთის ანგელოზმა სიზმარში: იაკობ! მივუგე: აქა ვარ.
- 12მითხრა: აახილე თვალი და შეხედე, ყველა ვაცი, ფარას რომ ახტება, ხატულაა, დაწინწკლულია და ჭრელია. რადგან ყველაფერს ვხედავ, რასაც ლაბანი გიკეთებს.
- 13მე ვარ ღმერთი ბეთელისა, სადაც შენ ზეთი სცხე სვეტს, სადაც აღთქმა მომეცი. ახლა კი, ადექი და გადი ამ ქვეყნიდან, დაუბრუნდი შენს სამშობლო ქვეყანას.
- 14მიუგეს რახელმა და ლეამ და უთხრეს: კიდევ გვიძევს რაიმე წილი და სამკვიდრო მამაჩვენის სახლში?
- 15განა უკვე უცხოები არა ვართ მისთვის? ხომ გაგვყიდა და ჩვენი ვერცხლიც შეჭამა?
- 16ამიტომაც მთელი ქონება, ღმერთმა რომ წაართვა მამაჩვენს, ჩვენი და ჩვენი შვილებისაა. ახლა კი ისე მოიქეცი, როგორც ღმერთს უბრძანებია შენთვის.
- 17ადგა იაკობი და შესხა თავისი შვილები და ცოლები აქლემებზე.
- 18წაასხა მთელი თავისი საქონელი, მთელი თავისი მონაგები, თავისი საკუთარი საქონელი, ფადან-არამში რომ მოიგო, რათა მისულიყო ისაკთან, თავის მამასთან ქანაანის ქვეყანაში.
- 19ლაბანი ცხვრის გასაპარსად იყო წასული და რახელმა მოიპარა კერპები, მამამისს რომ ჰქონდა.
- 20იაკობმა გული მოჰპარა ლაბან არამელს, არ გაუმხილა, რომ გარბოდა მისგან.
- 21გაიქცა და ყველაფერი თან წაიღო, რაც კი გააჩნდა; ადგა და გავიდა მდინარის გაღმა და გალაადის მთისკენ ქნა პირი.
- 22მესამე დღეს შეიტყო ლაბანმა იაკობის გაპარვა.
- 23იახლა სახლიკაცები და სდია შვიდი დღის სავალზე, ვიდრე გალაადის მთასთან არ დაეწია.
- 24გამოეცხადა ღმერთი ლაბან არამელს სიზმარში ღამით და უთხრა: ფრთხილად იყავი, არც კარგი უთხრა იაკობს, არც ავი.
- 25მიეწია ლაბანი იაკობს, როცა იაკობი კარავს შლიდა მთაზე. ლაბანმაც გალაადის მთაზე დასცა კარავი თავის სახლიკაცებთან ერთად.
- 26უთხრა ლაბანმა იაკობს: ეს რა ჰქენი? მომატყუ; და წაასხი ჩემი ასულები, თითქოს მახვილით ნაშოვარი ტყვეები ყოფილიყვნენ.
- 27უჩუმრად რატომ გაიპარე, რატომ მიმუხთლე და არ გამიმხილე? ლხინითა და სიმღერით, დოლისა და ქნარის ხმაზე გაგისტუმრებდი.
- 28არ დამაცადე, ჩემი ვაჟები და ასულები გადამეკოცნა; უგუნურად მოიქეცი.
- 29გიბოროტებდი, მაგრამ თქვენი მამა-პაპის ღმერთმა მითხრა წუხელ სიზმარში: თავი შეიკავე, ნურც კარგს ეტყვი იაკობს, ნურც ავსო.
- 30ახლა, წასვლით კი მიდიხარ, რაკი მოგნატრებია მამაშენის სახლი, მაგრამ ღმერთები რაღად მომპარე?
- 31მიუგო იაკობმა და უთხრა ლაბანს: შემეშინდა, ვიფიქრე წამართმევდი შენს ასულებს.
- 32ვისაც შენს ღმერთებს უპოვი, ცოცხალი არ გადარჩება! ჩვენი სახლიკაცების თვალწინ დაადევი ხელი ყველაფერს, რაც შენია, და წაიღე. არ იცოდა იაკობმა რომ რახელს ჰქონდა მოპარული კერპები.
- 33შევიდა ლაბანი იაკობის კარავში, ლეას კარავში ორი მხევლის კარავში, მაგრამ ვერაფერი იპოვნა. გამოვიდა ლეას კარვიდან და რახელის კარავში შევიდა.
- 34აიღო რახელმა კერპები და აქლემის უნაგირქვეშ ამოსდო, თავადაც ზედ დაჯდა. მოჩხრიკა ლაბანმა მთელი კარავი, მაგრამ ვერაფერი იპოვნა.
- 35უთხრა რახელმა მამას: ნუ გამირისხდება ჩემი ბატონი, რომ ვერ წამოვდგები შენს წინაშე, რადგან დედათა წესი მჭირს. ეძება და ვერ იპოვნა ლაბანმა კერპები.
- 36განრისხდა იაკობი და წაეკიდა ლაბანს. უთხრა იაკობმა ლაბანს: რა დავაშავე, რა შევცოდე, რომ დამდევნებიხარ?
- 37ხომ გაჩხრიკე მთელი ჩემი ჭურჭელი, რა ნახე მათში შენი სახლიდან წამოღებული? გადმოალაგე აქ შენი და ჩემი სახლიკაცების თვალწინ და მათ გაგვსაჯონ ჩვენ ორნი.
- 38აჰა, ოცი წელიწადი ვარ შენთან და შენს ცხვრებსა და თხებს მკვდრად არასოდეს მოუგიათ, არც შენი ფარის ვერძები შემიჭამია.
- 39ნამხეცავი პირუტყვი შენთან არ მომიტანია, მე ვზარალობდი; მე მაზღვევინებდი დღისით ნაქურდალს და ღამით ნაქურდალს.
- 40დღისით ხვატი მინელებდა, ღამით - ყინვა; ძილი არ მეკარებოდა.
- 41ასე გავატარე ოცი წელიწადი შენს სახლში; თოთხმეტი წელი შენი ორი ასულისთვის გემსახურე, კიდევ ექვსი წელი შენი ფარისთვის. შენ კი ათგზის შემიცვალე გასამრჯელო.
- 42ღმერთი მამაჩემისა, ღმერთი აბრაამისა და შიში ისაკისა რომ არ ყოფილიყო ჩემთან, მაშინ ხომ ხელცარიელს გამისტუმრებდი. ჩემს ტანჯვა-წვალებასა და ჯაფას მოხედა ღმერთმა და გამხილა გუშინ.
- 43მიუგო ლაბანმა იაკობს და უთხრა: ეს ქალები ჩემი ასულებია, ეს ვაჟები ჩემი ვაჟებია; ეს ფარა ჩემი ფარაა; რასაც აქ ხედავ, ყველაფერი ჩემია. რა ვუყო ახლა ამათ ან ამ ვაჟებს, რომელნიც მათ შობეს?
- 44მოდი, შევკრათ კავშირი მე და შენ და ეს იყოს მოწმე ჩემსა და შენს შორის.
- 45აიღო იაკობმა ქვა და აღმართა სვეტად.
- 46უთხრა იაკობმა თავის სახლიკაცებს: მოაგროვეთ ქვები. მათაც მოიტანეს ქვები და გორა დააყენეს. ჭამეს იქ, იმ გორაზე.
- 47უწოდა მას ლაბანმა იეგარ-საჰადუთა (გორა მოწმობისა). ხოლო იაკობმა უწოდა გალაადი (გორა მოწმობისა).
- 48თქვა ლაბანმა. ეს გორა იყოს მოწმედ დღეს ჩვენს შორის; ამიტომ ეწოდა სახელად გალაადი
- 49და მიცფა, რადგან თქვა: თვალყური გვადევნოს უფალმა, როცა ერთმანეთს თვალით ვეღარ ვნახავთო.
- 50თუ დაჩაგრავ ჩემს ასულებს ან თუ სხვა ცოლებს დაისვამ მათ გვერდით, იცოდე, რომც არავინ იყოს ჩემთან, ღმერთია ჩვენი მოწმე.
- 51უთხრა ლაბანმა იაკობს: აჰა, ეს გორა და ეს სვეტი, რომელნიც აღვმართე ჩვენს შორის.
- 52მოწმე იყოს ეს გორა, მოწმე იყოს ეს სვეტი, რომ არც მე გადმოვლახავ შენსკენ ამ გორას და არც შენ გადმოლახავ ჩემსკენ ამ გორას და ამ სვეტს საბოროტოდ.
- 53აბრაამის ღმერთმა და ნახორის ღმერთმა განგვსაჯოს ჩვენ. და დაიფიცა იაკობმა თავისი მამის, ისაკის შიში.
- 54დაკლა იაკობმა საკლავი მთაზე და აწვია სახლიკაცები პურის საჭმელად. მათაც ჭამეს პური და მთაზე გაათიეს ღამე.
- 55ადგა ლაბანი დილაადრიანად, გადაკოცნა თავისი ვაჟები და ასულები და დალოცა ისინი. წავიდა ლაბანი და დაბრუნდა თავის მხარეში.
იტვირთება შემდეგი თავი