დაბადება — საპატრიარქო – orthodoxy.ge
იტვირთება წინა თავი
თავი 32
- 1იაკობიც წავიდა თავის გზაზე და შემოხვდნენ ღვთის ანგელოზები.
- 2თქვა იაკობმა მათ დანახვაზე: ეს ღვთის ბანაკია; და უწოდა სახელად ამ ადგილს მახანაიმი (ორბანაკი).
- 3იაკობმა გაგზავნა მაცნენი ესავთან, თავის ძმასთან, სეყირის ქვეყანაში, ედომის ველისკენ.
- 4დააბარა მათ: უთხარით ჩემს ბატონს, ესავს: ასე ამბობს-თქო შენი მორჩილი იაკობი: ლაბანთან ვმდგმურობდი და დავყოვნდი აქამდე.
- 5მყავს ხარები და სახედრები, ცხვრის ფარა და ჩემი ყმები და ყმაქალები. კაცი გამოვუგზავნე ჩემს ბატონს მოსახსენებლად, მადლი მინდა ვპოვო შენს თვალში.
- 6მობრუნდნენ მაცნენი იაკობთან და უთხრეს: ვიყავით შენს ძმასთან, ესავთან, და ისიც მოდის ოთხასი კაცით შენს შესახვედრად.
- 7იაკობი დიდად შეშინდა და შეშფოთდა. გაჰყო ხალხი, თან რომ ახლდა, ცხვარ- ძროხა და აქლემები, ორ ბანაკად.
- 8და თქვა: თუ დაეცემა ესავი ერთ ბანაკს და დაარბევს, მეორე ბანაკი ხომ გადამირჩება.
- 9თქვა იაკობმა: ჩემი მამის, აბრაამის, ღმერთო! ჩემი მამის, ისაკის, ღმერთო! უფალო, რომელმაც მითხარი, შენს ქვეყანაში, შენს სამშობლოში, დაბრუნდი და სიკეთეს გიყოფო.
- 10ღირსი არა ვარ ყველა იმ სიკეთისა და წყალობისა, შენს მორჩილს რომ უყავი; მე ხომ ჯოხის ამარამ გადავლახე ეს იორდანე, ახლა კი ორ ბანაკად ვდგავარ.
- 11მიხსენი ესავისგან, ჩემი ძმისგან, რადგან მეშინია მისი, არ დამეცეს და დედაწულიანად არ ამომწყვიტოს.
- 12აკი მითხარი: სიკეთეს გიყოფ, ზღვის ქვიშასავით აურაცხელს გავხდიო შენს შთამომავლობას!
- 13იქ გაათენა ის ღამე. გამოარჩია თავისი ქონებიდან ძღვენი ესავისთვის, თავისი ძმისთვის:
- 14ორასი ნეზვი თხა და ოცი ვაცი, ორასი ნერბი და ოცი ვერძი.
- 15ოცდაათი მეწველი აქლემი თავის კოზაკებიანად, ორმოცი ფური და ათი ხარი, ოცი ჭაკი ვირი და ათი ჩოჩორი.
- 16ჩააბარა თავის მორჩილთ ცალ-ცალკე ჯოგებად და უთხრა: იარეთ ჩემს წინ და ჯოგებს შორის დააგდეთ მანძილი.
- 17დააბარა პირველს და უთხრა: თუ შეგხვდა ჩემი ძმა ესავი და გკითხა, ვისი ხარ და საით მიდიხარ, ვისია ეს ჯოგი წინ რომ მოირეკავო.
- 18უთხარი: შენი მორჩილის, იაკობის, არის-თქო; ჩემი ბატონის, ესავისთვის, გამოგზავნილი ძღვენია-თქო, აგერ, თავადაც უკან მოგყვება-თქო.
- 19დააბარა მეორესაც, მესამესაც და ყველას, ვინც ჯოგებს გააყოლა, ასე უთხარითო ესავს შეხვედრისას.
- 20უთხარით: აგერ, შენი მორჩილი იაკობი უკან მოგყვება-თქო. რადგან იფიქრა, გულს მოვუგებ წინ წაძღვანებული ძღვენით; მერე კი სახეზე შევხედავ, იქნება შემიწყალოსო.
- 21ჩაიარა მის წინ ამ ძღვენმა, ხოლო თავად ის ღამე ბანაკში გაათია.
- 22ადგა ღამით, ხელი მოჰკიდა თავის ორ ცოლს, ორ მხევალს, თავის თერთმეტ შვილს და გავიდა ფონს იაბოკზე.
- 23აიყვანა ყველანი და გადაატარა მდინარე, ყველაფერი გადაიტანა, რაც კი ჰქონდა.
- 24მარტო დარჩა იაკობი და ერკინებოდა მას ვიღაც კაცი გათენებამდე.
- 25როცა შეატყო, რომ ვერ ერეოდა, შეეხო მის თეძოს სახსარს და ეღრძო იაკობს თეძოს სახსარი მასთან შერკინებისას.
- 26უთხრა: გამიშვი, უკვე თენდება. უთხრა: არ გაგიშვებ, სანამ არ მაკურთხებ.
- 27უთხრა: რა გქვია? მიუგო: იაკობი.
- 28უთხრა ამიერიდან აღარ ითქვას შენს სახელად იაკობი, არამედ ისრაელი, რადგან ღმერთს და ადამიანებს შეებრძოლე და სძლიე.
- 29ჰკითხა იაკობმა: მითხარი შენი სახელი. უთხრა: რისთვის მეკითხები სახელს? და იქვე აკურთხა.
- 30უწოდა იაკობმა იმ ადგილს სახელად ფენუელი, რადგან თქვა: პირისპირ ვიხილე ღმერთი და გადავრჩი.
- 31ამოუბრწყინდა მზე, როგორც კი გასცდა ფენუელს; და კოჭლობდა იგი ცალი თეძოთი.
- 32ამიტომ არ ჭამენ დღემდე ისრაელიანები მენჯის ძარღვს, თეძოს სახსარზე, რომ არის, რადგან შეეხო ის იაკობის მენჯის ძვალს, თეძოს სახსარზე.
იტვირთება შემდეგი თავი