დაბადება — საპატრიარქო – orthodoxy.ge
იტვირთება წინა თავი
თავი 33
- 1გაიხედა იაკობმა და ხედავს, მოდის ესავი ოთხასი კაცით. გაუთავთავისა იაკობმა ბავშვები ლეას, რახელს და ორ მხევალს.
- 2წინ დააყენა მხევლები და მათი ბავშვები, მათ უკან ლეა და მისი ბავშვები, ხოლო სულ უკან რახელი და იოსები.
- 3თავად კი მათ წინ გაემართა და, ვიდრე მიუახლოვდებოდა, შვიდგზის მდაბლად თაყვანისცა ძმას.
- 4სირბილით შეეგება ესავი, გადაეხვია, ყელზე მოეჭდო, გადაკოცნა, და ატირდნენ ორთავენი.
- 5აიხედა ესავმა და დაინახა ქალები და ბავშვები უთხრა: შენი რა არიან ესენი? უთხრა: შვილები ღმერთმა რომ უწყალობა შენს მორჩილს.
- 6ახლოს მივიდნენ მხევლები თავიანთი ბავშვებითურ და თაყვანი სცეს.
- 7ახლოს მივიდა ლეაც თავისი ბავშვებითურთ და თაყვანისცა. ბოლოს იოსები და რახელი მივიდნენ ახლოს და თაყვანისცეს.
- 8უთხრა ესავმა: რა იყო მთელი ის ბანაკი, წინ რო შემომხვდა? უთხრა: რომ მადლი ვპოვო ჩემი ბატონის თვალში.
- 9უთხრა ესავმა: არაფერი მაკლია, ძმაო. შენი შენვე გქონდეს.
- 10უთხრა იაკობმა: არა. თუ მადლი მიპოვნია ჩემი ბატონის თვალში, მიიღე ჩემგან ეს ძღვენი. რადგან შენი სახე რომ დავინახე, გინდ ღვთის სახე დამენახოს და შენც წყალობით შემომხედე.
- 11მიიღე შენთვის გამოგზავნილი ეს მოსაკითხი, რადგან ღმერთმა მომხედა და ყველაფერი მაქვს. არ მოეშვა და მანაც მიიღო.
- 12უთხრა ესავმა: დავიძრათ და წავიდეთ, მე წინ წაგიძღვები.
- 13უთხრა: იცის ჩემმა ბატონმა, რომ სათუთნი არიან ბავშვები, და ცხვარ-ძროხა მაკედა მყავს. წინ რომ გავირეკო, ერთ დღეში გამიწყდება მთელი საქონელი.
- 14თავისი მორჩილის წინ იაროს ჩემმა ბატონმა; მე კი ნელ-ნელა, ფეხდაფეხ გავყვები საქონელს და ბავშვებს, ვიდრე ჩემს ბატონთან მივიდოდე სეყირში.
- 15უთხრა ესავმა: ვინმეს მაინც მოგიჩენ ჩემი ხალხიდან, თან რომ მახლავს. უთხრა: რა საჭიროა? ოღონდ მადლი ვპოვო ჩემი ბატონის თვალში.
- 16იმ დღესვე გაბრუნდა თავისი გზით ესავი სეყირისკენ.
- 17ხოლო იაკობი სუქოთისკენ დაიძრა. აიშენა იქ სახლი და საქონელსაც დაუდგა კარვები. ამიტომაც უწოდა იმ ადგილს სახელად სუქოთი (ქარავანი).
- 18მოვიდა მშვიდობით ფადან-არამიდან წამოსული იაკობი შექემ-ქალაქად, ქანაანის ქვეყანაში რომ არის, და დაიბანაკა ქალაქის წინ.
- 19შეიძინა იაკობმა ას ცხვრად შექემის მამის, ხამორის ძეთაგან მინდვრის ნაწილი, სადაც კარავი ედგა.
- 20აღმართა იქ სამსხვერპლო და უწოდა მას: ელი, ღმერთი ისრაელისა.
იტვირთება შემდეგი თავი