დაბადება — საპატრიარქო – orthodoxy.ge
იტვირთება წინა თავი
თავი 34
- 1გავიდა დინა, ლეას ასული, იქაური ქალიშვილების სანახავად.
- 2დაინახა იგი შექემმა, იმ ქვეყნის მთავრის, ხივიელი ხამორის ძემ, წაიყვანა, დაწვა მასთან და პატივი აჰხადა.
- 3გული შეუვარდა დინაზე, იაკობის ასულზე, შეუყვარდა ყმაწვილი ქალი და ცდილობდა მისი გულის დამშვიდებას.
- 4უთხრა შექემმა ხამორს, თავის მამას: ცოლად მომიყვანე ეს ყმაწვილი ქალი.
- 5გაიგო იაკობმა, რომ შეურაცხყო შექემმა დინა, მისი ასული, მაგრამ ვაჟიშვილები ცხვარში ჰყავდა და გაჩუმდა იაკობი მათ მოსვლამდე.
- 6გამოვიდა ხამორი, შექემის მამა, იაკობთან სალაპარაკოდ.
- 7იაკობის ვაჟებიც დაბრუნდნენ მინდვრიდან, როცა გაიგეს ეს ამბავი, შეწუხდნენ, გამწარდნენ, რადგან სამარცხვინო საქმე დაემართა ისრაელს, იაკობის ასულთან რომ დაწვა შექემი. არ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ.
- 8ელაპარაკა მათ ხამორი და უთხრა: გული შეუვარდა ჩემს ძეს, შექემს, თქვენს ასულზე; მიათხოვეთ ცოლად.
- 9დაგვიმოყვრდით, მოგვეცით თქვენი ქალები, ხოლო ჩვენი ქალები თქვენ წაიყვანეთ.
- 10დარჩით ჩვენთან, თქვენს წინაშეა ეს ქვეყანა; იცხოვრეთ და მოიხმარეთ იგი, წილი დაიდეთ მასში.
- 11უთხრა შექემმა ქალის მამას და ძმებს: ოღონდ მადლი ვპოვო თქვენს თვალში და რაც გინდათ მთხოვეთ, მოგცემთ.
- 12დამაკისრეთ დიდძალი ურვადი და ძღვენი, მოგცემთ, რასაც მომთხოვთ; ოღონდ მომეცით ცოლად ეს ყმაწვილი ქალი.
- 13მიუგეს იაკობის ვაჟებმა შექემს და მის მამას, ხამორს, და მზაკვრულად ელაპარაკნენ, რადგან შეურაცხყო შექემმა დინა, მათი და.
- 14უთხრეს: ვერ ვიზამთ ამ საქმეს, წინდაუცვეთელ კაცზე ვერ გავათხოვებთ ჩვენს დას, რადგან აუგია ეს ჩვენთვის.
- 15მხოლოდ მაშინ მოგცემთ დასტურს, თუ ჩვენსავით წინდაიცვეთს თქვენში ყოველი მამაკაცი.
- 16ჩვენს ქალებს მოგათხოვებთ და ჩვენც ვითხოვთ თქვენს ქალებს. თქვენთან ვიცხოვრებთ და ერთ ხალხად ვიქცევით.
- 17თუ წინდაცვეთას არ მოინდომებთ, წავიყვანთ ჩვენს ქალს და წავალთ.
- 18მოეწონათ მათი სიტყვა ხამორს და შექემს, ხამორის ძეს.
- 19არ დააყოვნა ყმაწვილმა კაცმა ამ საქმის გაკეთება რადგან ძალზე უყვარდა იაკობის ასული. იგი ყველაზე პატივდებული იყო მამისეულ სახლში.
- 20მივიდნენ ხამორი და შექემი, მისი ძე, ქალაქის კარიბჭესთან და ელაპარაკნენ ქალაქის მკვიდრთ:
- 21მშვიდობიანად გვეკიდებიან ეს კაცები; იცხოვრონ ამ მიწაზე და მოიხმარონ იგი. აჰა, ხელგაშლილია ეს ქვეყანა. მოვიყვანოთ მათი ქალები ცოლად და ჩვენც მივათხოვოთ მათ ჩვენი ქალები.
- 22მხოლოდ მაშინ მოგვცემენ დასტურს ეს კაცები ერთად ცხოვრებაზე და ერთ ხალხად ყოფნაზე, თუ წინდაიცვეთს ჩვენში ყოველი მამაკაცი, როგორც თავად არიან წინდაცვეთილნი.
- 23განა ჩვენი არ იქნება მათი საქონელი, მათი ქონება, მთელი მათი პირუტყვი? ოღონდ დასტური მივცეთ და ჩვენთან იცხოვრებენ.
- 24დაუჯერეს ხამორს და შექემს, მის ძეს, ქალაქის კარიბჭესთან მოსულებმა. და წინდაიცვითა ყოველმა მამაკაცმა, ქალაქის კარიბჭესთან მოსულმა.
- 25მესამე დღეს, როცა ჯერ კიდევ აწუხებდათ ჭრილობა, იაკობის ორმა ვაჟიშვილმა, სიმონმა და ლევიმ, დინას ძმებმა, ხელთ იპყრეს მახვილები, გულდანდობილად დაეცნენ ქალაქს და ამოხოცეს ყველა მამრი.
- 26მახვილით დახოცეს ხამორი და შექემი, მისი ძე: გამოიყვანეს დინა შექემის სახლიდან და წამოვიდნენ.
- 27მიადგნენ იაკობის ვაჟიშვილები დახოცილებს და გაძარცვეს ქალაქი, დის შეურაცხყოფის გამო.
- 28წამოასხეს მათ ცხვარ-ძროხა და სახედრები; და ყველაფერი, რაც ქალაქში და მინდვრად ჰქონდათ, წამოიღეს.
- 29მთელი მათი დოვლათი, მათი ბავშვები და ცოლები და ყველაფერი, რაც სახლში ჰქონდათ, ხელთ იგდეს და ნადავლად წამოიღეს.
- 30უთხრა იაკობმა სიმონს და ლევის: რატომ დამღუპეთ, რატომ შეაძულეთ ჩემი თავი ამ ქვეყნის მკვიდრთ - ქანაანელებს და ფერიზელებს. ცოტანი ვართ, შეიკრიბებიან ჩემს წინააღმდეგ და მომკლავენ; მეც დავიღუპები და ჩემი სახლიც.
- 31უთხრეს: როგორც მეძავს უნდა მოჰქცეოდნენ ჩვენს დას?
იტვირთება შემდეგი თავი