დაბადება — საპატრიარქო – orthodoxy.ge
იტვირთება წინა თავი
თავი 35
- 1უთხრა ღმერთმა იაკობს: ადექი და წადი ბეთელს და იქ იცხოვრე; აუგე იქ სამსხვერპლო ღმერთს, რომელიც გამოგეცხადა, როცა შენს ძმას, ესავს, გაურბოდი.
- 2უთხრა იაკობმა თავის სახლს და ყველას, ვინც კი მასთან იყო: გაყარეთ უცხო ღმერთები, რომელნიცა გყავთ, განიწმინდენით და გამოიცვალეთ სამოსელი.
- 3ადექით და წავიდეთ ბეთელში, რომ სამსხვერპლო ავუგო იქ ღმერთს, რომელმაც მისმინა გასაჭირში და ჩემთან იყო გზაზე, სადაც მივდიოდი.
- 4მიუტანეს იაკობს ყველა უცხო ღმერთი, ხელთ რომ ჰქონდათ, და საყურეები, ყურებზე რომ ეკიდათ, და დაფლა ისინი იაკობმა შექემთან მდგარი მუხის ქვეშ.
- 5და დაიძრნენ. ღვთის შიში იყო გარეშემო ქალაქებზე და არ დაედევნენ იაკობის ძეთ.
- 6მივიდა იაკობი მთელი თავისი ხალხითურთ ლუზში ანუ ბეთელში, ქანაანის ქვეყანაში რომ არის.
- 7ააგო იქ სამსხვერპლო და უწოდა იმ ადგილს სახელად ელ-ბეთელი, რადგან აქ გამოეცხადა ღმერთი, როცა თავის ძმას გაურბოდა.
- 8მოკვდა დებორა, რებეკას ძიძა, და დამარხეს ბეთელს ქვემოთ, მუხის ქვეშ. უწოდა სახელად ამ ადგილს ალონ-ბაქუთი (მუხა გლოვისა).
- 9კვლავ გამოეცხადა იაკობს ღმერთი ფადან-არამიდან დაბრუნებისას და აკურთხა ღმერთმა იგი.
- 10უთხრა ღმერთმა: იაკობია შენი სახელი; აღარ გერქმევა ამიერიდან სახელად იაკობი, არამედ ისრაელი იქნება შენი სახელი. და უწოდა სახელად ისრაელი.
- 11უთხრა ღმერთმა: მე ვარ ღმერთი ყოვლადძლიერი. ინაყოფიერე და გამრავლდი, ხალხი და ხალხთა კრებული წარმოიშობა შენგან და მეფენი გამოვლენ შენი საზარდულიდან.
- 12ქვეყანა, რომელიც მივეცი აბრაამს და ისაკს, შენთვის მომიცია, შენი შთამომავლობისთვის მომიცია ეს ქვეყანა.
- 13გაშორდა მას ღმერთი იმ ადგილიდან, სადაც ელაპარაკებოდა.
- 14მაშინ აღმართა იაკობმა სვეტი იმ ადგილას, სადაც ღმერთი ელაპარაკა, სვეტი ქვისა, და დაღვარა მასზე საღვრელი და სცხო ზეთი.
- 15უწოდა იაკობმა სახელად ბეთილი იმ ადგილს, სადაც ღმერთი ელაპარაკა.
- 16დაიძრნენ ბეთილიდან და ეფრათამდე არ იყვნენ მისულნი, რომ მოილოგინა რახელმა. მძიმე ჰქონდა მშობიარობა.
- 17როცა უძნელდებოდა მშობიარობა, უთხრა რახელს ბებიაქალმა: ნუ გეშინია, რადგან ახლაც ვაჟი გეყოლება.
- 18სულის ამოხდომისას, როცა კვდებოდა, დაარქვა ვაჟს სახელად ბენ-ყონი (ძე ჩემი ტკივილისა), ხოლო მამამ უწოდა ბენიამინი (ძე მარჯვენისა).
- 19მოკვდა რახელი და დაიმარხა ეფრათის გზაზე. ეს არის ბეთლემი.
- 20აღმართა სვეტი იაკობმა მის საფლავზე. ეს არის რახელის საფლავის სვეტი დღევანდლამდე.
- 21გაემგზავრა აქედან ისრაელი და გაშალა კარავი გედერის გოდლის უკან.
- 22ამ ქვეყანაში ყოფნისას ადგა რეუბენი და შევიდა ბილჰასთან, მამამისის ხარჭასთან, და გაიგო ეს ისრაელმა.
- 23ლეას ძენი იყვნენ: რეუბენი - იაკობის პირმშო, სიმონი, ლევი, იუდა, ისაქარი და ზებულონი.
- 24რახელის ძენი იყვნენ: იოსები და ბენიამინი.
- 25ბილჰას ძენი, რახელის მხევლისა: დანი და ნაფთალი.
- 26ზილფას ძენი, ლეას მხევლისა: გადი და აშერი. ესენი არიან იაკობის ძენი, რომელნიც შეეძინა მას ფადან-არამში.
- 27მივიდა იაკობი ისაკთან, მამამისთან, მამრეში, კირიათარბეში, ანუ ხებრონში, სადაც მდგმურობდნენ აბრაამი და ისაკი.
- 28ას ოთხმოცი წლისა იყო ისაკი.
- 29აღესრულა ისაკი და მოკვდა, შეერთო თავის ხალხს მოხუცებული და ხანსრული, და დამარხეს იგი ესავმა და იაკობმა, მისმა შვილებმა.
იტვირთება შემდეგი თავი