დაბადება — საპატრიარქო – orthodoxy.ge
იტვირთება წინა თავი
თავი 4
- 1შეიცნო ადამმა ევა, თავისი დედაკაცი. დაორსულდა ევა და შვა კაენი და თქვა: კაცი შემეძინა უფლისაგან.
- 2მერე შვა მისი ძმა აბელი. აბელი მეცხვარე იყო, კაენი - მიწის მუშაკი.
- 3გამოხდა ხანი და მიართვა კაენმა უფალს ძღვენი, მიწის ნაყოფი.
- 4აბელმაც მიართვა თავისი ფარის ნათავარი და რჩეული პირუტყვი. მოჰხედა უფალმა აბელს და მის ძღვენს.
- 5ხოლო კაენსა და მის ძღვენს არ მოჰხედა. ძალზე გამწარდა კაენი და თავი ჩაღუნა.
- 6უთხრა უფალმა კაენს: რად გამწარდი, რად ჩაღუნე თავი?
- 7თუ სიკეთის მქნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო? თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენსკენ აქვს მას ლტოლვა, შენ კი იბატონე მასზე.
- 8უთხრა კაენმა თავის ძმას, აბელს: გავიდეთ ველად. და როცა ველად იყვნენ, დაეცა კაენი აბელს და მოკლა.
- 9უთხრა უფალმა კაენს: სად არის შენი ძმა აბელი? მიუგო: არ ვიცი. ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ.
- 10უთხრა ღმერთმა: ეს რა ჩაიდინე? შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს.
- 11ამიერიდან დაწყევლილი ხარ მიწისაგან, რომელმაც გახსნა პირი, რათა მიეღო შენი ძმის სისხლი შენი ხელიდან.
- 12დაამუშავებ მიწას, მაგრამ აღარ მოგცემს იგი თავის ძალას; დევნილი და მიუსაფარი შეიქნები ამ ქვეყანაზე.
- 13უთხრა კაენმა უფალს: მძიმე ასატანია ჩემი სასჯელი:
- 14აჰა, მაგდებ დღეს მიწის პირისაგან და უნდა მივეფარო შენს სახეს; დევნილი და მიუსაფარი ვიქნები ამქვეყნად და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა.
- 15უთხრა უფალმა: ამიტომაც შვიდწილად მიეზღვება კაენის მკვლელს. დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ვერ მოეკლა იგი ყოველ შემხვდურს.
- 16გადაიხვეწა კაენი უფლის პირისაგან და დაესახლა ნოდის ქვეყანაში, ედემის აღმოსავლეთით.
- 17შეიცნო კაენმა თავისი დედაკაცი. დაორსულდა ქალი და შვა ენოქი. გააშენა კაენმა ქალაქი და უწოდა ამ ქალაქს შვილის სახელი - ენოქი.
- 18შეეძინა ენოქს ყირადი; ყირადმა შვა მეხუაელი; მეხუაელმა შვა მეთუშაელი; მეთუშაელმა შვა ლამექი.
- 19მოიყვანა ლამექმა ორი ცოლი; ერთს სახელად ერქვა ყადა, მეორეს - ცილა.
- 20შვა ყადამ იაბალი. იგი იყო კარავში მცხოვრებთა და მეჯოგეთა მამა.
- 21მის ძმას ერქვა იუბალი; იგი იყო მეჩანგეთა და მესტვირეთა მამა.
- 22შვა ცილამაც - თუბალ-კაენი, რვალისა და რკინის საჭურველთა მჭედელი. თუბალ-კაენის დას ერქვა ნაყამა.
- 23უთხრა ლამექმა თავის ცოლებს, ყადას და ცილას: ისმინეთ ჩემი, ლამექის ცოლებო, ყურად იღეთ ჩემი ნათქვამი: ჰო, მოვკალი კაცი ჩემდა სატკივრად, და ყმაწვილი - ჩემდა ჭირად.
- 24თუ შვიდგზის მიეზღვებათ კაენის გამო, ლამექის გამო სამოცდაშვიდმეტგზის მიეზღვებათ.
- 25კვლავ შეიცნო ადამმა თავისი ცოლი; შვა ქალმა ვაჟი და უწოდა სახელად შეთი, რადგან: მომმადლაო უფალმა სხვა ნაშიერი ნაცვლად აბელისა, კაენმა რომ მოკლა.
- 26შეთსაც შეეძინა ვაჟი და უწოდა სახელად ენოში. მაშინ დაიწყო უფლის სახელის ხსენება.
იტვირთება შემდეგი თავი