დაბადება — საპატრიარქო – orthodoxy.ge
იტვირთება წინა თავი
თავი 46
- 1გაემგზავრა ისრაელი მთელი თავისი საბადებლითურთ, მივიდა ბერშებას და შესწირა მსხვერპლი თავისი მამის, ისაკის, ღმერთს.
- 2უთხრა ღმერთმა ისრაელს ღამეულ ხილვაში: იაკობ, იაკობ! მიუგო: აქა ვარ.
- 3უთხრა: მე ვარ ღმერთი, ღმერთი მამაშენისა. ნუ გეშინია ეგვიპტეში ჩასვლის, რადგან იქ გაქცევ დიდ ხალხად.
- 4მეც ჩაგყვები ეგვიპტეში, მევე ამოგიყვან იქიდან და იოსები დაგიხუჭავს თვალებს საკუთარი ხელით.
- 5აიყარა იაკობი ბერშებადან და წაიყვანეს ისრაელიანებმა იაკობი, თავიანთი მამა, და თავიანთი ცოლ-შვილი ურმებით, ფარაონმა რომ გამოუგზავნა.
- 6წამოასხეს საქონელი და მთელი მონაგები, რაც მოიგეს ქანაანის ქვეყანაში და მივიდნენ ეგვიპტეს - იაკობი და მთელი მისი მონაგარი.
- 7თავისი ვაჟიშვილები, ვაჟიშვილთა შვილები, ასულები და ვაჟიშვილთა ასულები - მთელი თავისი მონაგარი ჩაიყვანა ეგვიპტეს.
- 8აჰა, ისრაელიანთა სახელები, რომელნიც ეგვიპტეში ჩავიდნენ: იაკობი და მისი ძენი; იაკობის პირმშო რეუბენი.
- 9რეუბენის ძენი: ხანოქი, ფალუ, ხეცრონი და ქარმი.
- 10სიმონის ძენი: იემუელი, იამინი, ოჰადი, იაქინი, ცოხარი და საული - ქანაანელი დედაკაცის შვილი.
- 11ლევის ძენი: გერშონი, კეჰათი და მერარი.
- 12იუდას ძენი: ყერი, ონანი, შელა, ფარეცი და ზარახი. ყური და ონანი ქანაანის ქვეყანაში დაიხოცნენ. ფარეცის ძენი იყვნენ ხეცრონი და ხამული.
- 13ისაქარის ძენი: თოლაყი, ფუვა, იობი და შიმრონი.
- 14ზებულონის ძენი: სერედი, ელონი და იეხალიელი.
- 15ესენი არიან ლეას შვილები, რომელნიც უშვა მან იაკობს ფადან-არამში - და დინა, მისი ასული. სულ ოცდაცამეტი სული - ვაჟი და ასული.
- 16გადის ძენი: ციფიონი, ხაგი, შუნი, უცბონი, ყეთი, აროდი და არიელი.
- 17აშერის ძენი: იმნა, იშვა, იშვი, ბერიყა და მათი სერახი; ბერიყას ძენი: ხებერი და მალქიელი.
- 18ესენი არიან შვილები ზილფასი, რომელიც მისცა ლაბანმა თავის ასულს, ლეას, და უშვა მან იაკობს ისინი - თექვსმეტი სული.
- 19რახელის ძენი; იაკობის ცოლისა: იოსები და ბენიამინი.
- 20შეეძინა იოსებს ეგვიპტის ქვეყანაში ვაჟიშვილები, რომლებიც უშვა მას ასენეთმა, ონის ქურუმის, ფოტიფერაყის ასულმა: მენაშე და ეფრემი.
- 21ბენიამინის ძენი: ბელაყი, ბეხერი, აშბელი, გერა, ნაყამანი, როში, მუფიმი, ხუფიმი და არდი.
- 22ესენი არიან რახელის შვილები, რომლებიც შეეძინა იაკობს - სულ თოთხმეტი სული.
- 23დანის ძე: ხუშიმი.
- 24ნაფთალის ძენი: იახცეელი, გუნი, იეცერი და შილემი.
- 25ესენი არიან შვილები ბილჰასი, რომელიც მისცა ლაბანმა თავის ასულს, რახელს, და უშვა ისინი იაკობს - სულ შვიდი სული.
- 26იაკობთან ერთად ეგვიპტეში ჩასულნი, მისი საზარდულიდან გამოსულნი, იაკობის ძეთა ცოლების გარდა, სულ იყვნენ სამოცდაექვსი სული.
- 27და იოსების ძენი, რომელნიც შეეძინა მას ეგვიპტეში - სულ ორი სული. იაკობის მოდგმა, ეგვიპტეში რომ ჩავიდა, მთლიანად იყო სულ სამოცდაათი სული.
- 28წინასწარ გაგზავნა იაკობმა იუდა იოსებთან, რომ იგი დახვედროდა მათ გოშენში, და წავიდნენ გოშენის მხარისკენ.
- 29აღკაზმა იოსებმა თავისი ეტლი და დაიძრა თავისი მამის, ისრაელის, შესახვედრად გოშენისკენ. იხილა იგი, ყელზე მოეჭდო და დიდხანს ტიროდა მის ყელზე გადაჭდობილი.
- 30უთხრა ისრაელმა იოსებს: თუნდაც მოვკვდე ახლა, რაკიღა ცოცხალს გხედავ.
- 31უთხრა იოსებმა თავის ძმებს და მამის სახლს: წავალ, ვამცნობ ფარაონს და ვეტყვი: ჩემი ძმები და მამისსახლი, ქანაანის ქვეყანაში რომ იყვნენ, ჩემთან ჩამოვიდნენ.
- 32მეცხვარეები არიან-მეთქი, მესაქონლეები; ცხვარ-ძროხა და ყველაფერი, რაც კი ებადათ, წამოასხეს-მეთქი.
- 33როცა მოგიხმობთ ფარაონი და შეგეკითხებათ, რა საქმეს მისდევთო.
- 34უთხარით, მეჯოგე ხალხი გართ შენი მორჩილი სიყრმიდან დღემდე, ჩვენცა და ჩვენი მამა-პაპაც-თქო, რათა დაემკვიდროთ გოშენის მხარეში, რადგან სისაძაგლეა ეგვიპტელთათვის ყოველი მეცხვარე.
იტვირთება შემდეგი თავი