დაბადება — საპატრიარქო – orthodoxy.ge
იტვირთება წინა თავი
თავი 45
- 1ვეღარ შეიკავა თავი იოსებმა მხლებელთა წინაშე და იყვირა: გაიყვანეთ ყველანი! არავინ იყო იოსებთან, როცა გაუმხილა მან თავისი ვინაობა ძმებს.
- 2იწყო ხმამაღალი ტირილი და მოესმათ ეგვიპტელებს, და მოესმა ფარაონის სახლს.
- 3უთხრა იოსებმა ძმებს: იოსები ვარ. ცოცხალია ჯერ კიდევ მამაჩემი? ვერ გასცეს პასუხი ძმებმა, რადგა შეეშინდათ მისი.
- 4უთხრა იოსებმა ძმებს: მომიახლოვდით. მიუახლოვდნენ და უთხრა მათ იოსებმა: იოსები ვარ, თქვენი ძმა, ეგვიპტეში რომ გამყიდეთ.
- 5ნუღარ იწუხებთ და ნურც თავს გაკიცხავთ, აქ რომ გამყიდეთ. თქვენი სიცოცხლის სახსრად გამომგზავნა ღმერთმა.
- 6რადგან ეს ორი წელი შიმშილია ქვეყანაში და კიდევ ხუთი წელი არ იქნება ხვნა და მკა.
- 7გამომგზავნა ღმერთმა თქვენს წინაშე, რათა დაგარჩინოთ ამქვეყნად, სიცოცხლე შეგინარჩუნოთ და მოგიტანოთ დიდი საშველი.
- 8თქვენ კი არ გამოგიგზავნივართ აქ, არამედ ღმერთმა დამადგინა მამად ფარაონისა, მისი სახლის პატრონად და მთელი ეგვიპტის ქვეყნის განმგებლად.
- 9საჩქაროდ წადით მამაჩემთან და უთხარით: ასე ამბობს-თქო შენი შვილი იოსები: ღმერთმა დამადგინა მთელი ეგვიპტის პატრონად. ჩამოდი ჩემთან, ნუ დაყოვნდები- თქო.
- 10იცხოვრე გოშენის მხარეში; ახლოს იქნებით-თქო ჩემთან შენ და შენი შვილები, შენი შვილთა შვილები, შენი ცხვარ-ძროხა და მთელი შენი საბადებელი.
- 11აქ შეგინახავ-თქო, რადგან კიდევ ხუთი წელი გასტანს შიმშილი, რათა არ გაჩანაგდე შენი სახლითა და მთელი შენი საბადებლითურთ.
- 12აჰა, ხომ ხედავს თქვენი თვალი და ჩემი ძმის, ბენიამინის, თვალი, რომ ეს ჩემი ბაგეებია, თქვენ რომ გელაპარაკებათ.
- 13მოახსენეთ მამაჩემს მთელი ჩემი დიდების ამბავი ეგვიპტეში და ყველაფერი, რაც ნახეთ. იჩქარეთ, ჩამომიყვანეთ მამაჩემი.
- 14ყელზე მოეხვია თავის ძმას ბენიამინს და ატირდა; ბენიამინიც ტიროდა მის მკერდზე.
- 15სათითაოდ გადაკოცნა ძმები, ტიროდა და ეხვეოდა მათ. მხოლოდ ამის შემდეგ დაელაპარაკნენ ძმები.
- 16მისწვდა ხმა ფარაონის სახლს, იოსების ძმები ჩამოვიდნენო. ეამა ფარაონს და მის მორჩილთ.
- 17უთხრა ფარაონმა იოსებს: უთხარი შენს ძმებს: ასე მოიქეცით: დატვირთეთ ოთხფეხი და წადით ქანაანის ქვეყანაში.
- 18წამოიყვანეთ მამათქვენი და თქვენი სახლეულნი და ჩემთან მოდით; მოგცემთ ყოველივე საუკეთესოს ეგვიპტის მიწაზე და ჭამეთ ამ მიწის დოვლათი.
- 19შენ კი გებრძანება მათთვის სათქმელად: ასე გააკეთეთ-თქო: წაიყოლეთ ეგვიპტიდან ურმები თქვენი ცოლშვილისთვის, წამოიყვანეთ მამათქვენი და ჩამოდით.
- 20თვალი ნუ დაგრჩებათ თქვენს ქონებაზე, რადგან თქვენი იქნება ყოველივე საუკეთესო მთელს ეგვიპტეში.
- 21ასეც მოიქცნენ ისრაელიანები. მისცა მათ იოსებმა ურმები ფარაონის ბრძანებისამებრ და გაატანა საგზალი.
- 22თითოეულს მისცა თითო ხელი სამოსელი, ბენიამინს მისცა სამასი ვერცხლი და ხუთი ხელი სამოსელი.
- 23მამას გაუგზავნა ათი სახედარი, ეგვიპტური დოვლათით დატვირთული, და ათი ჭაკი ვირი, ხორბლით, პურითა და სასმელ-საჭმელით დატვირთული, მამის გამოსამგზავრებლად.
- 24გაუშვა თავისი ძმები და ისინიც წავიდნენ. უთხრა: ნურაფრის შეგეშინდებათ გზაზე.
- 25წავიდნენ ეგვიპტიდან და მივიდნენ ქანაანის ქვეყანაში იაკობთან, თავიანთ მამასთან.
- 26ახარეს, ცოცხალია შენი შვილი იოსები, მთელი ეგვიპტის განმგებელიაო. გაოგნდა, რადგან არ სჯეროდა მათი.
- 27მოუყვნენ ყველაფერს, რაც იოსებმა უამბო მათ; დაინახა ურმებიც, იოსებს რომ გამოეგზავნა მის წასაყვანად, და მაშინღა გაცოცხლდა მათი მამის, იაკობის, სული.
- 28თქვა ისრაელმა: კმარა! ცოცხალია ჩემი შვილი იოსები! წავალ და ვნახავ, სანამ არ მოვმკვდარვარ.
იტვირთება შემდეგი თავი