დაბადება — საპატრიარქო – orthodoxy.ge
იტვირთება წინა თავი
თავი 44
- 1უბრძანა იოსებმა თავის სახლის მოურავს და უთხრა: აუვსეთ ამ კაცებს ტომრები პურით, რამდენის ზიდვასაც შეძლებენ, და თითოეულს ტომრის პირზე დაუდევით თავისი ვერცხლი.
- 2ხოლო ჩემი თასი, ვერცხლის თასი, უმცროსს ჩაუდევით ტომარაში მის ვერცხლთან ერთად როგორც იოსებმა უთხრა, ისე გააკეთა კაცმა.
- 3გათენებისას გაისტუმრეს ეს კაცები თავისი სახედრებით.
- 4ის იყო ქალაქიდან უნდა გასულიყვნენ, რომ უთხრა იოსებმა თავისი სახლის მოურავს: წადი და დაედევნე იმ კაცებს, დაეწიე და უთხარი: ბოროტებით რატომ გადაუხადეთ სიკეთე?
- 5ამით არის, რომ სვამს ჩემი ბატონი; ამით არის, რომ მარჩიელობს. ცუდი საქმე გიქნიათ.
- 6მიეწია მათ და უთხრა ეს სიტყვები.
- 7მიუგეს: რად ამბობს ბატონი ასეთ სიტყვებს? ღმერთმა დაიფაროს შენი მორჩილნი ამგვარი საქმისაგან.
- 8ხომ უკან დავაბრუნეთ ქანაანის ქვეყნიდან ვერცხლი, ჩვენს ტომრებში რომ ვიპოვეთ? ახლა როგორღა მოვიპარავდით შენი ბატონის სახლიდან ვერცხლს ან ოქროს?
- 9შენს მორჩილთაგან თუ ვინმეს აღმოაჩნდა თასი, მოკვდეს იგი, ხოლო დანარჩენები მონებად გავუხდებით ჩვენს ბატონს.
- 10უთხრა: ეგრე იყოს, როგორც თქვენ ამბობთ. ვისაც აღმოაჩნდება, თასი, მონად გამიხდეს; დანარჩენი უდანაშაულო იქნებით.
- 11საჩქაროდ ჩამოიღეს თავთავიანთი ტომრები და პირი მოხსნეს ტომრებს.
- 12მოჰყვა ჩხრეკას კაცი, უფროსით დაიწყო და უმცროსით დაამთავრა. ბენიამინის ტომარაში აღმოჩნდა თასი.
- 13შემოიხიეს სამოსელი, დატვირთეს თავთავიანთი სახედრები და ქალაქში გაბრუნდნენ.
- 14მივიდნენ იუდა და მისი ძმები იოსების სახლში - ჯერ კიდევ შინ იყო იგი - და პირქვე დაემხნენ მის წინაშე.
- 15უთხრა იოსებმა: ეს რა გაგიკეთებიათ? როგორ ვერ მიხვდით, რომ ჩემნაირ კაცს მარჩიელობის ძალიც შესწევს?
- 16მიუგო იუდამ: რა ვუთხრათ ჩვენს ბატონს, რა ვთქვათ, რით ვიმართლოთ თავი? ღმერთმა უპოვა ბრალი შენს მორჩილთ. აჰა, მონები ვართ ჩვენი ბატონისა, ჩვენც და ისიც, ვის ხელშიც აღმოჩნდა თასი.
- 17უთხრა იოსებმა: ვერა, ვერ ვიზამ ასე. ვის ხელშიც აღმოჩნდა თასი, ის გამიხდეს მონად, დანარჩენები მშვიდობით დაბრუნდით მამათქვენთან.
- 18ახლოს მივიდა იუდა და უთხრა: გევედრები, ჩემო ბატონო, სიტყვა ათქმევინე შენს მორჩილს, ნუ განურისხდები შენს მორჩილს, რადგან ფარაონის ტოლი კაცი ხარ.
- 19ჩემმა ბატონმა ჰკითხა თავის მორჩილთ, მამა ან ძმა თუ გყავთო.
- 20ჩვენც ვუთხარით ჩვენს ბატონს: მოხუცებული მამა გვყავს და პატარა ბავშვი, მის სიბერეში შობილი; ძმა მოუკვდა და ისღა დარჩა მისი დედისგან, ამიტომაც უყვარს იგი მამამისს.
- 21გვითხარი შენს მორჩილთ: ჩამომიყვანეთ, ჩემი თვალით ვნახოო.
- 22მივუგეთ ჩვენს ბატონს: ვერ მიატოვებს ყმაწვილი მამას, მიატოვებს და კიდეც მოკვდება მამამისი.
- 23გვითხარი შენს მორჩილთ: თუ არ ჩამოგიყვანიათ თქვენი უმცროსი ძმა, თვალით აღარ დამენახოთო.
- 24როცა მივედით მამაჩემთან, შენს მორჩილთან, შევატყობინეთ ჩვენი ბატონის ნათქვამი.
- 25გვითხრა მამაჩვენმა: დაბრუნდით, გვიყიდეთო მცირეოდენი პური.
- 26ვუთხარით: ვერ ჩავალთ. უმცროსი ძმა თუ ჩვენთან იქნება, მაშინ ჩავალთ. რადგან ვერ დავენახვებით იმ კაცს, თუ უმცროსი ძმა ჩვენთან არ იქნება.
- 27გვითხრა მამაჩემმა, შენმა მორჩილმა: თქვენ იცით, რომ ორი ვაჟი მიშვა ჩემმა ცოლმა.
- 28ერთი წავიდა ჩემგან, ვთქვი, მხეცმა დაგლიჯა-მეთქი, და დღემდე აღარ მინახავს იგი.
- 29ამასაც მაშორებთ და თუ რამე უბედურება შეემთხვა გზაზე, ჩემს ჭაღარას გამწარებულს ჩაიყვანთ შავეთში.
- 30ახლა რომ მივუვალთ მამაჩვენს და არ მივუყვანთ ყმაწვილს, რომლის სულთანაც მისი სულია გადაფსკვნილი.
- 31დაინახავს, რომ არ არის ყმაწვილი და მოკვდება, და გამწარებულს ჩავიყვანთ შენი მორჩილნი მამაჩვენის, შენი მორჩილის ჭაღარას შავეთში.
- 32რადგან შენმა მორჩილმა ჩავიბარე ეს ყმაწვილი მამისგან და ასე ვუთხარი: თუ უკან არ მომიყვანია, მთელი ჩემი სიცოცხლე შემცოდე ვიყო-მეთქი მამაჩემის წინაშე.
- 33ახლა, დარჩეს შენი მორჩილი შენს მონად ამ ყმაწვილის სანაცვლოდ, ყმაწვილი კი თავის ძმებს წაჰყვეს.
- 34როგორ მივიდე მამაჩემთან, თუ ყმაწვილი ჩემთან არ იქნება? ნუმც შევსწრებივარ უბედურებას, რაც მამაჩემს დაატყდება თავს!
იტვირთება შემდეგი თავი