დაბადება — საპატრიარქო – orthodoxy.ge
იტვირთება წინა თავი
თავი 43
- 1მძიმე გახდა შიმშილი ქვეყანაზე.
- 2როცა შეჭამეს მთელი პური, ეგვიპტიდან რომ ჰქონდათ ამოტანილი, მამამ უთხრა მათ: გაბრუნდით, კიდევ გვიყიდეთ მცირედი საზრდო.
- 3უთხრა მას იუდამ: მკაცრად გაგვაფრთხილა იმ კაცმა, თვალით არ დამენახოთ, თუ თქვენი ძმა თქვენთან იქნებაო.
- 4თუ გაგვაყოლებ ძმას, ჩავალთ და გიყიდით საზრდოს.
- 5თუ არ გაგვაყოლებ, ვერ ჩავალთ, რადგან გვითხრა იმ კაცმა, თვალით არ დამენახოთ, თუ თქვენი ძმა თქვენთან არ იქნებაო.
- 6უთხრა ისრაელმა: რად მიბოროტეთ, რად გაუმხილეთ იმ კაცს, რომ კიდევ გყავთ ძმა?
- 7უთხრეს: არ მოგვეშვა ის კაცი, გვეკითხებო ჩვენს და ჩვენი მოდგმის ამბავს, თუ არის ცოცხალი მამათქვენიო, კიდევ თუ გყავთო ძმა. ჩვენც ვუამბეთ ყველაფერი. რა ვიცოდით, თუ გვეტყოდა, თქვენი ძმა ჩამოგვიყვანეთო?
- 8უთხრა იუდამ ისრაელს, თავის მამას: გაგვატანე ყმაწვილი. ავდგებით და წავალთ, რომ ცოცხლები დავრჩეთ და არ დავიხოცოთ არც ჩვენ, არც შენ და არც ჩვენი წვრილშვილი.
- 9მე ჩავიბარებ და მევე მომკითხე. თუ არ მოგიყვანო და წინ არ დაგიყენო, მთელი სიცოცხლე შემცოდე ვიყო შენს წინაშე.
- 10რომ არ დავყოვნებულიყავით, აქამდე ორჯერ ვიქნებოდით დაბრუნებულები.
- 11უთხრა მათ ისრაელმა, მათმა მამამ: თუ ასეა, ეს მაინც გააკეთეთ: გაავსეთ ჭურჭლები ამ ქვეყნის დოვლათით, ჩაუტანეთ იმ კაცს ძღვნად მცირეოდენი ბალსამონი, მცირეოდენი თაფლი, საკმეველი, შტახსი, ფსტა და ნუში.
- 12ერთიორად წაიღეთ ვერცხლი, დაბრუნებული ვერცხლი კი, თქვენს თოფრებში რომ ეწყო, უკანვე მიეცით. ალბათ შეცდომაა რაღაც.
- 13თქვენი ძმაც წაიყვანეთ, ადექით და კიდევ წადით იმ კაცთან.
- 14ყოვლადძლიერი ღმერთი შეგეწიოთ, რათა წყალობა ნახოთ იმ კაცის თვალში და გამოგატანოთ ის მეორე ძმა და ბენიამინი. მე კი, თუ უშვილოდ დარჩენა მიწერია, დავრჩე უშვილო!
- 15წაიღეს კაცებმა ეს ძღვენი, ვერცხლიც ერთიორად წაიღეს, და ბენიამინიც წაიყვანეს; ადგნენ და ჩავიდნენ ეგვიპტეში და წარუდგნენ იოსებს.
- 16დაინახა მათთან ბენიამინი იოსებმა და უთხრა თავისი სახლის მოურავს: მომიყვანე სახლში ეს კაცები, საკლავი დაკალი და გაამზადე, რადგან ჩემთან ერთად უნდა ჭამონ პური ამ კაცებმა შუადღისას.
- 17ისე მოიქცა ის კაცი, როგორც იოსებმა უბრძანა: მოუყვანა კაცმა ეს კაცები იოსებს სახლში.
- 18შეეშინდათ ამ კაცებს, იოსების სახლში რომ მიიყვანეს. თქვეს, იმ ვერცხლის გამო მოგვიყვანეს ალბათ, მაშინ რომ ვაშკარანებში ჩაგვიდესო; თავს დაგვესხმიან, რომ დაგვიმონონ და ჩვენს სახედრებსაც დაეპატრონონ.
- 19მიადგნენ იმ კაცს, იოსების სახლის მოურავს, და დაელაპარაკნენ სახლის შესასვლელთან.
- 20უთხრეს: გევედრებით, ბატონო! ჩვენ წინათაც ჩამოვსულვართ პურის საყიდლად.
- 21ღამის გასათევში რომ მივედით, თავი მოვხსენით ჩვენს ვაშკარანებს და ვხედავთ. ვაშკარანის პირზე დევს თითოეულის ვერცხლი უკლებლივ. ახლა გიბრუნებთ ჩვენი ხელით.
- 22სხვა ვერცხლი წამოვიღეთ ჩვენი ხელით პურის საყიდლად. არ ვიცით, ვინ ჩაგვიდო ის ვერცხლი ვაშკარანებში.
- 23უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა! ნუ გეშინიათ, თქვენმა ღმერთმა, მამათქვენის ღმერთმა ჩაგიდოთ განძი ვაშკარანებში. მომივიდა თქვენი ვერცხლი. და გამოუყვანა სიმონი.
- 24შეიყვანა კაცმა ეს კაცები იოსების სახლში, მისცა მათ წყალი ფეხის დასაბანად და მათ სახედრებს საკვები დაუყარა.
- 25მოამზადეს ძღვენი, ვიდრე იოსები მოვიდოდა შუადღისას, რადგან გაიგეს, რომ აქ უნდა ეჭამათ პური.
- 26მოვიდა იოსები სახლში და მიართვეს მას ძღვენი საკუთარი ხელით, და მიწამდე თაყვანისცეს.
- 27მოიკითხა იოსებმა ისინი და უთხრა: ხომ მშვიდობით არის მოხუცი მამათქვენი, ვისზეც მელაპარაკებოდით? ხომ ცოცხალია ჯერაც?
- 28უთხრეს: მშვიდობით არის შენი მორჩილი მამაჩვენი, ჯერაც ცოცხალია. მუხლი მოიყარეს და თაყვანისცეს.
- 29აიხედა იოსებმა და დაინახა თავისი ძმა ბენიამინი, თავისი დედის შვილი; იკითხა: ეს ხომ არ არის თქვენი უმცროსი ძმა, ვისზეც მელაპარაკებოდით? თქვა: ღმერთი გწყალობდეს, ჩემო შვილო!
- 30ვეღარ მოითმინა იოსებმა, რადგან გულ-ღვიძლი დაეწვა თავისი ძმის გამო, ტირილი მოუნდა და გავიდა თავის ოთახში და იქ ატირდა.
- 31დაიბანა პირი, გამოვიდა, გაიმაგრა გული; თქვა: მოგვიტანეთ საჭმელი.
- 32მოუტანეს საჭმელი მას ცალკე და მათ ცალკე, მასთან ერთად მეინახე ეგვიპტელებსაც ცალკე, რადგან არ შეეძლოთ ეგვიპტელებს ებრაელებთან ერთად ეჭამათ, პური; სიბილწედ რაცხდნენ ამას ეგვიპტელნი.
- 33დასხდნენ მის პირისპირ უფროს-უმცროსობის მიხედვით; გაკვირვებით გადახედეს ერთმანეთს კაცებმა.
- 34უგზავნიდა მათ იოსები თავისი სუფრიდან კერძს; ბენიამინის კერძი ხუთჯერ მეტი იყო სხვების კერძზე. სვეს და შეთვრნენ მასთან ერთად.
იტვირთება შემდეგი თავი