დაბადება — საპატრიარქო – orthodoxy.ge
იტვირთება წინა თავი
თავი 42
- 1გაიგო იაკობმა, რომ იშოვებოდა პური ეგვიპტეში და უთხრა იაკობმა თავის შვილებს: რას უყურებთ?
- 2უთხრა: აჰა, შევიტყვე, პური იშოვება თურმე ეგვიპტეში. ჩადით იქ და გვიყიდეთ პური, რომ ცოცხლები დავრჩეთ და არ დავიხოცოთ.
- 3ჩავიდა იოსების ათი ძმა ხორბლის საყიდლად ეგვიპტეში.
- 4ხოლო ბენიამინი, იოსების ძმა, არ გააყოლა იაკობმა მის ძმებს; თქვა: უბედურება არ შეემთხვესო.
- 5მივიდნენ ისრაელიანები სხვა მიმსვლელებთან ერთად, რადგან შიმშილი იყო ქანაანის ქვეყანაში.
- 6იოსები იყო ხელისუფალი ქვეყანაში; ის იყო ამ ქვეყნის ხალხის დამპურებელი. იოსების ძმებიც მივიდნენ მასთან და მდაბლად თაყვანისცეს.
- 7დაინახა იოსებმა თავისი ძმები და იცნო, მაგრამ არ გაამხილა თავი და მკაცრად დაუწყო ლაპარაკი. უთხრა: საიდან მოსულხართ? მიუგეს: ქანაანის ქვეყნიდან პურის საყიდლად.
- 8იცნო იოსებმა თავისი ძმები, ხოლო მათ ვერ იცნეს იგი.
- 9გაახსენდა იოსებს სიზმრები, მათზე რომ დაესიზმრა, და უთხრა: მსტოვრები ხართ, ამ ქვეყნის სიშიშვლის დასაზვერად მოხვედით.
- 10უთხრეს: არა, ბატონო, პურის საყიდლად მოვედით შენი მორჩილნი.
- 11ერთი მამის შვილები ვართ ყველანი, პატიოსანი ხალხი ვართ. არ არიან მსტოვრები შენი მორჩილნი.
- 12უთხრა: არა, ქვეყნის სიშიშვლის დასაზვერად მოხვედითო.
- 13უთხრეს: თორმეტი ძმანი ვართ შენი მორჩილნი, ერთი მამის შვილები, ქანაანის ქვეყნის მკვიდრნი. უმცროსი ახლა მამასთანაა, ერთი აღარა გვყავს.
- 14უთხრა იოსებმა: ასეა, როგორც გითხარით, მსტოვრები ხართ-მეთქი.
- 15უნდა გამოგცადოთ. ფარაონს ვფიცავ, ვერ გახვალთ აქედან, ვიდრე თქვენი უმცროსი ძმა აქ არ მოვა.
- 16გაგზავნეთ ერთი თქვენგანი და მოიყვანოს თქვენი ძმა; დანარჩენები დატყვევებული იქნებით. მაშინ გაირკვევა თუ მართალს ამბობთ. თუ არა და, ფარაონს ვფიცავ, მსტოვრები ხართ.
- 17სამ დღეს საპყრობილეში ჰყავდა ისინი.
- 18უთხრა მათ იოსებმა მესამე დღეს: ასე მოიქეცით და ცოცხლები დარჩებით; ღვთისმოშიში კაცი ვარ მე.
- 19თუ პატიოსნები ხართ, დარჩეს თქვენი ერთი ძმა საპყრობილეში, სხვები წადით და მიუტანეთ პური თქვენიანებს.
- 20აქ მომიყვანეთ თქვენი უმცროსი ძმა, რათა დამტკიცდეს თქვენი ნათქვამი და აგცდეთ სიკვდილი. დათანხმდნენ.
- 21უთხრეს ერთმანეთს: მართლაც დამნაშავე ვართ ჩვენს ძმასთან, რადგან ვუყურებდით მის ტანჯვას და არ შევიბრალეთ, როცა გვევედრებოდა. ამიტომაც დაგვატყდა თავს ეს გასაჭირი.
- 22მიუგო მათ რეუბენმა და უთხრა: ხომ გეუბნებოდით, ბავშვის ცოდვაში ნუ ჩავდგებით-მეთქი. თქვენ კი არ დამიჯერეთ და, აჰა, ახლა მოგვეკითხა კიდეც მისი სისხლი.
- 23არ ეგონათ, რომ ყველაფერი ესმოდა იოსებს, რაკი თარჯიმანი იყო მათ შორის.
- 24შეტრიალდა იოსები და ატირდა. მერე მოუბრუნდა მათ და ელაპარაკა; გამოარჩია მათგან სიმონი და მათ თვალწინ დაადო ბორკილი.
- 25ბრძანა იოსებმა, ხორბლით აევსოთ მათი ვაშკარანები, გადახდილი ვერცხლი მათ ვაშკარანებში ჩაედოთ და საგზალი მიეცათ. ასეც მოიქცნენ.
- 26აჰკიდეს პური სახედრებს და წავიდნენ.
- 27ღამის გასათევში ერთ-ერთმა მათგანმა, სახედრისთვის საკვები რომ დაეყარა, მოხსნა პირი ვაშკარანს და და დაინახა თავისი ვერცხლი: ვაშკარანის პირზე დევს იგი.
- 28უთხრა ძმებს: დაუბრუნებიათ ჩემი ვერცხლი. აჰა, ჩემს ვაშკარანში დევს. გულზე შემოეყარათ და შიშით უთხრეს ერთმანეთს: ეს რა გვიყო ღმერთმა?
- 29მივიდნენ იაკობთან, თავიანთ მამასთან, ქანაანის ქვეყანაში და უამბეს ყველაფერი, რაც შეემთხვათ. უთხრეს:
- 30მკაცრად გველაპარაკა იმ ქვეყნის ბატონი, მსტოვრებად მიგვიჩნია.
- 31ვუთხარით: პატიოსნები ვართ, მსტოვრები არა ვართ.
- 32თორმეტი ძმანი ვართ, ერთი მამის შვილები; ერთი აღარა გვყავს ცოცხალი; უმცროსი ახლა მამასთანაა ქანაანის ქვეყანაში.
- 33გვითხრა იმ კაცმა, ქვეყნის პატრონმა: ამით გავიგებ, პატიოსნები ხართ თუ არა: ერთი ძმა დამიტოვეთ, თქვენ კი აიღეთ პური თქვენიანებისთვის და წადით.
- 34მომიყვანეთ თქვენი უმცროსი ძმა და დავიჯერებ, რომ მსტოვრები არა ხართ, რომ პატიოსანი ხალხი ხართ. მოგცემთ თქვენს ძმას და მშვიდობით გაივლით ამ ქვეყანას.
- 35როცა გადმოაცარიელეს თავ-თავიანთი ვაშკარანები, თითოეულს თავისი ვერცხლით სავსე ტომსიკა აღმოაჩნდა ვაშკარანში. დაინახეს თავიანთი ვერცხლი მათ და მათმა მამამ და შეეშინდათ.
- 36უთხრა მათ იაკობმა, მათმა მამამ: შვილები წამართვით! იოსები აღარ მყავს, სიმონი აღარ მყავს! ახლა ბენიამინი მიგყავთ. ყველაფერი მე დამატყდა თავს!
- 37ასე უთხრა რეუბენმა მამამისს: ჩემი ორი შვილი მომიკალი, თუ უკან არ მოგიყვანო! მე ჩამაბარე და მევე დაგიბრუნებ.
- 38უთხრა იაკობმა: ჩემს შვილს ვერ გაგატანთ, რადგან მკვდარია მისი ძმა და ესღა შემრჩა. რამე უბედურება შეხვდება გზაზე, სადაც მიდიხართ. გამწარებულს ჩაიყვანთ ჩემს ჭაღარას შავეთში!
იტვირთება შემდეგი თავი