დაბადება — საპატრიარქო – orthodoxy.ge
იტვირთება წინა თავი
თავი 41
- 1გავიდა ორი წელიწადი და ესიზმრა ფარაონს სიზმარი: აჰა, დგას იგი ნილოსის პირას.
- 2აჰა, ამოდის ნილოსიდან შვიდი კარგი შესახედავი და ხორცსავსე ძროხა და ლერწმიანში ბალახობს.
- 3აჰა, შვიდი სხვა ძროხა, შეუხედავი და ხორცდაყრილი, ამოჰყვება მათ ნილოსიდან და გვერდში დაუდგება იმ ძროხებს ნილოსის პირას.
- 4შეჭამეს შეუხედავმა და ხორცდაყრილმა ძროხებმა შვიდი კარგი შესახედავი და ხორცსავსე ძროხა - და გაეღვიძა ფარაონს.
- 5დაიძინა და კვლავ ესიზმრა: აჰა, შვიდი თავთავი ამოდის ერთ ღეროზე, სავსე და საღი.
- 6აჰა, კვლავ შვიდი თავთავი, ფშუტე და ხორშაკისგან დახრუკული, აღმოცენდა მათ შემდეგ.
- 7გადაყლაპეს ფშუტე თავთავებმა შვიდი მსხვილი და სავსე თავთავი - და გაეღვიძა ფარაონს. აჰა, ეს სიზმარიც.
- 8დილით დაუმძიმდა სული ფარაონს და იხმო ეგვიპტის ყველა მისანი და ბრძენი, და უამბო მათ ფარაონმა თავისი სიზმრები, მაგრამ ვერავინ აუხსნა ისინი ფარაონს.
- 9მაშინ მიმართა მწდეთუხფცესმა ფარაონს და ასე უთხრა: ახლა მახსენდება ჩემი ცოდვები.
- 10ფარაონი განურისხდა თავის მორჩილთ და მიგვცა პატიმრად ქონდაქართუხუცესის სახლში, მე და მეპურეთუხუცესი.
- 11ვნახეთ სიზმარი ერთ ღამეს მეც და იმანაც, თითოეულმა საკუთრივ ასახსნელი სიზმარი ვნახეთ.
- 12ჩვენთან ერთად იყო იქ ერთი ებრაელი ყმაწვილი, ქონდაქართუხუცესის მორჩილი. ვუამბეთ მას და მანაც აგვიხსნა სიზმრები, თითოეულს ჩვენ-ჩვენი სიზმრის მიხედვით აგვიხსნა.
- 13და როგორც აგვიხსნა, ისეც აგვიხდა: მე ჩემს სამსახურში დამაბრუნა ფარაონმა, ის კი ხეზე ჩამოჰკიდა.
- 14გაგზავნა კაცი ფარაონმა და იხმო იოსები; ისიც სასწრაფოდ ამოიყვანეს დილეგიდან, გაიპარსა, სამოსელი გამოიცვალა და წარუდგა ფარაონს.
- 15უთხრა ფარაონმა იოსებს: სიზმარი მესიზმრა, მაგრამ არავინაა მისი ამხსნელი. შენზე გავიგე, თუ სიზმარს მოისმენს, ახსნაც შეუძლიაო.
- 16მიუგო იოსებმა ფარაონს და უთხრა: მე რა შემიძლია, ღმერთი ინებებს ფარაონის მშვიდობას.
- 17უამბო ფარაონმა იოსებს: მესიზმრა, აჰა, ვდგავარ ნილოსის პირას.
- 18აჰა, ამოდის ნილოსიდან შვიდი ხორცსავსე და ლამაზი ძროხა და ლერწმიანში ბალახობს.
- 19აჰა, სხვა შვიდი ძროხა, უძლური, მეტისმეტად უგვანო და ხორცდაყრილი ამოჰყვა მათ; მთელს ეგვიპტეში მათზე უგვანი არაფერი მინახავს.
- 20შეჭამეს ხორცდაყრილმა და უგვანმა ძროხებმა ის შვიდი ხორცსავსე ძროხა.
- 21შევიდნენ მათ მუცელში, მაგრამ არ ეტყობოდათ, რომ მათ მუცელში იყვნენ შესული; ისეთივე მჭლენი დარჩნენ, როგორიც მანამდე იყვნენ. და გამეღვიძა.
- 22ვიხილე სიზმრად, აჰა, შვიდი თავთავი ამოდის ერთ ღეროზე, სავსე და საღი.
- 23აჰა, კვლავ შვიდი თავთავი, გამომშრალი, ფშუტე და ხორშაკისგან დახრუკული აღმოცენდა მათ შემდეგ.
- 24ჩაყლაპეს თავთავებმა შვიდი საღი თავთავი. ვუამბე მისნებს, მაგრამ შემტყობარი არავინ იყო.
- 25უთხრა იოსებმა ფარაონს: ერთი და იგივეა ფარაონის სიზმრები. რის ქმნასაც ღმერთი აპირებს, თავად ამცნო ფარაონს:
- 26შვიდი საღი ძროხა შვიდი წელიწადია; შვიდი საღი თავთავიც შვიდი წელიწადია. ერთი და იგივე სიზმარია ეს.
- 27მათ შემდეგ ამოსული შვიდი მჭლე და უგვანო ძროხა შვიდი წელიწადია; შვიდი ფშუტე და ხორშაკისგან დახრუკული თავთავი შიმშილობის შვიდი წელიწადია.
- 28ეს იყო, ფარაონს რომ ვუთხარი, რის ქმნასაც აპირებს ღმერთი, ფარაონს თავად ახილვინა-მეთქი.
- 29აჰა, მოვა შვიდი უხვმოსავლიანი წელიწადი მთელს ეგვიპტის ქვეყანაში.
- 30მას შემდეგ დადგება შვიდი მოუსავლიანი წელიწადი, გაქრება ბარაქა ეგვიპტეში და შიმშილი გააჩანაგებს ქვეყანას.
- 31წინანდელი ბარაქის კვალიც არ დარჩება ქვეყანაზე ამ შიმშილის ხანს, რადგან მეტისმეტად მძიმე იქნება იგი.
- 32ორგზის რომ გაუკვლადდა სიზმარი ფარაონს, ნიშნავს: გადაწყვეტილია ღვთისგან ეს საქმე და ღმერთი დაუყოვნებლივ აღასრულებს მას.
- 33ახლა, გამოძებნოს ფარაონმა გონიერი და ბრძენი კაცი და დაუყენოს ეგვიპტის ქვეყანას.
- 34ასე ქნას ფარაონმა: ზედამხედველები განაწესოს ქვეყანაში, რათა მეხუთედი ახდევინონ ეგვიპტის ქვეყანას შვიდი მოსავლიანი წლის მანძილზე.
- 35დააგროვონ ამ მომავალი ბედნიერი წლების მთელი საზრდო, დაახვავონ ხორბალი ფარაონის გამგებლობაში ქალაქთა საზრდოდ და შეინახონ.
- 36იყოს ეს საზრდო მარაგად ქვეყნისათვის შვიდი მოუსავლიანი წლის მანძილზე, ეგვიპტის ქვეყანაში რომ დადგება, რათა ქვეყანა შიმშილით არ ამოწყდეს.
- 37მოეწონა ნათქვამი ფარაონს და ყველა მის მორჩილს.
- 38უთხრა ფარაონმა თავის მორჩილთ: ისეთ კაცს თუ ვიპოვით, ვისშიც ღვთის სული იქნება?
- 39უთხრა ფარაონმა იოსებს: რაკი გაგიმხილა ღმერთმა ეს ყველაფერი, სხვა ვინ იქნება შენსავით გონიერი და ბრძენი.
- 40შენ იქნები ჩემი სახლის მოურავი და შენს სიტყვას დაემორჩილება მთელი ჩემი ხალხი; მხოლოდ ტახტით ვიქნები შენზე აღმატებული.
- 41უთხრა ფარაონმა იოსებს: აჰა, დამიდგენიხარ მთელი ეგვიპტის განმგებელად!
- 42წაიძრო ხელიდან ფარაონმა ბეჭედი და გაუკეთა ხელზე იოსებს; შემოსა ზეზის შესამოსელით და ოქროს ძეწკვი ჩამოჰკიდა ყელზე.
- 43დასვა თავის მეორე ეტლზე და აცხადებდნენ მის წინაშე: მუხლი მოიყარეთ! ასე დაუდგინა იგი განმგებელად მთელს ეგვიპტის ქვეყანას.
- 44უთხრა ფარაონმა იოსებს: მე ფარაონი ვარ, მაგრამ უშენოდ ხელს ვერავინ გაანძრევს მთელს ეგვიპტეში.
- 45უწოდა ფარაონმა იოსებს სახელად ცაფნათ-ფაყნეახი და მისცა ცოლად ასენათი, ონის (მზის ქალაქის) ქურუმის ფოტიფერაყის ასული. და გავიდა იოსები ეგვიპტის ქვეყანაში.
- 46ოცდაათი წლისა იყო იოსები, როცა წარუდგა ფარაონს, ეგვიპტის მეფეს. გამოვიდა იოსები ფარაონისგან და მოიარა მთელი ეგვიპტე.
- 47წარმოქმნა მიწამ ხვავრიელად შვიდ მოსავლიან წელიწადს ხორბალი.
- 48შეაგროვა იოსებმა შვიდი მოსავლიანი წელიწადის საზრდო, რაც კი იპოვებოდა ეგვიპტის ქვეყანაში, და ქალაქებს ჩამოურიგა; თითოეულ ქალაქს თავის გარშემო მინდვრებიდან მოწეული საზრდო დაურიგა.
- 49დაახვავა იოსებმა ხორბალი ზღვის ქვიშასავით, ბევრზე ბევრი, ისე რომ შეწყვიტა თვლა, რადგან აღარ იყო სათვალავი.
- 50მოუსავლიანი წელიწადის დადგომამდე შეეძინა იოსებს ორი ვაჟი, რომელნიც უშვა მას ასენეთმა, ონის ქურუმის, ფოტიფერაყის ასულმა.
- 51უწოდა იოსებმა პირმშოს სახელად მენაშე, რადგან თქვა: დამავიწყა ღმერთმა მთელი ჩემი ტანჯვა-წვალება და მამაჩემის სახლი.
- 52ხოლო მეორეს უწოდა სახელად ეფრემი, რადგან თქვა: ნაყოფიერმყო ღმერთმა ჩემი გაჭირვების ქვეყანაში.
- 53გასრულდა შვიდი მოსავლიანი წელიწადი, ეგვიპტის ქვეყანაში რომ იდგა.
- 54დაიწყო შვიდი მოუსავლიანი წელიწადი, როგორც ნათქვამი ჰქონდა იოსებს. იყო შიმშილი ყველა ქვეყანაში, მაგრამ ეგვიპტის ქვეყნად იპოვებოდა პური.
- 55დაიმშა მთელი ეგვიპტის ქვეყანა და შეღაღადა ხალხმა ფარაონს, რათა მიეცა მისთვის პური. გამოუცხადა ფარაონმა მთელს ეგვიპტეს: მიდით იოსებთან და როგორც გეტყვით, ისე მოიქეცით.
- 56შიმშილი იყო მთელი დედამიწის ზურგზე. გააღო იოსებმა ყველა ბეღელი და დააპურა ეგვიპტელები. შიმშილი კი გაძლიერდა ეგვიპტის ქვეყანაში.
- 57ყველა ქვეყანა ეგვიპტეში მოვიდა იოსებთან პურის საყიდლად, რადგან შიმშილი მძვინვარებდა მთელს ქვეყნიერებაზე.
იტვირთება შემდეგი თავი