დაბადება — საპატრიარქო – orthodoxy.ge
იტვირთება წინა თავი
თავი 40
- 1ამ ამბების შემდეგ იყო, რომ ეგვიპტის მეფის მწდემ და მეპურემ შესცოდეს თავიანთ ბატონს, ეგვიპტის მეფეს.
- 2განურისხდა ფარაონი თავის ორ კარისკაცს, მწდეთუხუცესს და მეპურეთუხუცესს.
- 3და ჩაყარა ისინი ქონდაქართუხუცესის სახლში, საპყრობილეში, იქ, სადაც იოსები იყო დამწყვდეული.
- 4მიუჩინა მათ ქონდაქართუხუცესმა იოსები და ისიც ემსახურებოდა. ასე იყვნენ ერთხანს საპყრობილეში.
- 5ესიზმრა ერთ ღამეს ორთავეს სიზმარი, თითოეულს თავისი, საკუთრივ ასახსნელი, ეგვიპტის მეფის მწდეს და მეპურეს, საპყრობილეში რომ იყვნენ დამწყვდეულნი.
- 6მივიდა მათთან დილით იოსები და დაინახა, რომ დაღვრემილნი იყვნენ.
- 7შეეკითხა ფარაონის კარისკაცებს, რომელნიც მასთან ერთად იყვნენ პატიმრად მისი ბატონის სახლში: დღეს რატომ დაგიღრეჯიათ სახე?
- 8უთხრეს: სიზმარი გვესიზმრა, მაგრამ არ არის მისი ამხსნელი. უთხრა იოსებმა: განა ღვთისგან არ არის ახსნა? აბა, მიამბეთ.
- 9უამბო მწდეთუხუცესმა იოსებს თავისი სიზმარი და უთხრა: ვხედავ, სიზმარში ვაზია ჩემს წინ.
- 10სამი ლერწი აქვს ამ ვაზს; როგორც კი გაიფურჩქნა, გამოიღო ყვავილი და დამწიფდა მტევანი.
- 11ხელში ფარაონის თასი მეჭირა; ავიღე ყურძენი, ჩავწურე ფარაონის თასში და თასი ფარაონს მივართვი.
- 12უთხრა იოსებმა: ეს არის მაგისი ახსნა: სამი ლერწი სამი დღეა.
- 13სამი დღის შემდეგ თავს აგიწევს ფარაონი და შენს სამსახურში დაგაბრუნებს. კვლავ მიართმევ ფარაონს თავის თასს, როგორც ადრე მიართმევდი ხოლმე, როცა მისი მწდე იყავი.
- 14ოღონდ გამიხსენე, როდესაც კარგად გექნება საქმე; მიყავი სიკეთე და გაახსენე ჩემი თავი ფარაონს და გამომიყვანე ამ სახლიდან.
- 15რადგან მომიპარეს ებრაელთა ქვეყნიდან და აქაც არაფერი ჩამიდენია ისეთი, ამ დილეგში რომ ჩავეგდე.
- 16დაინახა მეპურეთუხუცესმა, რომ კეთილად ახსნა იოსებმა სიზმარი და უთხრა მას: მეც მესიზმრა სიზმარი: აჰა, სამი მოწნული კალათა მადგას თავზე.
- 17ზემო კალათაში ფარაონის ნაირ-ნაირი საჭმელი აწყვია, მზარეულის გაკეთებული, ჩიტი კენკავს ჩემს თავს ზემოთ იმ კალათიდან.
- 18მიუგო იოსებმა და უთხრა: ეს იქნება ახსნა: სამი კალათი სამი დღეა.
- 19სამი დღის შემდეგ აგწევს ფარაონი, ხეზე ჩამოგკიდებს და ფრინველები დაძიძგნიან შენს ხორცს.
- 20მესამე დღეს, ფარაონის დაბადების დღეს, გაუმართა ფარაონმა ლხინი თავის მორჩილებს და მოიკითხა თავის მორჩილთა შორის მწდეთუხუცესი და მეპურეთუხუცესი.
- 21დააბრუნა მწდეთუხუცესი თავის ადგილზე და იგი კვლავაც მიართმევდა ფარაონს თასს.
- 22ხოლო მეპურეთუხუცესი ხეზე ჩამოჰკიდა, როგორც განუმარტა მათ იოსებმა.
- 23არ გახსენებია მწდეთუხუცესს იოსები, დაავიწყდა.
იტვირთება შემდეგი თავი