დაბადება — საპატრიარქო – orthodoxy.ge
იტვირთება წინა თავი
თავი 39
- 1ჩაიყვანეს იოსები ეგვიპტეში და იყიდა იგი ფოტიფარმა, ფარაონის კარისკაცმა, ქონდაქართუხუცესმა, ეგვიპტელმა, ისმაელიანთაგან, რომელთაც ჩაიყვანეს.
- 2უფალი იყო იოსებთან და ყველაფერში ხელი ჰქონდა მომართული. ცხოვრობდა იგი თავისი ეგვიპტელი ბატონის სახლში.
- 3დაინახა მისმა ბატონმა, რომ უფალი იყო მასთან და რომ ყველა საქმეში ხელს უმართავდა უფალი.
- 4ჰპოვა იოსებმა მადლი მის თვალში და გახდა მისი მსახური. დაადგინა იგი ბატონმა თავისი სახლის ზედამხედველად და მთელი თავისი საბადებელი ჩააბარა.
- 5მას შემდეგ, რაც ჩააბარა თავისი სახლი და მთელი თავისი საბადებელი, აკურთხა უფალმა ამ ეგვიპტელის სახლი იოსების გამო და იყო უფლის კურთხევა ყველაფერზე, რაც კი ებადა მას შინ და გარეთ.
- 6მიანდო მთელი თავისი საბადებელი იოსებს და, ვიდრე იოსები მასთან იყო, სმა- ჭამის გარდა სხვა საზრუნავი არაფერი ჰქონია. მშვენიერი იყო იოსები თვალად და ტანად.
- 7ამ ამბების შემდეგ იყო, თვალი დაადგა მისი ბატონის ცოლმა იოსებს და უთხრა: დაწექი ჩემთან!
- 8იუარა და უთხრა თავის ბატონის ცოლს: რაც მასთან ვარ, საზრუნავი არაფერი აქვს სახლში ჩემს ბატონს; მთელი თავისი საბადებელი მე ჩამაბარა.
- 9ჩემზე დიდი არავინ არის ამ სახლში, არაფერი აუკრძალავს ჩემთვის, გარდა შენი თავისა, რადგან შენ ცოლი ხარ მისი. როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და შევცოდო ღმერთს?
- 10ყოველდღე ელაპარაკებოდა ქალი იოსებს, მაგრამ ვერ დაიყოლია, რომ მის გვერდით დაწოლილიყო და მასთან ყოფილიყო.
- 11ერთ დღეს, როცა იოსები შევიდა სახლში თავი საქმეზე და სახლეულთაგან შინ არავინ იყო.
- 12ჩაებღაუჭა ქალი სამოსელში და უთხრა: დაწექი ჩემთან! იოსებმა ხელში შეატოვა სამოსელი და გარეთ გავარდა.
- 13როცა დაინახა ქალმა, რომ ხელში შეატოვა იოსებმა სამოსელი და გარეთ გაიქცა,
- 14დაუძახა თავის სახლეულებს და უთხრა: შეხედეთ, ჩვენთან საარშიყოდ მოუყვანია ეს ებრაელი კაცი; შემოვიდა, ჩემთან დაწოლა მოინდომა, მე ყვირილი მოვრთე.
- 15როცა ნახა, რომ ხმას ავუმაღლე და ვიყვირე, ხელში შემატოვა თავისი სამოსელი და გარეთ გავარდა.
- 16გვერდით დაიდო ქალმა იოსების სამოსელი და ასე იყო მისი ბატონის შინ დაბრუნებამდე.
- 17უამბო ქმარს ეს ამბავი, ასე უთხრა: შემოვიდა შენი მოყვანილი ებრაელი მონა ჩემთან საარშიყოდ.
- 18როცა ყვირილი ავტეხე, შემატოვა თავისი სამოსელი და გარეთ გაიქცა.
- 19როცა მოისმინა ბატონმა ცოლის ნაამბობი, ასე და ასე მომექცაო შენი მონა, განრისხდა.
- 20ადგა და ჩააგდო ბატონმა იოსები საპყრობილეში, სადაც მეფის პატიმრები იყვნენ დამწყვდეული. და იყო იქ, საპყრობილეში.
- 21უფალი იყო იოსებთან და მოიღო მასზე წყალობა: მადლი აპოვნინა საპყრობილის უფროსის თვალში.
- 22ჩააბარა საპყრობილის უფროსმა იოსებს ყველა პატიმარი, ვინც კი საპყრობილეში იყო, და მის გარეშე იქ არაფერი ხდებოდა.
- 23საზრუნავი არაფერი ჰქონდა საპყრობილის უფროსს, რადგან უფალი იყო მასთან და ყველა საქმეში, რასაც აკეთებდა, უფალი უმართავდა ხელს.
იტვირთება შემდეგი თავი