დაბადება — საპატრიარქო – orthodoxy.ge
იტვირთება წინა თავი
თავი 38
- 1ამ ხანებში გამოეყო იუდა თავის ძმებს და დაესახლა ერთი ყადულამელის მეზობლად; რომელსაც სახელად ერქვა ხირა.
- 2დაინახა იქ იუდამ ქანაანელი კაცის, სახელად შუაყის, ასული, მოიყვანა და შევიდა მასთან:
- 3დაორსულდა და შვა ვაჟი; დაარქვა მას სახელად ყერი.
- 4კვლავ დაორსულდა და შვა ვაჟი; დაარქვა სახელად ონანი.
- 5კვლავ დაორსულდა და შვა ვაჟი; და დაარქვა სახელად შელა; მისი შობის დროს ქეზიბში იყო იუდა.
- 6მოუყვანა იუდამ ყერს, თავის პირმშოს, ცოლი, სახელად თამარი.
- 7არ მოსდიოდა თვალში უფალს ყერი, იუდას პირმშო, და მოაკვდინა იგი უფალმა.
- 8უთხრა იუდამ ონანს: შედი შენი ძმის ცოლთან, ექმრე მას და თესლი აღუდგინე შენს ძმას.
- 9იცოდა ონანმა, რომ მისი არ იქნებოდა ეს თესლი, და როცა შედიოდა ძმის ცოლთან, მიწაზე ღვრიდა მას, რომ ძმისთვის არ მიეცა თესლი.
- 10არ მოეწონა უფალს მისი საქციელი და ისიც მოაკვდინა.
- 11უთხრა იუდამ თამარს, თავის რძალს: იცხოვრე ქვრივად მამაშენის სახლში, ვიდრე ჩემი ძე შელა მოიწიფებოდეს. რადგან იფიქრა, მისი ძმებივით ესეც არ მოკვდესო. წავიდა თამარი და ცხოვრობდა მამამისის სახლში.
- 12კარგა ხანმა განვლო და მოკვდა შუაყის ასული, იუდას ცოლი. გამოიგლოვა იგი იუდამ და თიმნაში წავიდა თავისი ცხვრის მპარსველებთან, თან წაიყოლა ყადულამელი მოყვასი ხირა.
- 13ემცნო თამარს, აჰა, თიმნაში მიდისო შენი მამამთილი ცხვრის გასაპარსავად.
- 14გაიძრო ქალმა ქვრივის სამოსელი, მოსასხამი მოისხა, თავი დაიბურა და დაჯდა ყენაიმის კარიბჭესთან, თიმნას გზაზე. რადგან იცოდა, რომ მოწიფული იყო შელა, მაგრამ ცოლად არ მიუთხოვებიათ მისთვის.
- 15დაინახა ქალი იუდამ და მეძავი ეგონა, რადგან ქალს სახე დაფარული ჰქონდა.
- 16გზად ჩაუარა და უთხრა: მომიშვი შენთან. რადგან არ იცოდა, მისი რძალი რომ იყო. ქალმა უთხრა: რას მომცემ, ჩემთან რომ მოხვიდე?
- 17უთხრა იუდამ: თიკანს გამოგიგზავნი ფარიდან. უთხრა ქალმა: წინდს თუ მომცემ, ვიდრე თიკანს გამომიგზავნიდე?
- 18უთხრა იუდამ: რა მოგცე წინდად? უთხრა ქალმა: ეგ ბეჭედი, ეგ თასმა და ეგ არგანი, ხელში რომ გიჭირავს. მისცა იუდამ და შევიდა მასთან. დაორსულდა მისგან ქალი.
- 19ადგა ქალი და წავიდა; გადაიძრო მოსასხამი და კვლავ ქვრივის სამოსელი ჩაიცვა.
- 20გაუგზავნა იუდამ თიკანი თავისი ყადულამელი მოყვასის ხელით, რომ უკან დაებრუნებინა ქალისთვის მიცემული წინდი, მაგრამ ვერ იპოვა ყადულამელმა ქალი.
- 21ჰკითხა იმ ადგილის კაცებს: სად არის ის მეძავი ქალი, ყენაიმის კარიბჭესთან რომ იჯდა? უთხრეს: აქ არ ყოფილა მეძავი ქალი.
- 22დაბრუნდა იუდასთან და უთხრა: ვერ ვიპოვე ქალი. იქაურმა ხალხმაც მითხრა, არ ყოფილაო აქ მეძავი.
- 23უთხრა იუდამ: წაეღო ბარემ, რომ დასაცინი არ გავმხდარიყავით. აჰა, ხომ გაგატანე თიკანი, მაგრამ ვერ იპოვე ქალი.
- 24გავიდა სამიოდე თვე და ემცნო იუდას, გაბოზდაო თამარი, შენი რძალი, და დაორსულდაო კიდეც ბოზობით. თქვა იუდამ: გამოიყვანეთ, რათა დაიწვას.
- 25როცა გამოჰყავდათ, შეუთვალა ქალმა თავის მამამთილს: ვისიც ეს ნივთებია, მისგან ვარ ორსულად. აჰა, იცანი, ვისია ეს ბეჭედი, თასმები და არგანი.
- 26იცნო იუდამ და თქვა: ვტყუივარ ამ ქალთან, რომ არ მივათხოვე იგი შელას, ჩემს ვაჟს. ამის მერე აღარ შესულა იუდა თამართან.
- 27მშობიარობის ჟამი რომ დაუდგა, აჰა, ტყუპები არიან მის მუცელში.
- 28შობისას ერთმა ხელი გამოყო; აიღო ბებიაქალმა და მეწამული ძაფი შეაბა, თქვა: ეს გამოვიდა პირველად.
- 29როცა უკანვე შეაბრუნა ხელი, აჰა, გამოვიდა მისი ძმა და თქვა ბებიაქალმა: როგორ გამოარღვიე ზღუდე? ამიტომაც დაერქვა სახელად ფარეცი.
- 30მერე გამოვიდა მისი ძმა, ხელზე მეწამული ძაფი რომ ება, და დაერქვა სახელად ზარახი.
იტვირთება შემდეგი თავი