დაბადება — საპატრიარქო – orthodoxy.ge
იტვირთება წინა თავი
თავი 37
- 1დაემკვიდრა იაკობი მამამისის მდგმურობის ქვეყანაში, ქანაანის ქვეყანაში.
- 2აჰა, იაკობის მოდგმა. ჩვიდმეტი წლის ყმაწვილი იყო იოსები, რომ მწყემსავდა მამისეულ ფარას თავის ძმებთან, მამამისის ცოლების - ბილჰასა და ზილფას ვაჟებთან ერთად, და ცუდი ამბები მიჰქონდა მათზე მათ მამასთან.
- 3სხვა შვილებზე მეტად უყვარდა ისრაელს იოსები, რადგან მისი სიბერის შვილი იყო იგი. შეუკერა მას ჭრელი კვართი.
- 4დაინახეს ძმებმა, რომ ყველა ძმაზე მეტად უყვარდა იგი მამას და შეიძულეს, ვეღარ ელაპარაკებოდნენ მშვიდობიანად.
- 5დაესიზმრა იოსებს სიზმარი და უამბო თავის ძმებს და კიდევ უფრო შეიძულეს იგი ძმებმა.
- 6უთხრა მათ: მოისმინეთ ეს სიზმარი, რომელიც მესიზმრა:
- 7აჰა, ძნებს ვკონავთ შუაგულ ყანაში. აჰა, წამოდგა ჩემი ძნა და ზე აღიმართა, გარსშემოადგნენ თქვენი ძნები და თაყვანისცეს ჩემს ძნას.
- 8უთხრეს ძმებმა: ნუთუ ჩვენზე იმეფებ? ნუთუ პატრონად გაგვიხდები? და კიდევ უფრო მეტად შეიძულეს იგი მისი სიზმრისა და მისი სიტყვების გამო.
- 9კვლავ დაესიზმრა სხვა სიზმარი და უამბო ძმებს და უთხრა: კვლავ დამესიზმრა სიზმარი: აჰა, მზე და მთვარე და თერთმეტი ვარსკვლავი მცემენ თაყვანს.
- 10უამბო მამასა და ძმებს და გაკიცხა იგი მამამ და უთხრა: რა არის ეგ სიზმარი, რომ გესიზმრა? ნუთუ მე და დედაშენი და შენი ძმები უნდა გეახლოთ და თაყვანი გცეთ?
- 11შემოსწყრნენ ძმები იოსებს, ხოლო მამას გულში ჩარჩა ეს ამბავი.
- 12წავიდნენ მისი ძმები შექემში მამის ფარის დასამწყესად.
- 13უთხრა ისრაელმა იოსებს: შექემში არ მწყესავენ შენი ძმები? მოდი, გამეგზავნე მათთან. მანაც მიუგო: კარგი, ბატონო.
- 14უთხრა იაკობმა: წადი, გაიგე, როგორ არიან შენი ძმები, როგორ არის ფარა, და მომიტანე ამბავი. გაგზავნა ხებრონის ველიდან და ისიც მივიდა შექემს.
- 15იპოვა იგი მინდორში ვიღაც კაცმა გზააბნეული და ჰკითხა იმ კაცმა: რას ეძებ?
- 16უთხრა: ძმებს ვეძებ. მიმასწავლე, სად მწყემსავენ.
- 17უთხრა იმ კაცმა: წასული არიან აქედან. ყური მოვკარი, ამბობდნენ, დოთაინში წავიდეთო. იოსებიც გაჰყვა ძმების კვალს და დოთაინში მიაგნო მათ.
- 18შორიდან მოჰკრეს მას თვალი და ვიდრე ახლოს მოვიდოდა, განიზრახეს მისი მოკვლა.
- 19უთხრეს ერთმანეთს: შეხედეთ, მოდის ეს მესიზმრე.
- 20ახლა, მოდი, მოვკლათ და სადმე, ჭაში ჩავაგდოთ; ვთქვათ, ვითომ ნადირმა შეჭამა. მაშინ ვნახოთ, როგორ აუხდება სიზმრები.
- 21გაიგონა ეს რეუბენმა და იხსნა იგი მათი ხელიდან. თქვა: ნუ მოვკლავთ.
- 22უთხრა მათ რეუბენმა: ნუ დაღვრით სისხლს. უდაბნოში რომ ჭაა, იქ ჩააგდეთ; ნუ გაიმეტებთ სასიკვდილოდ. რომ ეხსნა მათი ხელიდან და მამასთან დაებრუნებინა.
- 23როგორც კი მივიდა ძმებთან იოსები, შემოაძარცვეს იოსებს მისი კვართი, ჭრელი კვართი, ზედ რომ ეცვა.
- 24აიღეს და ჭაში ჩააგდეს იოსები; ცარიელი იყო ჭა, წყალი არ იდგა.
- 25დასხდნენ პურის საჭმელად. გაიხედეს და დაინახეს: ისმაელიანთა ქარავანი მოდის გალაადიდან, აქლემებით მოაქვთ გუნდრუკი, ბალსამონი და შტახსი; მოაქვთ ეგვიპტეში ჩასატანად.
- 26უთხრა იუდამ ძმებს: რას გვარგებს ჩვენი ძმის მოკვლა და მისი სისხლის დაფარვა?
- 27მოდი, მივყიდოთ ისმაელიანებს; ხელს ნუ ვახლებთ, რადგან ჩვენი ძმაა, ჩვენი სისხლი და ხორცი. დაუჯერეს ძმებმა.
- 28ჩაიარეს მიდიანელმა ვაჭრებმა, ამოიყვანეს იოსები ჭიდან და მიჰყიდეს იოსები ისმაელიანებს ოც ვერცხლად. მათაც წაიყვანეს იოსები ეგვიპტეში.
- 29მიბრუნდა რეუბენი ჭასთან და, ხედავს, აღარაა ჭაში იოსები, და შემოიხია სამოსელი რეუბენმა.
- 30დაბრუნდა ძმებთან და უთხრა: აღარსადაა ბავშვი. რა ვქნა ახლა, სად წავიდე?
- 31აიღეს იოსების კვართი, დაკლეს თხა და მოსვარეს მისი სისხლით კვართი.
- 32აიღეს ჭრელი კვართი, მიუტანეს მამას და უთხრეს: ვიპოვეთ; ნახე, შენი შვილის კვართი ხომ არ არის?
- 33იცნო კვართი და თქვა: ჩემი შვილის კვართია! ნადირს შეუჭამია, ნადირს დაუგლეჯია იოსები!
- 34ტანზე შემოიხია იაკობმა, ჯვალო შემოირტყა წელზე და დიდხანს გლოვობდა შვილს.
- 35ანუგეშებდნენ იაკობს მისი ვაჟები და ასულები, მაგრამ არ სურდა ნუგეში და ამბობდა: მგლოვიარე ჩავალ ჩემს შვილთან შავეთში! დასტიროდა მას მამამისი.
- 36მიდიანელებმა მიჰყიდეს იგი ეგვიპტეში ფოტიფარს, ფარაონის კარისკაცს, ქონდაქართუხუცესს.
იტვირთება შემდეგი თავი