დაბადება — საპატრიარქო – orthodoxy.ge
იტვირთება წინა თავი
თავი 48
- 1ამ ამბების შემდეგ იყო, რომ უთხრეს იოსებს, ავად არისო მამაშენი. თან წაიყვანა თავისი ორი შვილი - მენაშე და ეფრემი.
- 2შეატყობინეს იაკობს და უთხრეს: აჰა, მოდის შენთან შენი შვილი იოსები. ძალი მოიცა ისრაელმა და წამოჯდა საწოლზე.
- 3უთხრა იაკობმა იოსებს: ყოვლადძლიერი ღმერთი გამომეცხადა ლუზში, ქანაანის ქვეყანაში, და მაკურთხა.
- 4მითხრა: აჰა, მოგაშენებ და გაგამრავლებ, ხალხების კრებულად გადაგაქცევ. შენი მომავალი მოდგმისათვის მომიცია ეს ქვეყანა სამარადისო სამფლობელოდ.
- 5ახლა ორი ძე გყავს, ეგვიპტის ქვეყანაში რომ შეგეძინა ჩემს მოსვლამდე; ჩემები არიან ისინი, ეფრემი და მენაშე, როგორც რეუბენი და სიმონი არიან ჩემები.
- 6ხოლო ბავშვები, მათ შემდეგ რომ შეგეძინება, შენი იქნებიან, თავიანთი ძმების სახელზე ჩაიწერებიან მათ სამკვიდროში.
- 7ფადანიდან წამოსულს მომიკვდა რახელი ქანაანის ქვეყნად, გზაში, ეფრათამდე არც ვიყავი მისული, და დავმარხე იქ, ეფრათის გზაზე, სადაც ახლა ბეთლემია.
- 8დაინახა ისრაელმა იოსების შვილები და თქვა: ესენი ვინ არიან?
- 9უთხრა იოსებმა მამას: ჩემი შვილებია, ღმერთმა რომ მომცა აქ. უთხრა: მომიყვანე და ვაკურთხებ.
- 10თვალს დააკლდა ისრაელს სიბერისგან, ცუდად ხედავდა; ახლოს მიუყვანა იოსებმა, მანაც გადაკოცნა ისინი და გულში ჩაიკრა.
- 11უთხრა ისრაელმა იოსებს: აღარ მეგონა თუ კიდევ გიხილავდი, ახლა კი ღმერთმა შენი მონაგარიც მახილვინა.
- 12აიყვანა ისინი იოსებმა მისი მუხლებიდან და მიწამდე თაყვანისცა.
- 13ხელი მოჰკიდა ორთავეს იოსებმა, ეფრემი ხელმარჯვნივ ჰყავდა, ისრაელის მარცხენა მხარეს, ხოლო მენაშე - ხელმარცხნივ, ისრაელის მარჯვენა მხარეს; და მიიყვანა მასთან.
- 14გაიწოდა მარჯვენა ხელი ისრაელმა და თავზე დაადო ეფრემს, რომელიც უმცროსი იყო, ხოლო მარცხენა ხელი მენაშეს დაადო თავზე. განზრახ დაასხა ასე ხელები, თუმცა პირმშო მენაშე იყო.
- 15აკურთხა იაკობმა და თქვა: ღმერთმა, რომლის წინაშე იარებოდა ჩემი მამა-პაპა, აბრაამი და ისაკი, ღმერთმა, რომელიც მმწყემსავს მე ჩემი გაჩენიდან დღესამომდე,
- 16ანგელოზმა, ჩემმა მხსნელმა ყოველი ბოროტისგან, აკურთხონ ეს ყმაწვილები, იწოდებოდნენ ჩემი სახელით, ჩემი მამა-პაპის სახელით, აბრაამისა და ისაკისა, დიდად გამრავლდნენ ამ ქვეყანაზე.
- 17დაინახა იოსებმა, რომ ეფრემს დაადო თავზე მამამისმა მარჯვენა ხელი და არ მოეწონა; დაიჭირა მამის ხელი, რომ ეფრემის თავიდან მენაშეს თავზე გადაენაცვლებინა.
- 18უთხრა იოსებმა მამას: ასე არა, მამაჩემო! პირმშო ეს არის, მის თავს დაადე შენი მარჯვენა.
- 19იუარა მამამისმა და უთხრა: ვიცი, შვილო, ვიცი. ესეც წარმოშობს ხალხს, ესეც განდიდდება, მაგრამ მისი უმცროსი ძმა მასზე მეტად განდიდდება, მისი თესლისაგან ურიცხვი ხალხი წარმოიშობა.
- 20აკურთხა ისინი იმ დღეს და თქვა: თქვენით აკურთხებს ისრაელი და იტყვის: ღმერთმა გქნას როგორც ეფრემი და როგორც მენაშე! და დააყენა ეფრემი მენაშეზე წინ.
- 21უთხრა ისრაელმა იოსებს: აჰა, მე ვკვდები. ღმერთი იქნება თქვენთან და დაგაბრუნებთ თქვენს მამა-პაპათა მიწაზე.
- 22შენთვის მომიცია საძმო წილსზევით ერთი ადგილი, რომელიც ამორეველებს წავართვი ჩემი მახვილითა და მშვილდით.
იტვირთება შემდეგი თავი