დაბადება — საპატრიარქო – orthodoxy.ge
იტვირთება წინა თავი
თავი 49
- 1მოუხმო იაკობმა შვილებს და უთხრა: შეიკრიბეთ, რომ გაგიმხილოთ რა შეგემთხვევათ მომავალ დღეებში.
- 2თავი მოიყარეთ და ისმინეთ, იაკობის ძენო! ისრაელს, მამათქვენს, უსმინეთ!
- 3რეუბენ! პირმშო ხარ ჩემი, ძალი ჩემი და სათავე ჩემი კაცობისა! შეუდრეკელი და შეუპოვარი.
- 4ზღვასავით ბობოქრობ, არ აღზევდები, რადგან ახვედი მამის საწოლზე, მაშინ შებღალე ჩემი სარეცელი.
- 5სიმონ და ლევი, ღვიძლი ძმები, ძალადობის ჭურჭელია მათი გული!
- 6მათ თათბირზე ნუმც მისულა სული ჩემი, მათ საკრებულოს ნუმც ზიარებულა ღირსება ჩემი! რადგან რისხვით მოკლეს კაცი და ბოროტი ნებით გამოძარღვეს ხარი.
- 7წყეულიმც იყოს მათი რისხვა, რადგან შეუპოვარია, და მათი გულისწყრომა, რადგან სასტიკია! დავაქუცმაცებ მათ იაკობში და მიმოვფანტავ ისრაელში!
- 8იუდა, გადიდებენ ძმები; მტრების ხერხემალს და დათრგუნავ ხელით! გეთაყვანებიან მამაშენის ნაშიერნი.
- 9ლომის ბოკვერია იუდა! წამომდგარხარ, შვილო, ნადავლით ხელში; წაიხარა, გაწვა ლომივით, ვინ გაბედავს მის წამოგდებას?
- 10არ წაერთმევა კვერთხი იუდას, არც არგანი ფერხთა შუიდან, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა.
- 11ვაზზე უბია თავისი ჩოჩორი, ვენახის ლერწზე - თავისი ვირის ნაშიერი; ღვინოში რეცხავს თავის სამოსელს, და ყურძნის სისხლში - თავის ტანსაცმელს.
- 12თვალები მისი - ღვინის უწითლესი, კბილები მისი - რძის უთეთრესი.
- 13ზაბულონი ზღვის პირას იმკვიდრებს, ნავსაყუდელთან ექნება სადგომი; სიდონს მისწვდება საზღვარი მისი.
- 14ისაქარი - ძვალმსხვილი ვირი, ბაკებში მწოლარე.
- 15ხედავს, კარგია მოსვენება, მიწა - საამური; ქედი წაუხრია ტვირთის წასაღებად, ხარკისთვის შრომობს.
- 16დანი - მსაჯული - თავისი ხალხის, ვითარცა ერთი შტო ისრაელის.
- 17გველი იქნება დანი გზაზე, უნასი - ბილიკზე; დამგესლავი ცხენის ქუსლისა; გადაექანება უკან მხედარი.
- 18შენგან მოველი ხსნას, უფალო!
- 19გადს მოადგებიან ურდოები, თავადაც კვალში ჩაუდგება.
- 20აშერისგან - პური ნოყიერი და გასცემს იგი სამეფო ნუგბარს.
- 21ნაფთალი - ფეხმარდი ირემი, სასიკეთო სიტყვათა მომტანი.
- 22ნაყოფიერი ნერგი იოსები, ნაყოფიერი ნერგი, წყაროსპირს დარგული, რტოებით გალავანზე გასული!
- 23გაამწარეს, დაისრეს, მტრობდნენ მოისარნი.
- 24შეურჩა მშვილდის ძლიერება, არ მოსდუნებია ხელის ძარღვები, იაკობის ღმრთისგან ძალამოცემული. აქედან არის მწყემსი, კლდე ისრაელის.
- 25მამაშენის ღმერთი შეგეწიოს და გაკურთხოს ყოვლადძლიერმა ზეცათა კურთხევით ზეგარდმო, უფსკრულის კურთხევით, ქვეგანრთხმულის, ძუძუთა და საშოს კურთხევით.
- 26მამაშენის კურთხევით, რომელიც უფრო ძლიერია, ვიდრე კურთხევა ჩემი მშობლებისა, ვიდრე მადლი საუკუნო მთათა; იყოს ეს იოსების თავზე და ძმათაგან გამორჩეულის თხემზე.
- 27ბენიამინი მგელია მტაცებელი, დილით ჭამს, საღამოთი იყოფს ნადავლს.
- 28ყველა ესენი ისრაელის თორმეტი შტოა. ეს უთხრა მათმა მამამ, როცა აკურთხა ისინი, თითოეული მისი კურთხევით აკურთხა.
- 29უანდერძა და უთხრა მათ: მივდივარ ჩემს ხალხთან; დამმარხეთ ჩემი მამა-პაპის გვერდით მღვიმეში, ყეფრონ ხეთელის მინდორში რომ არის,
- 30მღვიმეში, მახფელას მინდორში რომ არის, მამრეს პირდაპირ, ქანაანის ქვეყანაში, აბრაამმა რომ იყიდა ყეფრონ ხეთელისგან მინდორთან ერთად საკუთარ სამარხად.
- 31იქ დამარხეს აბრაამი და სარა, მისი ცოლი; იქ დამარხეს ისაკი და რებეკა, მისი ცოლი; იქ დავმარხე მე ლეა.
- 32ეს მინდორი და მღვიმე, იქ რომ არის, ხეთის ძეთაგანაა ნაყიდი.
- 33გაუსრულა იაკობმა ანდერძი შვილებს და აკრიბა ფეხები სარეცელზე; აღესრულა და შეერთო თავის ერს.
იტვირთება შემდეგი თავი