დაბადება — საპატრიარქო – orthodoxy.ge
იტვირთება წინა თავი
თავი 50
- 1გადაემხო იოსები მამას, დასტიროდა და ჰკოცნიდა.
- 2უბრძანა იოსებმა თავის მსახურ მკურნალებს, შეემურვათ მამამისი. და შემურვეს მკურნალებმა ისრაელი.
- 3გავიდა ორმოცი დღე და გასრულდა დაბალზამების ხანი; დასტიროდა მას ეგვიპტე სამოცდაათ დღეს.
- 4როცა გაიარა გლოვის დღეებმა, ელაპარაკა იოსები ფარაონის სახლს და უთხრა: თუ მიპოვნია მადლი თქვენს თვალში, სიტყვა შემაწიეთ ფარაონთან და ასე უთხარით:
- 5მამაჩემმა დამაფიცა და მითხრა: აჰა, ვკვდები მე. იმ ჩემს სამარხში დამმარხეთ, ქანაანის ქვეყნად რომ გავითხარეო. ახლა წავალ, დავმარხავ მამაჩემს და უკან დავბრუნდები.
- 6თქვა ფარაონმა: წადი და დამარხე მამაშენი, როგორც დაგაფიცა.
- 7წავიდა იოსები მამის დასამარხავად, და წაჰყვნენ მას ფარაონის მორჩილნი, მისი სახლის უხუცესნი და ეგვიპტის ქვეყნის ყველა უხუცესი.
- 8იოსების მთელი სახლი, მისი ძმები და მამამისის სახლი. მხოლოდ ბალღები და ცხვარ-ძროხა დატოვეს გოშენის მხარეში.
- 9დაიძრნენ მასთან ერთად ეტლები და მხედრები; შეიკრიბა დიდზე დიდი ბანაკი.
- 10მივიდნენ ატადის კალოსთან, იორდანეს გაღმა, და გამართეს იქ დიდი და უსაზომოდ მწარე გოდება. შვიდ დღეს გლოვობდა იოსები მამას.
- 11იხილეს ქანაანელებმა გლოვა ატადის კალოზე და თქვეს: მწარე გლოვა აქვთ ეგვიპტელებს. ამიტომაც ეწოდა ამ ადგილს იორდანეს გაღმა აბელ-მიცრაიმი (ეგვიპტელთა გლოვა).
- 12ყველაფერი ისე აღუსრულეს შვილებმა იაკობს, როგორც უანდერძა მათ.
- 13წაასვენეს იგი შვილებმა ქანაანის ქვეყანაში და დამარხეს მღვიმეში მახფელას მინდორზე, მამრეს გასწვრივ, რომელიც საკუთარ სამარხად იყიდა აბრაამმა მინდორთან ერთად ყეფრონ ხეთელისგან.
- 14დამარხეს მამა და დაბრუნდა იოსები ეგვიპტეში, იგი და მისი ძმები და ყველა, ვინც კი მამის დასამარხავად წაჰყვა.
- 15დაინახეს იოსების ძმებმა, რომ აღარ ჰყავთ მამა, და თქვეს: ვაითუ გვიმტროს იოსებმა და სამაგიერო გადაგვიხადოს ყველა ბოროტებისთვის, რაც მას ვუყავით.
- 16შეუთვალეს იოსებს: მამაშენმა დაგვიბარა სიკვდილის წინ.
- 17ასე უთხარით იოსებს: გევედრები, შეუნდე ცოდვა და დანაშაული ძმებს, თუმცა ბოროტად მოგექცნენ. ამიერიდან შეუნდე ცოდვა მამაშენის ღმერთის მსახურებს. ატირდა იოსები, როცა ეს უთხრეს.
- 18მოვიდნენ ძმებიც, დაემხნენ მის წინაშე და უთხრეს: აჰა, შენი მორჩილნი ვართ.
- 19უთხრა მათ იოსებმა: ნუ გეშინიათ. ღმერთი ხომ არა ვარ?
- 20თქვენ ბოროტი განიზრახეთ ჩემთვის, ხოლო ღმერთმა სიკეთედ ჩათვალა, რათა ისე მომხდარიყო, როგორც მოხდა: მრავალი ხალხის სიცოცხლე ეხსნა.
- 21ამიერიდან ნუღარ გეშინიათ: თქვენც შეგინახავთ და თქვენს ბავშვებსაც. დაამშვიდა ისინი და ანუგეშა.
- 22ცხოვრობდა იოსები ეგვიპტეში მამამისის მოდგმასთან ერთად. იცოცხლა იოსებმა ას ათი წელი.
- 23მოესწრო იოსები ეფრემის შვილთაშვილებს; მენაშეს ძის, მაქირის, შვილებიც იოსების მუხლებზე დაიბადნენ.
- 24უთხრა იოსებმა ძმებს: მე ვკვდები, მაგრამ ღმერთი მოგხედავთ, და წაგიყვანთ ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც შეჰპირდა იგი აბრაამს, ისაკს და იაკობს.
- 25დააფიცა იოსებმა ისრაელიანები: როცა ღმერთი მოგხედავთ, აქედან წაიღეთ ჩემი ძვლები.
- 26მოკვდა იოსები ას ათი წლისა, შემურვეს იგი და ჩაასვენეს კიდობანში, ეგვიპტეში.