დაბადება — საპატრიარქო – orthodoxy.ge
იტვირთება წინა თავი
თავი 7
- 1უთხრა უფალმა ნოეს: შედი კიდობანში მთელი შენი სახლითურთ, რადგან მართალ კაცად გცანი ჩემს წინაშე ამ თაობაში.
- 2ყოველი წმიდა პირუტყვისგან შვიდ-შვიდი წაიყვანე, მამალი და დედალი; უწმიდური პირუტყვისგან - ორ-ორი, მამალი და დედალი.
- 3ცის ფრინველისგანაც შვიდ-შვიდი, მამალი და დედალი, რათა გადარჩეს თესლი მთელს ქვეყანაზე.
- 4რადგან შვიდი დღის შემდეგ ორმოც დღესა და ორმოც ღამეს ვაწვიმებ ქვეყანაზე და წარვხოცავ მიწის პირისაგან ყოველ არსებას, რაც კი შემიქმნია.
- 5ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც უფალმა ღმერთმა დაარიგა.
- 6ექვსასი წლისა იყია ნოე, როცა წარღვნა მოხდა ქვეყნად.
- 7შევიდნენ ნოე და მისი შვილები, მისი ცოლი და მისი შვილების ცოლები კიდობანში, რომ განრიდებოდნვნ წარღვნას.
- 8წმინდა პირუტყვი და უწმიდური პირუტყვი, ფრინველი და ყოველი ქვეწარმავალი
- 9წყვილ-წყვილად შევიდნენ კიდობანში, დედალ-მამალი, როგორც ღმერთს ჰქონდა ნაბრძანები ნოესთვის.
- 10შვიდი დღის შემდეგ მოვიდა წარღვნა ქვეყნად.
- 11ნოეს ცხოვრების მეექვსასე წელს, მეორე თვეს, თვის მეჩვიდმეტე დღეს, - ამ დღეს მოსკდნენ დიდი უფსკრულის წყაროები და გაიხსნენ ცათა სარკმელები.
- 12აწვიმდა ქვეყანას ორმოცი დღე და ორმოცი ღამე.
- 13სწორედ ამ დღეს შევიდნენ კიდობანში ნოე, სემი, ქამი და იაფეთი - ნოეს შვილები და მათთან ერთად ნოეს ცოლი და მისი შვილების სამი ცოლი.
- 14ესენი და ყოველგვარი ცხოველი, ყოველგვარი პირუტყვი, ყოველგვარი ქვეწარმავალი, ყოველგვარი ფრინველი, ყოველი ჩიტი, ყოველი ფრთოსანი.
- 15შევიდა ნოესთან კიდობანში წყვილ-წყვილად ყოველი ხორციელი, რასაც კი სიცოცხლის სული ედგა.
- 16მოვიდა დედალ-მამალი ყოველი ხორციელისგან და შევიდა, როგორც ღმერთს ჰქონდა ნაბრძანები მისთვის; და დაუგმანა მათ კარი უფალმა.
- 17ორმოც დღეს იყო წარღვნა ქვეყანაზე. ადიდდა წყალი და ასწია კიდობანი, მოექცა იგი მიწის ზემოთ.
- 18გაძლიერდა წყალი და მეტისმეტად ადიდდა ქვეყნად, და გაცურდა კიდობანი წყლის ზედაპირზე.
- 19მეტისმეტად მომძლავრდა წყალი ქვეყანაზე და დაიფარა მაღალი მთები, რაც კი იყო მთელს ცისქვეშეთში.
- 20თხუთმეტი წყრთის სიმაღლეზე აიწია წყალმა მათ ზემოთ და დაიფარა მთები.
- 21მოისპო ყოველი ხორციელი, რაც კი იძვროდა ამქვეყნად, ფრინველი, პირუტყვი, მხეცი და ყოველი ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი, და ყოველი ადამიანი.
- 22ყველაფერი, რასაც კი სიცოცხლის სუნთქვა ჰქონდა ნესტოებში, ყველაფერი, რაც ხმელეთზე იყო, მოკვდა.
- 23აღიგავა ყოველი არსება, რაც კი მიწის პირზე იყო; ადამიანიდან დაწყებული პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე, ცის ფრინველამდე - ყველაფერი აღიგავა პირისაგან მიწისა. გადარჩნენ მხოლოდ ნოე და მასთან ერთად კიდობანში მყოფნი.
- 24მატულობდა წყალი დედამიწაზე ას ორმოცდაათი დღე.
იტვირთება შემდეგი თავი