დაბადება — საპატრიარქო – orthodoxy.ge
იტვირთება წინა თავი
თავი 8
- 1გაიხსენა ღმერთმა ნოე და ყოველი ცხოველი, ყოველი პირუტყვი, მასთან ერთად რომ იყო კიდობანში; და მოავლინა ღმერთმა ქვეყნად ქარი და დაყუდდა წყალი.
- 2დაიგმანენ უფსკრულის წყაროები და ცათა სარკმელები, და შეწყდა წვიმა.
- 3თანდათან მიიქცეოდა წყალი მიწიდან და იკლო წყალმა ას ორმოცდამეათე დღის ბოლოს.
- 4მეშვიდე თვეს, თვის მეჩვიდმეტე დღეს არარატის მთებს მიადგა კიდობანი.
- 5თანდათან იკლებდა წყალი მეათე თვემდე. მეათე თვის პირველ დღეს გამოჩნდა მთათა მწვერვალები.
- 6ორმოცი დღის შემდეგ გააღო ნოემ სარკმელი, კიდობნისთვის რომ ჰქონდა დატანებული.
- 7გამოუშვა ყორანი; მიფრინავდა იგი და უკანვე ბრუნდებოდა, ვიდრე დაშრებოდა წყალი დედამიწაზე.
- 8გაუშვა მტრედი, რომ გაეგო - თუ დაიკლო წყალმა მიწის პირზე.
- 9ვერ იპოვა მტრედმა ბრჭყალის მოსაჭიდი და უკანვე მოუბრუნდა კიდობანში, რადგან ჯერ კიდევ იდგა წყალი მთელს მიწის პირზე; გაიწოდა ხელი ნოემ, აიყვანა იგი და შეიყვანა კიდობანში.
- 10შვიდ დღეს კიდევ იცადა და ხელახლა გაუშვა მტრედი კიდობნიდან.
- 11დაუბრუნდა მტრედი საღამოჟამს და, აჰა, ზეთისხილის ნედლი რტო ეჭირა ნისკარტით. მიხვდა ნოე, რომ დამწდარიყო წყალი დედამიწაზე.
- 12შვიდ დღეს დაიცადა კიდევ და გაუშვა მტრედი; აღარ მობრუნებულა იგი მასთან.
- 13ექვსასმეერთე წელს, პირველი თვის დამდეგს დაშრა წყალი ქვეყნად; ახადა ნოემ სახურავი კიდობანს და ხედავს, აჰა, გამშრალია მიწის პირი.
- 14მეორე თვის ოცდამეშვიდე დღეს გამოშრა დედამიწა.
- 15ასე უთხრა ღმერთმა ნოეს:
- 16გამოდით კიდობნიდან შენ და შენი ცოლი, შენა შვილები და მათი ცოლები.
- 17ყველა ცხოველი შენთან მყოფი, ყველა ხორციელი, ფრინველი, პირუტყვი, და ყველა ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი, გამოიყვანე შენთან ერთად; მოეფინონ ქვეყანას, ინაყოფიერონ და გამრავლდნენ ქვეყნად.
- 18გამოვიდა ნოე და მასთან ერთად მისი შვილები, მისი ცოლი და მისი შვილების ცოლები.
- 19ყოველი ცხოველი, ყოველი პირუტყვი, ყოველი ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი, ყოველი ფრინველი, თავ-თავისი გვარისდა მიხედვით გამოვიდა კიდობნიდან.
- 20აუგო ნოემ სამსხვერპლო უფალს, თითო-თითო ამოარჩია ყოველი წმიდა პირუტყვიდან და ყოველი წმიდა ფრინველიდან და აღსავლენად მიიტანა სამსხვერპლოზე.
- 21იყნოსა უფალმა კეთილსურნელება და თქვა უფალმა თავისთვის: ამიერიდან აღარ დავწყევლი მიწას ადამიანის გამო, რადგან ბოროტისკენაა მიდრეკილი ადამიანის გულისთქმა მისი სიყრმიდანვე. მეტად აღარ გავანადგურებ ცოცხალ არსებას, როგორც მოვიქეცი.
- 22ვიდრე ქვეყანა იქნება - არც თესვა და მკა, არც ყინვა და სიცხე, არც ზაფხული და ზამთარი, არც დღე და ღამე არ გაუქმდება.
იტვირთება შემდეგი თავი