დაბადება — საპატრიარქო – orthodoxy.ge
იტვირთება წინა თავი
თავი 9
- 1აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი შვილები და უთხრა: ინაყოფიერეთ, იმრავლეთ და აავსეთ ქვეყანა.
- 2თქვენი შიში და ძრწოლა ჰქონდეს მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყოველ სულდგმულს, რაც კი იძვრის დედამიწაზე, და ზღვის ყველა თევზს. თქვენს ხელთ არიან ისინი.
- 3ყოველი იძვრისი, რაც კი ცოცხლობს, საჭმელად გქონდეთ; როგორც მწვანე ბალახს, ისე გაძლევთ ყველაფერს.
- 4ოღონდ ხორციელს ცოცხლად, მის სისხლთან ერთად ნუ შეჭამთ.
- 5მე კი თქვენს სისხლს თქვენი სიცოცხლის წილ მოვიკითხავ, ყოველ მხეცს მოვკითხავ, ადამიანს მოვკითხავ, თქვენ მოგკითხავთ ერთმანეთის სიცოცხლეს.
- 6ვინც ადამიანის სისხლს დაღვრის, ადამიანის მიერვე დაიღვრება მისი სისხლი, რადგან ღვთის ხატად შეიქმნა ადამი.
- 7ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, მოეფინეთ ქვეყანას და გამრავლდით მასზე.
- 8უთხრა ღმერთმა ნოეს და მის შვილებს მასთან ერთად:
- 9აჰა, გიდებთ აღთქმას თქვენ და თქვენს შთამომავლობას,
- 10ყოველ სულდგმულს, რომელიც კი თქვენთან არის, ფრინველს, პირუტყვს, მიწის ყველა მხეცს, რომელიც კი თქვენთან არის, ყველას, კიდობნიდან გამოსულს,
- 11გიდებთ აღთქმას, რომ აღარ აღგვის ხორციელს წარღვნა და აღარ მოვა წარღვნა ქვეყნის დასაღუპავად.
- 12თქვა უფალმა ღმერთმა: ეს იყოს ნიშანი აღთქმისა, რომელსაც ვდებ ჩემსა და თქვენს შორის, და თქვენთან მყოფ ყოველ სულდგმულს შორის, თაობიდან თაობამდე, სამარადისოდ;
- 13ვდებ ჩემს ცისარტყელას ღრუბელში ნიშნად აღთქმისა ჩემსა და ქვეყანას შორის.
- 14როდესაც ქვეყანას ღრუბლით დავღრუბლავ და გამოჩნდება ღრუბელში ცისარტყელა,
- 15მაშინ გავიხსენებ აღთქმას ჩემსა და თქვენს შორის, ყოველ ხორციელ სულდგმულს შორის, და აღარ გადაიქცევა წყალი წარღვნად ყოველი ხორციელის დასაღუპავად.
- 16გამოჩნდება ჩემი ცისარტყელა ღრუბელში, დავინახავ მას და გავიხსენებ მარადიულ აღთქმას ღმერთსა და ყოველ ხორციელ სულდგმულს შორის, რაც კი არის ამქვეყნად.
- 17უთხრა ღმერთმა ნოეს: ეს იყოს ნიშანი ჩემი აღთქმისა, რომელიც დაგიდევით თქვენ და ყოველ ხორციელს, რაც კი არის ამქვეყნად.
- 18ესენი იყვნენ ნოეს შვილები, კიდობნიდან რომ გამოვიდნენ: სემი, ქამი და იაფეთი. ქამი იყო ქანაანის მამამთავარი.
- 19ეს სამნი იყვნენ ნოეს შვილები, მათგან მთელი დედამიწა იქნა დასახლებული.
- 20დაიწყო ნოემ მიწისმუშაკობა და გააშენა ვენახი.
- 21შესვა ღვინო, დათვრა და გაშიშვლდა თავის კარავში.
- 22დაინახა ქამმა, ქანაანის მამამთავარმა, მამის სიშიშვლე და შეატყობინა გარეთ თავის ორ ძმას.
- 23აიღეს სემმა და იაფეთმა სამოსელი, მოისხეს მხრებზე, უკუსვლით მივიდნენ და დაფარეს მამის სიშიშვლე. პირი უკან ჰქონდათ მიქცეული და მამის სიშიშვლე არ დაუნახავთ.
- 24გამოფხიზლდა ნოე ღვინისაგან და შეიტყო, როგორ მოეპყრა მას უმცროსი ვაჟი.
- 25თქვა: წყეულიმც იყოს ქანაანი! თავისი ძმების მორჩილთა მორჩილი იყოს!
- 26თქვა: კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი სემისა! მორჩილად გაუხდეს მას ქანაანი!
- 27განუფართოს ღმერთმა იაფეთს, სემის კარვებში დაემკვიდროს! დაემორჩილოს მას ქანაანი!
- 28იცოცხლა ნოემ წარღვნის შემდეგ სამას ორმოცდაათი წელი.
- 29სრული ხანი ნოესი იყო ცხრაას ორმოცდაათი წელი, და მოკვდა.
იტვირთება შემდეგი თავი