დაბადება — სბს–სტოკჰოლმი 2001
თავი 1
- 1დასაწყისში შექმნა ღმერთმა ცა და მიწა.
- 2და მიწა იყო უსახურ-უდაბური, და იყო ბნელი უფსკრულის პირზე. და სული ღვთისა იძვროდა წყლის პირზე.
- 3და თქვა ღმერთმა: “იყოს ნათელი!” და იქმნა ნათელი.
- 4და იხილა ღმერთმა ნათელი, რომ კარგი იყო, და გაჰყო ნათელი ბნელისაგან.
- 5და უწოდა ღმერთმა ნათელს დღე და ბნელს უწოდა ღამე. და იყო საღამო და იყო დილა - ერთი დღე.
- 6და თქვა ღმერთმა: “იყოს მყარი წყლებს შორის მათ გამყოფად”.
- 7და შექმნა ღმერთმა მყარი, და გაყო ღმერთმა მყარს ქვემო წყალი მყარს ზემო წყლისაგან. და იქმნა ასე.
- 8და უწოდა ღმერთმა მყარს ცა. და იყო საღამო და იყო დილა - მეორე დღე.
- 9და თქვა ღმერთმა: “შეგროვდეს მთელი ცისქვეშეთის წყალი ერთად და გამოჩნდეს ხმელეთი”. და იქმნა ასე.
- 10და უწოდა ღმერთმა ხმელეთს მიწა და შეგროვილ წყალს - ზღვები. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
- 11და თქვა ღმერთმა: “აღმოაცენოს მიწამ მცენარე, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი - მიწაზე თავისი გვარისამებრ, თესლოვანი ნაყოფის მომტანი”. და იქმნა ასე.
- 12და აღმოაცენა მიწამ მცენარე, თესლის მთესველი და ხე ნაყოფიერი - მიწაზე თავისი გვარისამებრ, თესლოვანი ნაყოფის მომტანი. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
- 13და იყო საღამო და იყო დილა - მესამე დღე.
- 14და თქვა ღმერთმა: “იყვნენ მნათობნი ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, და იყვნენ ისინი ნიშნებად, რომ აღნიშნონ წელიწადის დრონი, დღენი და წელნი.
- 15და იყვნენ ცის მყარზე მანათობლად, რათა მისცენ ნათელი მიწას”. და იქმნა ასე.
- 16და გააჩინა ღმერთმა ორი დიდი მნათობი: უფრო მოზრდილი მნათობი - დღის განმგებლად, და უფრო მცირე მნათობი - ღამის განმგებლად, და ვარსკვლავები.
- 17და დასხა ისინი ცის მყარზე მიწის გასანათებლად,
- 18რათა განეგოთ დღე და ღამე და გაეყარათ ნათელი და ბნელი. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
- 19და იყო საღამო და იყო დილა - მეოთხე დღე.
- 20და თქვა ღმერთმა: “აივსოს წყალი ცოცხალი არსებებით, და ფრინველებმა იფრინონ მიწის ზემოთ, ცის მყარზე”.
- 21შექმნა ღმერთმა დიდი ვეშაპები და სხვადასხვა ქვეწარმავალნი, მათი გვარისამებრ, რომელთაც აავსეს წყალი, და ყველა ფრთოსანი ფრინველი მათი გვარისამებრ. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
- 22და აკურთხა ისინი ღმერთმა: “ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, და გაავსეთ ზღვის წყლები, და ფრინველმა იმრავლოს მიწაზე”.
- 23და იყო საღამო და იყო დილა - მეხუთე დღე.
- 24და თქვა ღმერთმა: “წარმოშვას მიწამ ცოცხალი არსებანი მათი გვარისამებრ - პირუტყვი, ქვეწარმავალნი და მიწის მხეცები მათი გვარისამებრ.” და იქმნა ასე.
- 25და შექმნა ღმერთმა ცხოველნი მიწისა მათი გვარისამებრ, და პირუტყვი - მისი გვარისამებრ, და ყოველი ქვეწარმავალი მიწისა - მისი გვარისამებრ. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
- 26და თქვა ღმერთმა: “შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად. და ბატონობდეს თევზებზე ზღვაში და ცის ფრინველებზე, და პირუტყვზე მთელს ქვეყანაზე, და ყოველ ქვეწარმავალზე, რომელიც იძვრის მიწაში”.
- 27და შექმნა ღმერთმა ადამიანი თავის ხატად - ღვთის ხატად შექმნა იგი. და შექმნა ისინი მამაკაცად და დედაკაცად.
- 28და აკურთხა ისინი ღმერთმა და უთხრა მათ ღმერთმა: “ინაყოფიერეთ და გამრავლდით, და აღავსეთ ქვეყანა და დაეუფლეთ მას; და ბატონობდეთ ზღვის თევზებზე და ციურ ფრინველებზე, და ყოველ ცხოველზე, რომელიც კი მიწაზე დაცოცავს”.
- 29და თქვა ღმერთმა: “აჰა, მოგეცით თქვენ ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რომელიც მიწის პირზეა, და ყოველი ხე, რომელზეც თესლის მთესველი ნაყოფია - საჭმელად;
- 30და ყოველ ცხოველს მიწისას, და ყოველ ფრინველს ცისას და ყოველ ქვეწარმავალს მიწაზე, რომელშიც ცოცხალი სულია, მივეცი მე მცენარეები საკვებად”. და იქმნა ასე.
- 31და იხილა ღმერთმა ყოველივე, რაც შექმნა, და ძალზე კარგი იყო. და იყო საღამო და იყო დილა - მეექვსე დღე.
იტვირთება შემდეგი თავი