დაბადება — სბს–სტოკჰოლმი 2001
იტვირთება წინა თავი
თავი 2
- 1და გასრულდა ცა და მიწა, და მთელი მათი მხედრობა.
- 2და მეშვიდე დღეს დაასრულა ღმერთმა თავისი საქმე. და დაისვენა მეშვიდე დღეს ყოველი თავისი საქმისაგან, რასაც აკეთებდა.
- 3და აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმიდაჰყო იგი, რადგან ამ დღეს დაისვენა ყოველი თავისი საქმისაგან, რასაც ღმერთი აკეთებდა.
- 4ეს არის დაბადება ცისა და მიწისა, როცა უფალი ღმერთი ქმნიდა ცას და მიწას:
- 5არცერთი ბუჩქი მინდვრისა ჯერ არ იყო მიწაზე და არც ბალახი მინდვრისა ჯერ არ აღმოცენებულიყო, რადგან უფალ ღმერთს ჯერ არ ეწვიმებინა მიწაზე, და არ იყო კაცი, რომ დაემუშავებინა მიწა.
- 6და ორთქლი ადიოდა მიწიდან და რწყავდა მიწის მთელ ზედაპირს.
- 7და გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა, და იქმნა კაცი ცოცხალ არსებად.
- 8და გააშენა უფალმა ღმერთმა ბაღი ედემში, აღმოსავლეთით, და დასვა იქ კაცი, რომელიც მან შექმნა.
- 9და აღმოაცენა უფალმა ღმერთმა მიწიდან ხეები წარმტაცნი საცქერლად და გემრიელი საჭმელად. და შუაგულ ბაღში იყო ხე სიცოცხლისა, და ხე კეთილისა და ბოროტის შეცნობისა.
- 10და მდინარე ედემიდან გამოედინებოდა ბაღის მოსარწყავად და შემდეგ იყოფოდა ოთხ ტოტად:
- 11ერთის სახელი იყო ფიშონი; ის გარს უვლიდა ხავილას ქვეყანას, სადაც ოქრო იყო.
- 12და იმ ქვეყნის ოქრო კარგი იყო. და იქ იყო ბროლი და ზურმუხტის ქვა.
- 13და მეორე მდინარის სახელი იყო გიხონი. იგი გარს უვლიდა მთელს ქუშის ქვეყანას.
- 14და მესამე მდინარე იყო ტიგროსი. იგი მიედინებოდა აშურის აღმოსავლეთით. და მეოთხე მდინარე - ევფრატი.
- 15და აიყვანა უფალმა ღმერთმა ადამი და დასვა იგი ედემის ბაღში, რათა დაემუშავებინა და დაეცვა იგი.
- 16და უთხრა უფალმა ღმერთმა ადამს: “ბაღის ყოველი ხისაგან შეგიძლია ჭამო,
- 17მაგრამ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხიდან არ ჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ ამ ხის ნაყოფს, სიკვდილით მოკვდები.
- 18და თქვა უფალმა ღმერთმა: “არაა კარგი ადამის მარტოობა! შევუქმნათ მას შესაფერისი შემწე.”
- 19და გამოსახა უფალმა ღმერთმა მიწისაგან ყველა ცხოველი მინდვრისა და ყველა ფრინველი ცისა, და მიიყვანა ადამთან, რათა ეხილა, რას უწოდებდა მათ; და რასაც უწოდებდა ადამი ყოველ ცოცხალ არსებას, იგი იქნებოდა სახელი მისი.
- 20და უწოდა ადამმა სახელები ყველა პირუტყვს, ციურ ფრინველთ და მინდვრის ყველა ცხოველს, მაგრამ არც ერთი არ იყო მისი შესაფერისი შემწე.
- 21და მოჰგვარა უფალმა ღმერთმა ღრმა ძილი ადამს. და როცა დაეძინა, ამოუღო ერთი ნეკნთაგანი და კვლავ დაფარა ხორცით ის ადგილი.
- 22და აუშენა უფალმა ღმერთმა ადამისაგან ამოღებული ნეკნი დედაკაცად, და მიიყვანა იგი ადამთან.
- 23და თქვა ადამმა: “ეს ძვალი ჩემს ძვალთაგანია, ეს ხორცი ჩემს ხორცთაგანია. და ეწოდოს მას დედაკაცი, რადგან კაცისგანაა გამოღებული იგი.
- 24და ამიტომ მიატოვებს კაცი თავის მამას და თავის დედას და მიეკრობა თავის დედაკაცს. და იქნებიან ისინი ერთ ხორცად.”
- 25და იყვნენ ორივენი შიშვლები, ადამი და მისი დედაკაცი, და არ რცხვენოდათ.
იტვირთება შემდეგი თავი